ვახტანგ შამუგია
17.01.2017

 ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ინაუგურაციის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრეც კი არ ღალატობს იმიჯს და მორიგ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. ამჯერად გერმანელ და ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ის ნატოს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაცია მოძველდა.

"უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატოს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის წინ დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ დავიცვათ ეს ქვეყნები. ეს უსამართლობაა!", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ნატო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, თუმცა ის გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.

დონალდ ტრამპი ნატოს წევრ ქვეყნებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას აკრიტიკებდა. 3 აპრილს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ თუ ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა "საწევრო თანხის გადახდას არ ისწავლის, მას ნატოს დატოვება მოუწევს. ამან შეიძლება ნატო დაშალოს კიდეც, მაგრამ არაუშავს", - განაცხადა მან წინასაარჩევნო კამპანიისას.

ამერიკის ახალი პრეზიდენტის მსგავსი კომენტარები ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი მისი წინამორბედებისაგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. აშშ-ს მოკავშირეები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დაძაბულნი ადევნებენ თვალყურს ტრამპის განცხადებებს და ცდილობენ მისი პირველი ნაბიჯების გამოცნობას. რამდენად სამართლიანია დონალდ ტრამპის განცხადება ნატოსთან მიმართებაში, როგორ პოლიტიკას გაატარებს იგი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან მიმართებაში და რაც ჩვენთვის ყველაზე მნშვნელოვანია, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი ამ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რიგი მიმართულებებით, ბევრი სირთულე შეუქმნა. ეს კი ნატოს გაძლიერებას მხარს არ უჭერს და მის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ალიანსის მთავარი მოთამაშის მხრიდან მსგავსი განცხადება კი მისი სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს დისკომფორტს უქმნის.

კორნელი კაკაჩიას აზრით, გადასახადებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კრიტიკა სამართლიანია. არსებული შეთანხმებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავიანთი მშპ-ს სულ მცირე 2% უნდა გაიღონ, თუმცა, როგორც ჩანს, ალიანსის შემადგენლობაში მყოფ სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილი ამ ვალდებულების შესრულებას არ ჩქარობს.

რიგით ამერიკელებს უკვე მობეზრდათ საერთაშორისო ორგანიზაციების მხოლოდ საკუთარი ჯიბიდან დაფინანსება.

სწორედ ამომრჩევლების ამ უკმაყოფილებაზე ამახვილებს დონალდ ტრამპი ყურადღებას. თუმცა, რაც უნდა იყოს, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალიან უცნაურია. ბევრ ევროპელ ლიდერს ეს შეშფოთების საფუძველს აძლევს და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

შეგახსენებთ, 2016 წელს ნატოს ბიუჯეტმა 900 მლრდ. დოლარი შეადგინა, საიდანაც 650 მლრდ. აშშ-ს მიერ იყო გაღებული. ნატოს მომავალ სამიტზე, ბრიუსელში, რომელსაც, როგორც უკვე ცნობილია, ქართული მხარე არ დაესწრება, განხილვის თემა სწორედ მსგავსი საორგანიზაციო საკითხები იქნება. სავარაუდოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსების პრინციპში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად აქტიურად გააგრძელებს ვაშინგტონი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის პოლიტიკას, რადგანაც მისი თქმით, დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს. ასე მაგალითად, თუ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ჯეიმს მატისი რუსეთთან მიმართებით უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა, თავად ტრამპი და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობის მქონე ქვეყნებთან მიმართებაში დისტანცირებას არჩევენ.

"ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი პრეზიდენტის მიერ პირველი ნაბიჯების გადადგმამდე, ძალზე რთულია რამე კონკრეტულის თქმა. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლებას არასასიამოვნო გაურკვევლობას უქმნის.

"სწორედ ამიტომ, ამერიკაში მყოფმა ქართველმა დიპლომატებმა განსაკუთრებული ყურადღება და მაღალი აქტივობა უნდა გამოიჩინონ, რათა იპოვონ ახალი, გავლენიანი პარტნიორები. მათ უნდა იღონონ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს თემა ვაშინგტონში კვლავ აქტუალური დარჩეს და ჩვენი ინტერესები აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგ პოლიტიკურ გადატვირთვას არ შეეწიროს", - უთხრა "რეზონანსს" კორნელი კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×