ლარიზაციის პროგრამაში მონაწილეობა მსესხებლების ნაცვლად, სარგებელს საბანკო სექტორისთვის მოიტანს - ასე ფიქრობს ეკონომისტთა ნაწილი. მათი აზრით, ეს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისთვის თავსმოხვეული პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციაზე მთავრობა დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იგრძნობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზეც, რომ პროექტის დეტალები ბუნდოვანია და მისი გაგება არათუ რიგით მოქალაქეებს, ეკონომისტებსაც კი უჭირთ.
სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.
ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მოემსახურება. მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო, ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 აშშ დოლარს.
მთავრობაში თვლიან, რომ ლარიზაცია შეამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას.
სპეციალისტებს კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თსუ-ის პროფესორ დავით ასლანიშვილის აზრით, ლარიზაციის პროგრამა გაცილებით დიდი სარგებლის მომტანია კომერციული ბანკებისთვის, ვიდრე იმ მსესხებლებისთვის, რომელთა მდგომარეობის შესამსუბუქებლადაც პროექტი ხორციელდება.
"პროექტში მთელი რიგი დეტალები ბუნდოვანია. სოციალური ეფექტი რომ მოვაშოროთ, ხელში გვაქვს ის, რომ კომერციულ ბანკებს ექნებათ 100 ათას ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტრაში სესხად გაცემის შესაძლებლობა. ამასთან, შეზღუდვები დაწესდა ონლაინ სესხებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თამასუქებზე, რაც საბოლოოდ კომერციული ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. სებ-მა განაცხადა ასევე, რომ საჭიროების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მიაწვდის უცხოურ ვალუტას, ალბათ დასჭირდებათ გადასატანი სესხები, რომელიც აქვთ დოლარში გაცემული და რომლის გალარება მოხდება.
თუ ქვეყნისთვის სიკეთის კეთება უნდათ, პირველ რიგში, საფონდო ბაზარი უნდა გამოგლიჯონ კომერციულ ბანკებს ხელიდან, რითაც არასაბანკო სექტორს ფინანსებზე წვდომას უზღუდავენ", - აცხადებს ასლანიშვილი და დასძენს, რომ უპრიანი იქნება, თუკი სახელმწიფო მოხელეებს უცხოურ ვალუტაში თანხის დაბანდებას აუკრძალავენ, რაც ლარის გამყარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
ლარიზაციის მიმართ უნდობლობლადაა განწყობილი ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, ლარიზაცია სინამდვილეში პიარ-აქციაა, რომელიც სებ-ის ხელში "სოციალური შეღავათით" შეინიღბა.
"სესხების გალარების პროგრამა, რომელიც სოციალურ აქციად შერაცხეს, სინამდვილეში პიარ-აქციაა. ეს იდეა აშკარად დაიბადა ეროვნული ბანკის წიაღში და მანვე მთავრობას თავს მოახვია. პროექტის დაწყებამდე ბევრმა კლიენტმა წინასწარ მიმართა კომერციულ ბანკებს, რათა სარგებელი დაეთვალა. აღმოჩნდა, რომ შეღავათი დიდად არ აქვთ. გარდა იმისა, რომ კომერციული ბანკები გაზრდიან სესხზე საპროცენტო განაკვეთს ლარში, ქმნიან ალბათობას, რომ მსესხებელს ლარში გადასახადი გაეზარდოთ. ამას ემატება ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ნამდვილად მოიმატებს და ეს მსყიდველუნარიანობაზეც იმოქმედებს, რაც საბოლოოდ სესხის მომსახურებასაც გააძვირებს.
შეღავათს ვერ ვხედავ მსესხებლისთვის, მაგრამ ბანკები საკმაოდ დიდ ბონუსებს მიიღებენ. 65 მლნ ლარი პირველი ბონუსია, რომელიც სებ-მა გამოყო და კომბანკების ჯიბეში ჩაჩხრიალდება, მეორე კი, მათი საკრედიტო პორტფელების ხარისხის ზრდაა. ამდენად, აქციით მხოლოდ ბანკები მოიგებენ", - აცხადებს ელიავა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, სესხის გალარებისას საპროცენტო განაკვეთი იქნება საბაზრო. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მიიღებს იმავე პროცენტს, რაც არის დღეს ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე დადგენილი. დღეის მდგომარეობით იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის 10%-ის ფარგლებში და დაახლოებით, ასეთი უნდა იყოს გალარებულ სესხებზეც.