"რეზონანსის" გაანგარიშება გამართლდა, ექსპორტი ექვსწლიან მინიმუმზეა. შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი კიდევ 4%-ით შემცირდა და 2011 წლის მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, არაფერი შეცვლილა იმპორტის კუთხით და ისევ პიკურ მაჩვენებელზეა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,985 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში იმპორტის კუთხით მკვეთრი ზრდა აღინიშნა (საუბარია 28%-იან მატებაზე), რაც შეიძლება უკავშირდებოდეს აქციზის გადასახადების დაწესების წინა პერიოდში იმპორტიორების მხრიდან პროდუქციის მომარაგებას.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული და ჯერჯერობით ვითარების გამოსწორების გზა არ ჩანს.
ექსპორტმა დეკემბერში 2,114 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და 2010 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეშვა, ხოლო იმპორტი 9,871 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7,757 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.
"აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა "ცე" ჰეპატიტის მედიკამენტების შემოტანა, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მლნ აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია", - ნათქვამია "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმას, რომ ექსპორტში პრობლემის ძირითადი მიზეზი წარმოების დეფიციტია, ექსპერტი პაატა შეშელიძე ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს. მისი აზრით, საექსპორტო მაჩვენებლების გაუარესება, ძირითადად, სავალუტო კრიზისს უკავშირდება, რამაც ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად შეარყია.
"ექსპორტის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასტაბილური კურსია. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ლარი მუდმივად უფასურდება. იმის მტკიცება, რომ ეს პროცესი ექსპორტისთვის ხელსაყრელია, სრული სიცრუეა. როგორ შეიძლება, ადამიანების გაღარიბება კარგი იყოს! ეს გამოჩნდა კიდევაც, ეკონომიკური ურთიერთობები აირდაირია.
მთავარი ფაქტორი ექსპორტისთვის არის სავალუტო კურსი და სარგებლის განაკვეთი ქვეყანაში, რომელიც ძალიან დაბალია. ინვესტორების პასიურობაც დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ ფული დააბანდონ და ინვესტორების ნდობა გამოიწვიონ, ფაქტობრივად, დევნიან უცხოურ კაპიტალს, რაც საბოლოოდ ქვეყანას აღარიბებს", - აცხადებს შეშელიძე და დასძენს, რომ მონეტარული სისტემის მოწესრიგება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გარდატეხის საშუალებას მოგვცემს.
"არ შეიძლება ეროვნული ბანკი, როგორიც გვაქვს დღეს, ამ ფორმით არსებობდეს. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს განსხვავებული და არა ნებელობითი. წარმოუდგენელია, თვეში ერთხელ იკრიბებოდეს საბჭო და წყვეტდეს, როგორი იყოს სარგებლის განაკვეთი, რაც სინამდვილეში ბაზარმა უნდა გვიკარნახოს. საბჭოს გადაწყვეტილებები, შეიძლება, ბაზრის მოთხოვნებს არ ემთხვეოდეს, რის გამოც ფასწარმოქმნის სისტემა არეულია. ხელოვნურად უშვებენ ზედმეტ ფულს, ვიდრე საჭიროა და აუფასურებენ ლარს, რაც არანაირი ეკონომიკური აუცილებლობით არ არის განპირობებული. ყველაფერი ეს აქრობს მოტივაციას და ვერც წარმოება ვითარდება.
რაც შეეხება იმპორტს, მომარაგება, რაც წლის ბოლოს გაკეთდა, დროებითი მოვლენაა. სავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი ფინანსური ბალანსია, რაზეც აქცენტი უნდა კეთდებოდეს", - აცხადებს პაატა შეშელიძე.
თუკი არ გაუმჯობესდება უარყოფითი სავაჭრო სალდო, საფრთხის წინ დადგება ლარის მყიფე სტაბილურობა. გარდა ამისა, შემცირდება ქვეყნის სავაჭრო რეზერვები და გაიზრდება მიგრაცია, რაც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას შექმნის.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში იწარმოება მცირე ოდენობის სანედლეულო სახის პროდუქცია, რომელიც უცხოურ ბაზრებზე არსებული ფასების კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის აზრითაც, უარყოფითი სალდოს დაბალანსება წარმოების ზრდითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარჯზე არის შესაძლებელი.
"წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ ექსპორტზეც გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, იგებს ის, ვინც მოთხოვნას აკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და აწარმოებს იმას, რაც ადგილზე უნდა გაიყიდოს. ექსპორტის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბები, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა.
ჩვენი მოხმარების 82% იმპორტზე მოდის, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. იმპორტის ზრდის ტეპმი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ვალუტის გადინებას ქვეყნიდან", - აცხადებს სილაგაძე.