თაკო მათეშვილი
18.01.2017

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გასულ წელს აფასებს და ამბობს, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, იგი ქვეყნისთვის მთლიანობაში წარმატებული იყო.

ეკონომიკის განვითარება, მაღრაძის თქმით, 2017 წელს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იქნება. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების ერთ წელიწადში გადაჭრის იმედი არ უნდა გვქონდეს.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით გასულ 2016 წელს. რომელ სფეროებში გვქონდა მიღწევები და რომელში - ჩავარდნები?

გუგული მაღრაძე: 2016 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო შეუქცევლად დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მიუხედავად არჩევნების თანმხლები მცირეოდენი ხარვეზებისა, პოლიტიკური განვითარების დინამიკის თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლიდან დღემდე 3 სხვადასხვა დონის არჩევენების (საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო) საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა.

2016 წელი გამოირჩეოდა ასევე მაღალი სტანდარტებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, შთამბეჭდავი იყო ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, მარტო ის რად ღირს, რომ უძვირესი პროგრამა ცე-ჰეპატიტის მკურნალობისა სრულიად უფასოდ მიეწოდება ამ უმძიმესი დაავადების მქონე ადამიანებს და უკვე ასობითაა განკურნებულთა რიცხვი.

საინტერესო და საჭირო ცვლილებები დაიგეგმა და გატარდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რათა მოტივირებულმა ადამიანებმა შეძლონ სხვადსხვა დონის და მოცულობის ბიზნესის დაწყება და განვითარება. საბიუჯეტო დახმარება ბიზნესისათვის თანდათანობით გამოიღებს შედეგებს და სამუშაო ადგილები შექმნას შეუწყობს ხელს.

"რ": ბევრი ფიქრობს, რომ გასული წელი ხალხისთვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით?

გ.მ: ეკონომიკური განვითარება, ჯერჯერობით, ჩვენი აქილევსის ქუსლია. თუმცა, ეს პრობლემები ჩვენი ხელისუფლების დროს არ წარმოქმნილა. ენდიაის უახლესმა კვევებმაც აჩვენა, რომ უმუშევრობა 2010 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი გამოკითხვებისას პირველი პრობლემაა. სწორედ წარმოდგენილი პოლიტიკა და ჩვენი ხელისუფების პირობებში ბევრი წამახალისებელი ღონისძიება არის რეალისტური გზა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. სისტემური მიდგომაა საჭირო და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის სწორი გზა ქვეყნის ეკონომიკის იმ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანად.

"რ": ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ შეუსაბამო განცხადებების გამო. მიიჩნევა, რომ "ოცნების" პოზიცია და მის მიერ წამოწეული საკითხები ხშირად აცდენილია ხალხის მოთხოვნებს, მის გასაჭირსა და სატკივარს, რომ ხელისუფლება ხალხს შორდება და შესაბამისად, ხალხს მის მიმართ უნდობლობა უჩნდება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას და როგორ გესახებათ გამოსწორების გზები?

გ.მ: საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება აცდენილია ხალხის მოთხოვნებს და არ ესმის მისი, ვფიქრობ ბათილდება სწორედ იმით, რასაც იგი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აკეთებს. 2012-2016 წლებში ხელისუფლებამ განახორციელა უპრტეცედენტო დახმარება სოფლის მეურნეობისადმი, რათა შექმნილიყო სამუშაო ადგილები და ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. მოსახლეობის ნაწილმა შეძლო ამ დახმარებებით ფეხზე დამდგარიყო და მათ უკვე თავისი ოჯახების გამოკვების გარდა, ბიუჯეტშიც შეაქვთ თავისი წვლილი.

ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ მცდელობებს, რათა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის ლართან დაკავშირებული პრობლემები შეასუსტოს. კარგი ნაბიჯები გადაიდგა დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებისათვის და სხვა. რა არის ეს თუ არა პასუხი მოსახლეობის პრობლემებზე?

"რ": რა მიგაჩნიათ 2017 წელს ხელისუფლების მთავარ საზრუნავად?

გ.მ: მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება არაა ერთი და ორი წლის ამოცანა. არსებობს საკითხები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და მის მცდელობებზეა დამოკიდებული. არსებობს პრობლემები, სადაც ხელისუფლების მცდელობები მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ იძლევა შედეგს. მოსახლეობის მდგომარეობის გარკვეული გაუარესება სწორედ იმ დამოკიდებულებების შედეგია, რაც, ერთი მხრივ, სესხების ფართო გავრცელებამ და მეორე მხრივ, დოლარზე დამოკიდებულებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

კარგია, რომ ადამიანებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა მოიწყონ ცხოვრება დღეს და თანდათანობით გადაიხადონ ხვალ. იყო სესხები, რომლებსაც გამართლება აქვს (მაგ., ახალი ბინა, მცირე ბიზნესი) მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იყო და არის სესხების აღება ისეთი რამისთვის, რაც სრულიად გაუმართლებელია (მაგ მაღალი კლასის მანქანის საყიდლად, შვილის ქორწილის გადასახდელად და სხვა). მით უმეტეს, ყველაზე მძიმე სესხები, რაც 2012 წლამდე ჰქონდა აღებული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (სესხები ახლობლის სამკურნალოდ), ჩვენმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოხსნა - დღეს თითქმის არავის არ სჭირდება სესხი ოპერაციისთვის ან მკურნალობისათვის.

ხელისუფლება ცდილობს ასეთ ადამიანებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს იგივე გალარების პროგრამით, ონლაინ სესხების რეგულაციებით და სხვა. თუმცა, წლობით დაგროვილი პრობლემების უცებ მოგვარება შეუძლებელია. რეალისტურად უნდა შევაფასოთ ის მცდელობები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია ისეთი პროდუქცია (ან ძალიან მცირეა), რომელსაც ვალუტის შემოტანა შეუძლია. ამასთანავე, წარმოება არ გვაქვს განვითარებული ისე, რომ ვალუტას არ ვხარჯავდეთ. ამ გზით უნდა განვავითაროთ ეკონომიკა და ხელისუფლების გეგმა ესეცაა.

ეკონომიკის განვითარებისათვის თითოეული ადამიანის აქტივობა გადამწყვეტი ხდება. მან უნდა მიიღოს სათანადო განათლება და შექმნას სამუშაო ადგილები, სხვაგვარად ეკონიმიის აღმავლობა, მხოლოდ სამთავრობო დახმარების იმედზე, ფუჭია. ცხადია, 2017 წელს გაგრძელდება ბიზნესის დახმარების უკვე არსებული პროგრამები, იქნება ახალი პროგრამები, დახმარება ფინანსური თუ ტექნიკური, მაგრამ მოსახლეობის განათლება საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად და მათი ბიზნესაქტივობა უმთავრესია.

ბიზნესის გლობალური ინოვაციის ინდექსში 68 ადგილი გვიკავია 128 ქვეყანას შორის. მართალია აქ წინსვლა გვაქვს 9 პუნქტით, მაგრამ განათლებასა და კვლევებში ჩამოვრჩებით. ეს კი ის ფაქტორებია, რაც გრძელვადიანი განვითარებისათვისაა აუცილებელი და ესაა ჩვენი გამოწვევა 2017 და მომდევნო წლებში. ამიტომ, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი.

ჩემი, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მთავარი ძალისხმევა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. ეს იქნება ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. ასევე საჭიროა რეფორმები მეცნიერების განვითარებისათვის, რათა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

"რ": საგარეო ასპარეზზე როგორი იყო გასული წელი?

გ.მ: პირადად ჩემთვის 2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ინტენსიურად ვიმუშავე. ჩვენი წვლილი შევიტანეთ ევროპასთან დაახლოების საქმეში. ბევრი საქმე გაკეთდა ევროსაბჭოშიც, სადაც მე ორი კომიტეტის წევრი ვიყავი. საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გარდა, აქტიურად ვმონაწილეობდი საერთო ევროპული თემატიკისადმი მიძღვნილი პრობლემების განხილვაში, რითაც ხელს ვუწყობდით რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად წარმოჩენილიყო.

მაგალითად, ევროპულ სივრცეში ავტონომიების საკითხის განხილვაში ჩემმა პოზიციამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ჩვენთვის ხელსაყრელი რეზოლუციის მიღებას. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი გამოსვლები პლენარულ სხდომებზე ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რელიგიური ტოლერანტობა, ტერორიზმი, სიღარიბის დაძლევა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა გაშვილება, სუროგაცია და სხვა.

"რ": რას ფიქრობთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ პარტიის დაშლით ხელისუფლება ფაქტობრივად კონკურენტუნარიანი ოპონენტის გარეშე რჩება? რამდენად სასარგებლოა, თქვენი აზრით, ეს ხელისუფლებისთვის და ზოგადად, სახელმწიფოსათვის?

გ.მ: ცხადია, ასეთი საკითხები გარკვეულ ინტერესს იწვევს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძირითადად მათი პრობლემაა და პროცესი ქვეყნის ცხოვრებაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

პოლიტიკური პრობლემები უკვე წარმატებით დავძლიეთ. ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, გინდაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ბიზნესის თავისუფლების და სხვა კუთხით, რაც ათწლეულის მანძილზე საქართველოში პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ასეთი ერთეული შემთხევევები შეიძლება იყოს და ხელისუფლების რეაგირებაც მყისიერია. ამდენად, ოპოზიციის ის მნიშვნელობა, რაც მას ჰქონდა "ნაცმოძრაობის" ტოტალიტარული რეჟიმის დროს, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში აღარ არის ისე აქტუალური, რადგან ხელისუფლება ისედაც ძალიან მგრძნობიარეა ყოველგვარი არადემოკრატიული გამოვლინებების მიმართ. თუმცა ცხადია იგი ყურადღებით ეკიდება და მოეკიდება ყოველგვარ ჯანსაღ კრიტიკას, ვისგანაც არ უნდა იყოს იგი.

"რ": ხომ არ ჩნდება საშიშროება, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე ხელისუფლება არასწორი გზით დაიწყებს სვლას? იმ გზით, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ გაიარა?

გ.მ: "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელთა მცდელობები - ქვეყანაში სიტუაცია რაც შეიძლება შავად წარმოაჩინონ, უკვე აღარ არის ისეთი ეფექტური. ეს უცხოეთში საქართველოს იმიჯზეც აისახება. ქვეყანა, რომელიც არის უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული და ა.შ. უცხოელებისთვის (და ქართველებისათვისაც) უფრო სანდოა. მათ შორის ინვესტიციების დასაბანდებლად, სერიოზული და ხანგძლივი ბიზნესის განსავითარებლად.

აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებსა და გამოსვლებს უცხოეთში შეუძლია ხელი შეუწყოს, ან პირიქით, ხელი შეუშალოს ამ დადებითი იმიჯის შექმნას. მე ხშირად მაქვს მაღალი დონის შეხვედრები და გამოსვლები მაგალითად გაეროს ღონისძიებებზე, ევროსაბჭოში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო კონფერენციებსა თუ შეხვედრებზე და საქართველოს მიმართ საკმაო ინტერესს ვხედავ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ამა თუ იმ ქვეყნის როლი გარკვეულწილად შეცვალა და ეს საქართველოსთვის შესაძლოა სასიკეთო აღმოჩნდეს. უახლოეს სამეზობლოსა თუ ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები (რიგი ქვეყნების სათავეში უფრო პროკომუნისტური ხელისუფლებების მოსვლა და სხვა) ზრდის საქართველოს, როგორც დასავლური იდეოლოგიის მქონე ქვეყნის საიმედოობას და საჭიროებას.

ცხადია, ეს გარემოება შეიცავს რისკებსაც, მაგრამ ხელისუფლების გონივრული და ფრთხილი პოლიტიკით, საქართველოს შეუძლია გარკვეული სიკეთეები მიიღოს. მაგალითად, ნატოს მიმართ თურქეთის პოზიციები; რუსეთის მცდელობები თავისი საერთაშორისო როლის გასაზრდელად; ირანის პრეზიდენტის ინიციატივა სატრანსპორტო დერეფნის - "სპარსეთის ყურე-შავი ზღვა" - ამოქმედების შესახებ; ირანის მეორე ინიციატივა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ; ის, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ჩინეთის გლობალური პროექტის - "ახალი აბრეშუმის გზის" ნაწილი ხდება, ჩვენი ქვეყნის როლს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ კონტექსტში, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მეგობარი სჭირდება და ჩემი შეხვედრები, პირადი კონტაქტები, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა, საუკეთესო ნიადაგია. ევროსაბჭოში ჩემს ორივე კომიტეტში - სოციალური საკითხებისა და ანტიდისკრიმინაციის კომიტეტებში, საქართველოს შესახებ დამკვიდრებულია ნდობა და დადებითი განწყობები. ასევე აშშ-ში ვიზიტებისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებთან, სამეცნიერო წრეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ღია და პროფესიული საუბრები, რისი შესაძლებლობებიც მქონია, გარკვეულწილად ხელს უწყობს მათ უკეთ ინფორმირებას და დადებითი პოზიციების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესების მიმართ. ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×