თაკო მათეშვილი
18.01.2017

 "საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს," - ამბობს პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და დასძენს, რომ ეს ხელისუფლებისათვის არცთუ სასარგებლოა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მოქმედებს პრინციპით - "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", რადგან კარგად ესმის, რომ აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ოპონირება შეუძლია.

"რეზონანსთან" ინტერვიუში კვესელავა გაზპრომთან დაკავშირებულ სკანდალსაც ეხება და აცხადებს, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი დეტალი იქნება, რის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით და რამაც კახა კალაძეს სადაო გადაწყვეტილების მიღება აიძულა.

იგორ კვესელავა: გაზპრომის თემა უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია. სამწუხაროდ, საქმე დიდ სახელმწიფოსთან გვაქვს, რომელიც თავის პირობებს გვთავაზობს. ჩვენ კი არ შეგვიძლია ჩვენი პრინციპები და სურვილები შევთავაზოთ.

როცა კალაძეს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება სწორი არაა, რომ იგი საქართველოსთვის მავნებელია, გასაგებია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რაღაცეები ხდება. რა უნდა ექნა ხელისუფლებას? თუკი ამის ხელმოწერაზე უარს ვიტყოდით, ჩემი ინფორმაციით, არსებობდა ალტერნატიული გზაც - რუსეთს შეეძლო სომხეთისათვის გაზი ირანის მეშვეობით მიეწოდებინა. ეს ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ შეძლებდნენ. ასე რომ, ლანძღვა ადვილია, მაგრამ რეალობა შეიძლება ბევრად რთული იყოს.

ამ ყველაფერში აუცილებლად იქნება საიდუმლოებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ამიტომ ხელაღებით რაიმეს თქმა მეძნელება. მართალია, ფული შეიძლება დაგვეკარგოს, მაგრამ თუკი ეს გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, თუნდაც შორს მიმავალს, მაშინ გამართლებულია. ყველაფერი მალე გამოჩნდება და თუკი რამე არასწორად გაკეთდა, ეს ამ ხელისუფლებას წინ დახვდება. მუდმივი არაფერია.

"რეზონანსი": ამბობენ, რომ შესაძლოა 201 წელს კალაძე თბილისის მერის პოსტზე წარმოადგინონ. ეს გადაწყვეტილება რამდენად მოგეწონებოდათ?

ი.კ: მოგეხსენებათ, მე მერის მრჩეველიც გახლავართ. ვიცით, რომ პრობლემები არის, მაგრამ ისინი ასე ადვილად არ წყდება. მათი პრესასთან გამოტანა არ შეგვიძლია, მაგრამ ასეთი საკითხები არსებობს.

ნარმანია პატიოსანი პიროვნებაა, მეცნიერებიდან მოსული კაცია და ქალაქში ბევრი წინააღმდეგობა დახვდა. მას კი ბევრი რამის გადაწყვეტა არ ხელეწიფება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი მარტივი არაა. მოკრიტიკე ბევრი ჰყავს, ყველა მხრიდან უტევენ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. თუმცა, მისი ნაკლი ისაა, რომ ისიც არ ჩანს, რასაც აკეთებს. ბევრი ისეთი რამის გაკეთებაც უნდა, რაც უცებ არ გამოდის. ორ წელიწადში არც ერთი ქალაქი არ აშენებულა.

კალაძეს რაც შეეხება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას "ოცნების" ლიდერები გადაწყვეტენ. სხვებზეცაა საუბარი. მერობა სხვებსაც უნდათ, მაგრამ საზოგადოებას რამდენად უნდა, ეგაა საკითხავი. ვფიქრობ, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სიფრთხილეს გამოიჩენენ. მერად არ უნდა მოიყვანონ ადამიანი, რომელიც ყველაფრის სწავლას თავიდან დაიწყებს. ამას ხომ არ ჯობია ისევ ნარმანიას ვაცალოთ?

"რ": ენდიაის მორიგი კვლევის მიხედვით, ეკონომიკური სირთულეები, სიღარიბე, უმუშევრობა და პენსიები მოსახლეობისათვის კვლავ მთავარი პრობლემებია. ბოლო წლებში მუდმივად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ხალხი ვერ გრძნობს. რატომ?

ი.კ: ენდიაის კვლევები რაში გვჭირდება იმის დასანახად, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში? უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. არ არის საწარმოები და ისეთი ობიექტები, რომ ადამიანს მუშაობის, ოჯახის რჩენის და არსებობის საშუალება ჰქონდეს. მე კვლევა საერთოდ არ მჭირდება. ისედაც კარგად ვიცი რა მდგომარეობაა ქვეყანაში. რაღაცეების გაკეთება კი დაიწყო, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

მე პირადად, ძალიან მაინტეერსებს ამ ხელისუფლების განცხადება არჩევიდან 100 დღის გასვლის შემდეგ. მაინტერსებს თუ რა გააკეთეს და რის გაკეთებას აპირებენ ეკონომიკის გაუმჯობესების, უმუშევრობის აღმოფხვრის, ლარის გამყარების მიმართულებით და ა.შ. ეს დროც მალე გავა და ვნახავთ.

"რ": "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ გაიყო. თქვენი აზრით, რამ დააჩქარა პროცესი?

ი.კ: მათ უნდათ პერანგი გამოიცვალონ და პოლიტიკურ მდინარეში ხელახლა შევიდნენ. უგულავას უნდა შიდაპოლიტიკური წმენდა ჩაატაროს, არაპრაგმატული წევრები ჩამოიშოროს. გულახდილათ რომ ვთქვა, ბევრი მათგანი მოსაცილებელია. ამ ხალხის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ ხმამაღლა იძახონ ივანიშვილი უნდა დავამხოთო. ასე ქვეყანა ვერ აშენდება. თუკი მათი თვითმიზანი მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს დამხობა იქნება, ასე არაფერი გამოვა. ამით ვერაფერს მიაღწევენ.

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავარი იდეოლოგია - ნეოლიბერალიზმი ხალხისთვის მისაღები და მოსაწონი ვერ აღმოჩნდა, ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია არამყარია და რომელიც სახელმწიფოებრივად განმტკიცებას ახლა იწყებს, ამ იდეოლოგიამ ვერ გაამართლა.

"ნაციონალური მოძრაობა" ახალ "ბოლშევიკებად" და ახალ "მენშევიკებად" გაიყო. თუ დააკვირდებით, ესენი მათ ძალიან გვანან. ტერმინებშიც კი. მაგრამ რეალურად, ეს გაყოფილი მხარეები ისევ ერთი და იგივეები არიან. მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ერთის მიზანიც და მეორისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამხობაა. ხალხმა კი ის უნდა გაიგოს თუ რა არის მათი პოლიტიკური მრწამსი, როგორია მათი ეკონომიკური ხედვები და სწრაფვა, როგორ აპირებენ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ. მუდმივად ივანიშვილის რეჟიმის დამხობაზე საუბარი მცდარი პოლიტიკაა. მალე თვითმმართველობის არჩევნებია და ვნახავთ, რომ ძალიან გაუჭირდებათ.

"რ": რომელ გუნდს უფრო აქვს წარმატების შანსი?

ი.კ: გავრცელებული აზრია, რომ "ნაცმოძრაობის" ორივე განაყოფს იტელექტუალური პოტენციალი აქვს. თუმცა, არ მესმის, თუ რაში გამოიხატება მათი ინტელექტუალობა. ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეს ინტელექტუალური ძალა არ ჩანს. თავიანთ გუნდში რამდენიმე რომ გამოირჩევა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ზოგიერთს მჭერმეტყველობის ნიჭი კი აქვს, მაგრამ ეს ინტელექტუალურობას საერთოდ არ ნიშნავს.

თქვენ კითხვას რაც შეეხება, თვითმმართველობს არჩევნებში საზოგადოება არც "ნაცმოძრაობას" მისცემს ხმას და არც "ევროპულ საქართველოს". ისინი ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და არაფერი გაუკეტთბიათ ისეთი, რომ ხალხს მათი მობრუნება უნდოდეს.

მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ მათში ცოტაა ისეთი, ვინც ხმას იდეოლოგიის გამო აძლევს. ამ ხალხის მხარდაჭერა თავის დროზე მატერიალური და ფინანსური საშუალებებით მოიპოვეს. პარტიის კოორდინატორები, ამხანაგობების თავმჯდომარეები და ა.შ. წლების განმავლობაში სარგებელს იღებდნენ და რა თქმა უნდა, მათ მისცემდნენ ხმას.

"რ": "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ ხელისუფლება ძლიერი ოპოზიციის გარეშე ხომ არ დარჩა?

ი.კ: ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის სჭირდება. ეს აუცილებელია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში ერთპარტიული სისტემა იყოს და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ბედს ერთი პარტია წყვეტდეს. ეს არ შეიძლება.

თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ "ნაცმოძრაობა" ძლიერ ოპოზიციურ ძალად არ უნდა მივიჩნიოთ. ისინი უბრალოდ რევანშისტები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მობრუნებისათვის ყველანაირი ხერხით იბრძვიან. მათ შორის არც გადატრიალებას და რევოპლუციას მოერიდებიან. ეს სხვა რაღაცაა და ოპოზიციონერობა - სხვა. ოპოზიცია ცდილობს საკუთარი პროგრამა, ხედვები წარმოადგინოს და მოსახლეობას დაანახოს თუ რისი გაკეთება შეუძლია.

"რ": არსებული ძალებიდანაც არ გეგულებათ ისეთი, რომელიც "ოცნებისათვის" ოპონირების გაწევას შეძლებს?

ი.კ: ამ ეტაპისათვის ხელისუფლებას არანაირი ოპონენტი არ ჰყავს. საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს.

"რ": ეს ხელისუფლებას გაზარმაცებისაკენ ხომ არ უბიძგებს?

ი.კ: გეთანხმებით, როდესაც ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს, კარგი არ არის. მეშინია ხელისუფლებას არ მიეძინოს და გაცხრომას არ მიეცეს იმის გამო, რომ ოპოზიცია არ ჰყავს. ისინი ახლა ოპოზიციას ყურადღებას ალბათ არც აქცევენ. "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - ასეთია პოლიტიკა.

"რ": ამით ჩნდება თუ არა საშიშროება, რომ ხელისუფლება ხალხს მოწყდეს, მისი საჭიროებები და პრობლემები ვეღარ გაიგოს და ერთგვარად, საზოგადოების მაჯისცემა დაკარგოს?

ი.კ: აბსოლუტურად მართალი ხართ. ხელისუფლება ხალხს ნამდვილად მოწყდება. იგი მხოლოდ კაბინეტებში კი არ უნდა იჯდეს, რაიონებში, ქალაქებში უნდა გავიდეს, მოსახლეობას შეხვდეს. აირჩევს რაიონი პარლამენტარს, ისიც ჩაჯდება თავის სავარძელში და მერე იმ რაიონს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევს, არაფერი აინტერესებს. თავის ხალხისათვის არაფერს აკეთებს. ასე არ შეიძლება.

პარლამენტარის მოვალეობა მხოლოდ სავარძელში ჯდომა და მიკროფონთან მისვლა არაა. თუმცა, ახლაც ვატყობ, რომ დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის როგორ დაიჭიროს მიკროფონი. ვისურვებდი, რომ ისინიცა და მთავრობს წევრებიც გავიდნენ ხალში და გაიგონ თუ რა უჭირთ. კაბინეტური მუშაობით ქვეყნის მართვა არ შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×