"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ 20 იანვრის ყრილობაზე ყურადღებას ორ ძირითადი საკითხზე გაამახვილებენ - პარტიის სამომავლო გეგმებსა და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე, რომელიც იმ დღესვე იქნება არჩეული. როგორც "რეზონანსს" პარტიაში უთხრეს, ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩაერთვება და საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მონიტორიდან მიმართავს. ამასთან, უკვე ისიც ცნობილია, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევისა და დასახელების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება და ის ვაკანტური დარჩება.
"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ყრილობის სამზადისი უკვე დასკვნით ფაზაშია შესული. გარდა ამისა, ცნობილია დელეგატების რაოდენობაც. პარტიის წევრთა ნაწილის თქმით, ყრილობას 7 ათასზე მეტი დელეგატი დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. მისივე თქმით, ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება.
პარტიის კიდევ ერთი წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით კი გარდა იმისა, რომ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ახალი თავმჯდომარე დასახელდება, აგრეთვე გადაწყდება სხვა მმართველობითი თანამდებობების გადანაწილებაც, თუმცა მისივე განცხადებით, ჯერჯერობით ამ საკითხზე პარტიაში ჯერ ისევ მსჯელობენ.
როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ყრილობაზე მთავარი და წამყვანი საკითხი პარტიის სამომავლო გეგმები იქნება, უფრო ზუსტად კი, როგორ აპირებს "ნაცმოძრაობა" ბრძოლის გაგრძელებას პარტიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
"ყრილობაზე ახალი პოლიტსაბჭოს არჩევის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. ასევე განიხილება ჩვენი განვლილი გზა წინა ყრილობიდან დღემდე. მთავარი თემა კი ჩვენი სამომავლო გეგმებია - თუ როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლის გაგრძელებას. ეს იქნება ძირითადი, საკვანძო საკითხები, რომელსაც ყრილობაზე განვიხილავთ," - თქვა ბიბილაშვილმა.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევას, მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და სავარაუდოდ, არც დადგება. "თუკი ეს საკითხი წამოიწია, მაშინ ეს თანამდებობა ისევ ვაკანტური დარჩება, რადგან ასე პარტიის დიდმა აქტივმა გადაწყვიტა."
აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას, ამჟამად მსჯავრდებული და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იკავებს, რომელსაც საკუთარი, ცალსახა მხარდაჭერა ჯერჯერობით არც სააკაშვილის გუნდისთვის და არც მისგან წასული "ევროპული საქართველოსთვის" გამოუხატავს, თუმცა დიდი ალბათობით იგი ამ უკანასკნელთა გუნდს შეუერთდება და "ნაცმოძრაობის" რიგებს დატოვებს. "ნაცმოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე არ საუბრობენ და შესაბამისად, გენერალური მდივნის მოხსნა-არმოხსნაზეც არ მსჯელობენ.
ნინო კალანდაძის თქმით კი, ვინაიდან მერაბიშვილის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე და გენერალური მდივნის არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება.
რაც შეეხება პარტიის გაყოფის შემდგომ, "ნაცოძრაობის" მატერიალურ რესურსს, პარტიის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ამ საკითხზე პარტიაში არ საუბრობენ, რადგან ყველა მიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობის" ქონება მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საკუთრებაა და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსისა.
"ცხადია, ამ საკითხზე არავინ ლაპარაკობს და ვფიქრობ, ეს არასერიოზულიცაა. არ მგონია, რომ 9 ათას კაციანმა ყრილობამ დრო ასეთი საკითხების დაყენებას დაუთმოს. ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან პარტიის ქონება მისი საკუთრებაა და არა მისგან წასული ან დარჩენილი პოლიტიკოსებისა," - განუცხადა "რეზონანსს" ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7 ათასზე მეტი დელეგატი. როგორც პარტიის წევრებმა "რეზონანსს" განუცხადეს, ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.