"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ღია დაპირისპირება პირველმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მისივე თქმით, არ შეიძლება "იკადრო ისეთი რამ, რაც მალევე გამოაშკარავდება."
ამის შესახებ უგულავამ "რესთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილის საპასუხოდ ისაუბრა და თქვა, რომ იგი ციხეში "სააკაშვილის გამო კი არ მოხვდა, არამედ იმის გამო, რაც "ნაცმოძრაობასთან" ერთად აკეთა." უგულავას განცხადებით, სააკაშვილმა მისი განცხადებებით ბევრი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
ყოფილი მერის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა. სააკაშვილს პარტის ლიდერობას არავინ ართმევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტისთვის ბევრი რამ მიუღებელი აღმოჩნდა.
მან საპარლამენტო სიებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარტიის ლიდერებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ამის თაობაზე "სერიოზული ჭიდილი" იყო.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა პარტიიდან წასული ლიდერები განხეთქილების წამოწყებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებისა და პარტიისთვის ჩამოშორებას ცდილობნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, მისმა თანაგუნდელებმა ექსპრეზიდენტთან დალაპარაკება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სააკაშვილისგან "ყრუ კედელი" მიიღეს.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ გიგი უგულავა ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები ივანიშვილმა მის გამო დასაჯა.
"ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავაზე საუბრისას.