"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, ოპოზიციური გაერთიანების რაიმე კონტურები ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, თუმცა ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. მისი თქმით, ერთიანი ბლოკის შექმნის მიზნით მზად არიან, იდეოლოგიურად განსხავებულ პარტიებთანაც ითანამშრომლოს. გაერთიანებას მხოლოდ "ოცნებასა" და "ნაციონალებთან" გამორიცხავს.
მამუკა კაციტაძე: ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, ახლაც გვაქვს ორი ფრონტი - ერთი მხრივ ისევ და ისევ მაქსიმალური მუშაობა კონსოლიდირებულად საარჩევნო გარემოს სისტემის შეცვლაზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე ამ პოლარიზებულ პოლიტიკურ მოცემულობაში მეტ-ნაკლებად ძლიერი ერთობის შექმნა, იმისათვის, რომ მორიგი მცედელობა მაინც გახდეს შედეგიანი, დაიმსხვრეს ეს ერთპარტიული სიტუაცია.
მეორე პოლუსი გაქრა, ახლა არის ერთპარტიული მმართველობა და ეს უნდა გაირღვეს, თუ გვინდა რაღაც ნორმალური ხვალინდელი დღე ქართული სახელმწიფოსთვის.
ამიტომ, ამ თვალსაზრისით ჩვენ ვაპირებთ სერიოზული ძალისხმევის გაღებას. შევეცდებით, ის, რაც წარუმატებლად დასრულდა საპარლამენტო არჩევნების დროს, ადგილობრივი არჩევნებისთვის გაცილებით უკეთესი შედეგით დამთავრდეს.
"რეზონანსი": მიმდინარეობს თუ არა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები?
მ.კ: ჯერჯერობით კონკრეტული საუბარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია. ზედმეტი კეკლუცობისა და გაპრანჭვის გარეშე გეტყვით, ბლოკის გარეშე გამორიცხულია, რომელიმე პარტიამ რაიმე ტიპის საპირწონე შეუქმნას დღევანდელ ხელისუფლებას ანუ "ქართულ ოცნებას". შევეცდებით, მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისათვის, რომ ასეთი ერთობა შევქმნათ. ჯერჯერობით ასეთი არაფერი ჩანს, რომ ჩანდეს, არ დაგიმალავდით. ალბათ უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში გამოვკვეთავთ, გამოვაკრისტალებთ იმ ერთობას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის იქნება.
"რ": ვისთან არ შეიძლება ითანამშრომლოს "ახალმა მემარჯვენებმა"?
მ.კ: თუ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის და ასეთი გავლენის მქონე პოლიტიკური პარტია რაღაცნაირად შევავიწროვოთ თუ დავამარცხოთ - ასეთ დროს დიდი არჩევანი არ არის და რჩევა-რჩევის დრო არ არის ამ ეტაპისათვის.
მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, ალბათ გაჭირდება ხელისუფლებაში მყოფ პარტიებთან თანამშრომლობა, თუმცა ვნახოთ, რაიმე მოცემულობა არ გვაქვს. წარსულში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან თანამშრომლობა ნამდვილად გაჭირდება.
"რ": გულისხმობთ თუ არა ამაში რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიაციაში ნამყოფ სხვა ძალებს?
მ.კ: არა, ესენი შუაში არ არიან. ყველამ კრგად იცის, მანდ მთავარი მოქმედი პირი ვინ იყო. მათ დატოვეს "ოცნება" და უარი თქვეს მათთან ერთად ყოფნაზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის გამორიცხვებით პოლიტიკურ ველზე აღარავინ დარჩება. ვგულისხმობ დღევანდელ და წინა ხელისუფლებას.
"რ": თვითმმართველობის არჩევნებისთვის დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას "დემოკრატიული მოძრაობა" გეგმავს, ვიხილავთ თუ არა ამ ერთობაში "ახლებს"?
მ.კ: შევხედავთ, ვინ რას აპირებს და როგორ აპირებს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, გარკვეულ უხერხულობას ქმნის მკაფიო იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე პარტიების თანამშრომლობა. მაგრამ, ახლა საქართველოში არ არის შექმნილი ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც დიდი არჩევანის საშუალებას იძლეოდეს, ამიტომ ვნახოთ, ვისთან და სად ვიპოვით გადაკვეთის წერტილებს.