ნინო ქეთელაური
18.01.2017

 "ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შიში, რომ საგზაო დარღვევები დაუსჯელი არ დარჩება. ამის გარეშე ჩვენს გზებზე დამკვიდრდება დაუსჯელობის სინდომი და მოიტანს იმ შედეგს, რაც ახალი წლის დღეებში უკვე დაფიქსირდა," - ასე აფასებს დედაქალაქის საკრებულოს წევრი, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკას.

ოგბაიძე ამის პირველ მიზეზად კანონისადმი შიშის გაქრობას ასახელებს. მისი თქმით, ადამიანები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში სხდებიან და აღარ ეშინიათ, რომ ვინმე შეამჩნევს ან დასჯის. მეორე და მესამე ფაქტორად კი ახალბედა მძღოლებს, ასევე ადამიანურ დაუდევრობას ასახელებს.

ავტობუსებისა და სამარშრურო ტაქსების მძღოლების მიმართ სანქციებისა და მართვის მოწმობის გამოცდის გამკაცრება, ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა - ეს ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" შალვა ოგბაიძეს ესაუბრა.

შალვა ოგბაიძე: მე არ ვუყურებ ამას ისე, რომ სანქციები მხოლოდ ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიმართ უნდა გამკაცრდეს. ჩემი აზრით, კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის - პარლამენტარი იქნება ეს თუ რიგითი მოქალაქე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, მე თანამდებობის პირების მიმართ უფრო მკაცრი ვიქნებოდი.

თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თვალში საცემია მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მიერ საგზაო წესების დარღვევის ფაქტები. ავტობუსების მძღოლები მეორე რიგში გაჩერებას ამართლებენ იმით, რომ პირველი რიგი დაკავებულია პარკირებით. ხშირ შემთხვევაში მართლაც ავტობუსების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილები დგას და ავტობუსი ვერანაირად ვერ გაჩერდება. ეს არის ფაქტი. მაგრამ, ამის გარდა, ორი ავტობუსი ერთმანეთს წინ ჩადგომას რომ ასწრებს, არავის გვინახავს? რა თქმა უნდა, გვინახავს, რაც დასჯადია და არავითარი ინდულგენცია მათთვის არ მიუციათ, რომ ჩვენი ქალაქის ქუჩებში დარღვევით იარონ.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, თუ სანქციები მხოლოდ ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის გამკაცრდება, ეს ხომ არ იქნება შერჩევითი სამართალი?

შ.ო: მე სწორედ მაგიტომ დავიწყე საუბარი იმით, რომ კანონმა ყველასთვის უნდა იკანონოს. პარლამენტარით დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, ყველა თანაწორი უნდა იყოს.

"რ": საუბარი იყო მართვის მოწმობის გამოცდის გამკაცრებაზეც...

შ.ო: მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მართვის მოწმობის გამოცდის გამკაცრებაა. მოდით, ასე ვთქვათ, თქვენ რომ ფორტეპიანოზე დიპლომი აიღოთ, ინსტრუმენტს ორივე ხელით უნდა ფლობდეთ თუ არა? რა თქმა უნდა, ორივე ხელით. ახლა ეს მოთხოვნა გამკაცრებაა თუ ბუნებრივი მოთხოვნა? შეიძლება, რომ ქირურგმა არ იცოდეს ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთება? არ შეიძლება. ეს სიმკაცრეა? რა თქმა უნდა, არა. ანუ რაღაც სპეციალობას რომ ირჩევ, ეს არის საკვალიფიკაციო მოთხოვნა და მძღოლებს რაც შეეხება, მათ უნდა შეიძლოთ, მოცემული მეტეოროლოგიური პირობების, მოძრაობის ინტენსივობის, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის ხარისხიდან თუ გზის საფარიდან გამომდინარე, კიდევ სხვა ბევრი პარამეტრის შეჯერებით, სწორად განსაზღვრონ სიჩქარის ლიმიტი. გამოუცდელმა სიჩქარის ლიმიტი როგორ უნდა შეაფასოს დახურულ მოედანზე, სადაც სულ რაღაც 10 კმ/სთ სიჩქარით დადიან ავტომობილები?!

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ისეთი დოზით უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფს მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მძღოლის უსაფრთხო გადაადგილებას და თავის მხრივ, ნაკლები რისკი ექნება საზოგადოებასაც.

"რ": 2017 წელს უკვე საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 დღეში 19 ადამიანი გარდაიცვალა. რა არის ამის მიზეზი?

შ.ო: ამას ერთი მიზეზი არ აქვს. ეს არის გარკვეული კომპონენტების ჩამონათვალი. პირველი, ეს არის კანონისადმი შიშის გაქრობა. ადამიანები ნასვამები სხდებიან საჭესთან, მათ აღარ ეშინიათ, რომ ვინმე შეამჩნევს ან დასჯის. მეორე, ახალაღებული მართვის მოწმობა - ეს არის დიდი რისკჯგუფი, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მათ ტარება არ იციან. მესამე, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური დაუდევრობა.

"რ": რა არის საუკეთესო პრევენცია?

შ.ო: ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შიში, რომ ასეთი დარღვევები დაუსჯელი არ დარჩება. ამის გარეშე ჩვენს გზებზე დაუსჯელობის სინდრომი დამკვიდრდება და მოიტანს იმ შედეგს, რაც ახალი წლის დღეებში უკვე დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×