ელზა პაპოშვილი
18.01.2017

 ბოლო კვირის განმავლობაში გაუარესებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ახალი წლის შემდეგ, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქსა და რეგიონებში, არაერთი სასტიკი მკვლელობა თუ სხვადასხვა სახის კრიმინალური ფაქტი დაფიქსირდა. ერთი კვირის მანძილზე დღე არ გასულა, რომ რაიმე კრიმინალური შემთხვევა არ მომხდარიყო.

მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კანონის კიდევ უფრო გამკაცრებაა საჭირო, ნაწილის აზრით კი, ეს ხელისუფლების პრობლემაა და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. თუმცა საზოგადოების აღშფოთებას, ხელისუფლების წარმომადგენლები არ იზიარებენ.

გთავაზობთ ბოლო ერთი კვირის მანძილზე მომხადრ კრიმინალურ ქრონიკას.

16 იანვარს თბილისში - ალექსეევკის დასახლებაში მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 49 წლის პირი. მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

15 იანვარს გორში, წერეთლის ქუჩაზე თვითმხილველების თვალწინ, მკვლელობა მოხდა. ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილს უცნობი მამაკაცი თავს დღისით დაესხა. ბიზნესმენმა გაქცევა მოახერხა, თუმცა მკვლელი მას დაედევნა და ის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ოფისის ეზოში დაუნდობლად ჩაცხრილა. მას ოთხი ტყვია აქვს ნასროლი. რა იყო გოგიჩაიშვილის მკვლელობის მოტივი, უცნობია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გოგონა იპოვეს. როგორც შსს-ში ამბობენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

14 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მეორე დღეს გარდაიცვალა.

ინციდენტი ცაბაძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 118 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

13 იანვარს ღამით ბაკურიანში აფთიაქი და რესტორანი "ანაგი" გაქურდეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე გახსნილია და სავარაუდო დამნაშავეთა ვინაობა დადგენილია - ისინი არასრულწლოვნები არიან. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, აფთიაქის მინის კარი ჩამტვრეულია, სწორედ ამ გზით შევიდნენ გაქურდვის მიზნით არასრულწლოვნები. უცნობია, კონკრეტულად რა წაიღეს აფთიაქიდან. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

რაც შეხება რესტორან "ანაგის" გაქურდვის ფაქტს, შემთხვევა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 ლარი, სიგარეტები და სასმელებია წაღებული.

12 იანვარს, შს სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იურისტი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ ნამდვილად ძალიან მძიმე კრიმინალური შემთხვევები მოხდა. მისი თქმით, საქართველოში თვეში დაახლოებით 4-5 მკვლელობა ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს რიციხვი, 10-12-მდეც იზრდება.

მისი აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირეა, რასაც მოსახლეობის დაუსაქმებლობა და უპერსპექტივობა იწვევს.

იურისტის განცხადებით, ბოლო დროს, არასრულწლოვნების სექტებში ჩართვა გახშირდა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული კონტროლი სჭირდება.

"ძალიან ძნელია თქმა გახშირებული მკვლელობების გამომწვევი მიზეზი რა არის. ეს შეიძლება, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა იყოს ან ახალგაზრდების გარკვეულ სექტებთან კავშირი. სახელმწიფოს ვალია, აკონტროლოს პროცესი, რომ ამას მსგავსი ფაქტების გახშირება არ მოჰყვეს და ყველა დანაშაული მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაიხსნას.

"სააფთიაქო ნარკომანია ძალიან გავრცელებულია, იყიდება ფსიქოტროპული ნივთიერებები, ეს ადამიანები ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ და პირდაპირი მნიშვნელობით გიჟდებიან. ასეთი ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამის კონტროლი ნამდვილად შეუძლია სახელმწიფოს და ამაზე შეიძლება ვუსაყვედუროთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×