ნინო ქეთელაური
18.01.2017

 კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ სასამართლოზე აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და ჩადენილი დანაშაულის სასტიკი დეტალები აუღელვებლად გაიხსენა. საუბარია მკვლელობაზე, რომელიც ოქტომბერში მოხდა.

დაკავებულებიდან ორი პირი თავს დამნაშავედ ცნობს. კერძოდ, ირმა ყოჩიაშვილი, რომელსაც დედის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამბობს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს. მისი ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ირმა ყოჩიაშვილს პატიმრობა გაუუქმდეს და მის მიმართ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არანაირი ფორმა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს, ბექა შენგელიას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს. როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ბრალდებული თანახმაა, რომ მის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული.

"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული," - აღნიშნა ბრალდებულმა.

ამბობს, რომ ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და მას თამამად შეიძლება ეწოდოს მსხვერპლი.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, მან ირმა ყოჩიაშვილს სოლიდური თანხაც გამოსძალა და სასამართლოს მიმართა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ.

"ვთხოვ გამოძიებას, აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას," - განაცხადა ბრალდებულმა. რაც შეეხება ირმა ყოჩიაშვილს, მისი განცხადებით, მშობლები, ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე "გამუმწარეს" და მკვლელობა სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია.

"გასაგებია, ამას საზოგადოება სხვანაირად გაიგებს - გამზრდელი დედაა და როგორ გააკეთა ესო, მაგრამ გარედან ამის დანახვა ძალიან ძნელია. მე უბრალოდ ამას სხვანაირად ვუყურებ. ყველანაირი ძალადობა იყო ჩემზე მათი მხრიდან, რაც შეიძლება ადამიანზე განხორციელდეს და სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. მე შემეძლო საერთოდ არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილზე, მაგრამ გადავწყვიტე, მივსულიყავი და ამის მიზეზი იყო გამოცდილება. ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე და მინდოდა, ამ კადრებისთვისაც მეყურებინა, ამ ყველაფრიდანაც მიმეღო გამოცდილება. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი. ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი წელი მემუქრება და ახლაც ციხეში ვიმყოფები, მაგრამ ჩემ თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოვაჩინე, ჩემი ცნობიერება, აზროვნება ხელოვნების თვალსაზრისით იყო და ეს თვალსაზრისი რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ცნობიერება მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ფიზიკა-ქიმიის განხრით წავიდა და ჩემი წიგნის მეორე ნაწილს ფიზიკა-ქიმისიის განხრით ვწერ. დარწმუნებული ვარ, ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ფიზიკისა და ქიმიის სფეროში დიდ გადატრიალებას მოახდენს," - განაცხადა მარიამ ყოჩიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ თავისუფლებაზე იქნება, მისგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს, ვინაიდან არ არის ადამიანი, რომელიც ერთ წუთში გამწარდება და ადამიანებს დახოცავს.

მოსამართლის კითხვაზე, მიმართა თუ არა სამართალდამცველებს მისი დედობილის და მამობილის მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ მიუმართავს, ვინაიდან მასში სხვა ემოციური ფონი არსებობდა.

"ამ ყველაფრის არაერთი მოწმე არსებობს, რომ ეს მართლაც ხდებოდა, არა მარტო დედობილის და მამობილის, არამედ მათი ნათესავების მხრიდანაც," - განაცხადა ბრალდებულმა და აქვე დასძინა, რომ მასზე ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იმის გამო ძალადობდნენ, რომ 26 წლის შვილი გარდაეცვალათ და ის გარდაცვლილ შვილს არ ჰგავდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

ორივე ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×