2017 წლის მთავარი ინტრიგა შესაძლოა გახდეს ის, რომ ზაფხულში, პრეზიდენტი მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, რითაც დაუპირისპირდეს "ქართული ოცნების" უმთავრეს მიზანს - კონსტიტუციაში შეიცვალოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არაპირდაპირით.
საგულისხმოა, რომ 21 იანვარს საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე აქტიურ მუშაობას იწყებს და "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაც უკვე დაანონსებულია, რაც გახდა კიდეც იმის რეალური მიზეზი, რომ გიორგი მარგველაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.
წორედ ამ სიტუაციიდან გამოსვლის ვერსიად და საპროტესტო ნაბიჯად პრეზიდენტს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შესთავაზა. პარლამენტის ექსსპიკერმა ჯერ 2 იანვარს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააჟღერა ეს წინადადება, გუშინ კი ტელეკომპანია "პირველის" ეთერშიც ისაუბრა იმაზე, რომ ამ ნაბიჯით "ოცნების" გეგმის საწინააღმდეგოდ ქვეყანას 2022 წლამდე პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება და მას ვერავინ შეეხება. ამ ნაბიჯით კი "ქართული ოცნება" წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.
უსუფაშვილის პროგნოზით, ვადამდელი არჩევნები რეალურია
დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ თქვენი პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.
უსუფაშვილის აზრით, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია და ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს.
ამას მარგველაშვილი გაითვალისწინებს თუ არა, უცნობია. მაშინ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ვიღაცის კომენტარზე კომენტარს არ გააკეთებს".
"ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი... გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?" - განაცხადა პრეზიდენტმა.
გუშინ კი პარლამენტის ექსსპიკერმა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე ტელეკომპანია "პირველთან" ისევ ისაუბრა.
დავით უსუფაშვილის თქმით, თავად მხარს უჭერს, პრეზიდენტი არ იყოს პირდაპირი წესით არჩეული, ოღონდ ამ ცვლილების ძალაში შეყვანა უნდა მოხდეს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, რაც ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის.
გარდა ამისა, აღნიშნა, თუ რა სამართლებრივ-კონსტიტუციური ბერკეტი, კონტრღონისძიება რჩება ხელში მარგველაშვილს, თუ საკონსტიტუციო კომისია გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ იქნას არჩეული.
კერძოდ, თუ პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შეცვლას, ამას პირველი კენჭისყრიდან მესამე კენჭისყრამდე მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალი სჭირდება და პირველი კენჭისყრიდან 3 თვის განმავლობაში მარგველაშვილს შეუძლია გადადგეს, რის შემდეგაც, კონსტიტუციიდან გამომდინარე, 40 დღის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია, ძველ წესს კიდევ 5 წლით გაუხანგძლივოს არსებობა.
"თუ ასე წავიდა საქმე და თუ იმ არჩევნებში, რომელიც ამასობაში ინსტიტუტის გადასარჩენად ტარდება, გაიმარჯვა პრეზიდენტად ვიღაცამ, ასეთ ფონზე გამარჯვებული პრეზიდენტი პოლიტიკურად გაცილებით უფრო ძლიერი ფიგურა იქნება, ვიდრე ამ პროცესში დამარცხებული "ქართული ოცნება," - ამბობს უსუფაშვილი და დასძენს იმასაც, ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია და ეს არც არის საჭირო, რადგან მარგველაშვილს თვითონ შეუძლია კონსტიტუციის კითხვა და ანალიზი.
ძაბირაძე: პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებზე არ წავა
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუკი გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის წინააღმდეგ რამე ნაბიჯი გადადგას, მხოლოდ ეს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია, რაზეც დავით უსუფაშვილი საუბრობს და თუკი ეს მოხდება, ის პრეზიდენტის გადადგომას ივლისის ბოლოს უფრო ვარაუდობს.
"თუ პრეზიდენტი გადადგება, ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ 40 დღის განმავლობაში არჩევნები არ ჩაატაროს. პარლამენტი იძულებული იქნება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. აი, ეს მექანიზმი ახსნა უსუფაშვილმა. ახლა პრეზიდენტზეა დამოკიდებული, გადადგამს ამ ნაბიჯს თუ არ გადადგმას. ეს ნაბიჯი რომ გადადგას, მას აქვს საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებაც, მაგრამ ასევე "ქართულ ოცნებასაც" აქვს უფლება, კანდიდატურა წამოაყენოს და ამდენად, მარგველაშვილს გარანტია არ აქვს, რომ მას აირჩევენ," - ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, თუ მარგველაშვილი ძველი წესით არჩევნების ჩატარებას გადაწყვეტს, ის საშემოდგომო სესიამდე, ზაფხულში უნდა გადადგეს, მანამ, სანამ კანონპროექტის მეორე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე მოხდება.
"საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის ორი თანმინდევრული სესიაა საჭირო და კანონპროექტის პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე 3 თვე უნდა იყოს გასული. ამ სამ თვეს თუ გამოვაკლებთ 40 დღეს, როდესაც ვადამდელი არჩევნები ჩატარებული უნდა იყოს, ამდენად, თუ მარგველაშვილს ეს გეგმა აქვს, მაშინ ის ზაფხულში გადადგება. სხვა მექანიზმი, კონსტიტუციაში არ დაუშვას შესწორების შეტანა, მას არ აქვს. სამართლის ნორმებში არ ჯდება, თუმცა უმრავლესობას შეუძლია, რისკზე წავიდეს, შესწორება შეიტანოს და თქვას, რომ ეს ნორმა ძალაში შევა ამოქმედებისთანავე და უკვე არჩეულ პრეზიდენტს შეეზღუდოს უფლებამოსილებები. სამართლებრივად ეს სწორი არ იქნება, მაგრამ რამდენად უღირთ ეს პოლიტიკურად, არ ვიცი," - აღნიშნავს ძაბირაძე.
თუმცა მაინც არ ჰგონია, რომ მარგველაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოინდომებს.
"ამ ნაბიჯს არ გადადგამს და ვერც ვხედავ მიზეზს. თუ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ ამისთვის უნდა შეირჩეს დრო. თუ მარგველაშვილი აპირებს პოლიტიკურ საქმიანობას ან პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, მაშინ არაფერი საძრახისი არ არის იმაში, რომ არსებული ვითარების გამოყენება უნდა. თუ ჩათვლის, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის სჯობს, ეს ნაბიჯი გადადგას, უნდა გადადგას. დღევანდელი გადასახედიდან კი მე მის ადგილზე ამას არ გავაკეთებდი. არ ვიცი, რა ვითარება იქნება გაზაფხულზე. თუ მარგველაშვილი გაზაფხულზე ნახავს, რომ აქვს შანსი გადადგეს, ხელახლა იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირს," - მიიჩნევს ძაბირაძე.
მისი თვალსაზრისით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა არანაირ კატასტროფას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა კარგი კონსტიტუცია მივიღოთ, პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ 2020 წლის შემდეგ ამოქმედდეს და თუ ამ დათქმას გავაკეთებთ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.