პრეზიდენტს შეუძლია, გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ეს მისთვის წამგებიანი იქნება, ისევე როგორც "ოცნებისთვის" შემდგომი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა იქნება წამგებიანი, - აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი.
მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის შემთხვევაში პოლიტიკურად წაგებული დარჩება "ოცნება", ვინაიდან აღმოჩნდება, რომ მას ხელში აქვს პარლამენტიც, მთავრობაც მისია, პრეზიდენტიც მისია, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის შესაძლებლობებიც აქვს და "ყველას ექნება უფლება თქვას, ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის უზურპირებული."
"რეზონანსი": თუკი საკონსტიტუციო კომისია მხარს დაუჭერს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, შესაძლო თუ არა კონტრნაბიჯად ზაფხულში პრეზიდენტი მარგველაშვილი გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ეს რეალურია და თქვენი აზრით, მოსალოდნელია, ასეთი პროცესი ვიხილოთ?
ავთანდილ დემეტრაშვილი: ეს არის პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო ანალიზი. რამდენად მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა, შეფასებისგან თავს შევიკავებ. კონსტიტუციით, სამართლებრივად მას შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მისთვის წამგებიანი იქნება, ისევე როგორც "ოცნებისთვის" შემდგომი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.
"რ": რატომ იქნება წამგებიანი?
ა.დ: პრეზიდენტისთვის წამგებიანი იქნება ეს ნაბიჯი იმ გაგებით, რომ გამორიცხული არ არის, მან ეს არჩევნები წააგოს. შესაბამისად, ის ვადაც, ის წელიწადნახევარიც დაკარგოს, რომელიც დარჩა. ამიტომ ვფიქრობ, ამ სცენარით მოვლენები არ განვითარდება.
"რ": თუკი გიორგი მარგველაშვილი საკუთარი თავის გაპრეზიდენტებაზე კი არ ფიქრობს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გადასარჩენად დგას ამ ნაბიჯს, მაშინ წამგებიანი ნაბიჯი რატომ იქნება?
ა.დ: პრეზიდენტის ინსტიტუტი შესაძლოა, სხვადასხვა სახით არსებობდეს, ამიტომ აქ პრეზიდენტის ინსტიტუტის გადარჩენაზე კი არ არის საუბარი, არამედ მის რაობაზე. როგორი იქნება პრეზიდენტი, მაღალი ლეგიტიმურობის პრეზიდენტი იქნება თუ მოკრძალებული, ცერემონიალური ფუნქციის შემსრულებელი. მარგველაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის აქტიური პრეზიდენტის ინსტიტუტის მომხრეა.
შეიძლება დაგეთანხმოთ იმაში, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებით ერთგვარად (და არა პირდაპირ) შეილახება სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ანუ ხალხის უფლება, აირჩიოს თანამდებობის პირები. თუმცა ამაზე ირაკლი კობახიძე მიპასუხებს, რომ ხალხს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით შეუძლია, აირჩიოს პრეზიდენტი.
აქ კონსტიტუციის დარღვევასთან არ გვექნება საქმე. თუმცა ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის", ვინაიდან აღმოჩნდება, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას, კონკრეტულად "ქართულ ოცნებას" ხელში აქვს პარლამენტიც, მთავრობაც მისია, პრეზიდენტიც მისია, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის შესაძლებლობებიც აქვს. მე პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო მისია, მაგრამ გავლენის შესაძლებლობები დაფიქსირებულია. ანუ აქ შესაძლოა ვისაუბროთ პოლიტიკურ უზურპაციაზე. ყველას ექნება უფლება თქვას, ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის უზურპირებული და ამ გაგებით "ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის დაკანონებაც. თუმცა, ცოტა დაველოდოთ. ერთი კვირა გვჭირდება და საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გარკვეული პოზიციები დაფიქსირდება. ჩემთვის მთავარია, ირაკლი კობახიძის პოზიცია როგორი იქნება.
გარდა ამისა, "ოცნებაში" ყველა როდი უჭერს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. იმავე ზაქარია ქუცნაშვილისგან გაგებული მაქვს, რომ არაპირდაპირი წესით არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. ასევე სხვებისგანაც. ვნახოთ, რა დაფიქსირდება, ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 27-შია ჩანიშნული.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკამდე დავიყვანოთ კონსტიტუცია. მე ასეთ რამეს არ ვცნობ. საპარლამენტო რესპუბლიკის დამახასიათებელი არის ორი ძირითადი ნიშანი - ესაა მთავრობის ფორმირება პარლამენტის მიერ და მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის და არა პრეზიდენტის ან სხვების წინაშე.
არაპირდაპირი წესით არჩევა არ არის საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი. შემიძლია დავასახელო 10 საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა. აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი, ავსტრია და ა.შ.
"რ": თქვენც აღნიშნეთ და ისედაც აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ასევე გადამწყვეტი გავლენები მოიპოვა სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში და ამ ფონზე პრეზიდენტიც რომ თავად აირჩიონ, მიზანშეწონილია? ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, თქვენ ემხრობით არჩევის წესის ცვლილებას?
ა.დ: ვნახოთ, როგორი იქნება ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის პოზიცია. ვთვლი, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები შეცვლილი წესით არ უნდა ჩატარდეს და მხოლოდ მომდევნო 2023 წელს მოხდეს არაპირდაპირი წესით არჩევა, ეს უკიდურეს ვარიანტში. თუმცა სასურველია, რომ დარჩეს პირდაპირი წესით არჩევნები.
"რ": თუკი მარგველაშვილს რეალურად მართლაც არ სურს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით აირჩეოდეს, რა ბერკეტი აქვს მას, საკონსტიტუციო ცვლილებას დაუპირისპირდეს?
ა.დ: ამ შემთხვევაში მას მრჩევლად ვერ გამოვადგები, მხოლოდ შემიძლია ვურჩიო, ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ვეტოს დაძლევა პარლამენტში ძალინ მარტივი იქნება და მეორე - ვურჩიო ასევე თანამშრომლობის სურვილი პარლამენტთან.
აპრილის ბოლოს უკვე ნათელი იქნება როგორი პრეზიდენტი უნდა "ქართულ ოცნებას", არაპირდაპირი წესით არჩეული თუ მაღალი ლეგიტიმურობის პრეზიდენტი. ამიტომ თუ პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნებს დანიშვნის სურვილი ექნება, მას შეუძლია ასეთი ნაბიჯი მაისშიც შეუძლია გადადგას და ივლისშიც. არჩევნები მესამე მოსმენამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა მე ეს არარეალურ სცენარად მიმაჩნია.