თიკო ოსმანოვა
19.01.2017

 სომხეთის შემდეგ ევრაზიულ კავშირს, შესაძლოა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთი ქვეყანა - მოლდოვა შეუერთდეს. იბრძოლებს თუ არა რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვისაც, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რუსეთის ინტერესი აშკარაა, მან სრულიად მოულოდნელად თავის დროზე სომხეთი უკვე გადაიბირა და შესაძლოა, საქართველოს და უკრაინის ჯერიც დადგეს.

ექსპერტების თქმით, ამ ქვეყნების იძულებისთვის რუსეთს საკმაოდ ბევრი ბერკეტები აქვს. მაგრამ ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ზეწოლის გამო რუსეთი ჩიხშია მოქცეული და იძულების ბერკეტებს ვეღარ გამოიყენებს. მეორე ნაწილი კი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოს ირაკლი კიკიანის აზრით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაახლოება ევროპასთან ავტომატურად გამოიწვევს რუსული იმპერიის გავლენის შემცირებას, ამას კი კრემლი არ დაუშვებს. თუმცა, მისი აზრით, რუსეთს შემდგომი მისი ნაბიჯები ძალიან ძვირად დაუჯდება, ამიტომ ეეჭვება, რომ კრემლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდეს.

"რუსეთი დაარსების პირველი დღიდან მტრულად არის განწყობილი დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს მიმართ. ის საქართველოსთან მიმართებაში ამბობდა, რომ არ არის წინააღმდეგი საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების, მაგრამ წინააღმდეგია ნატოსთან დაახლოების. თუმცა როდესაც საქმე ევროკავშირზე მიდგა, იქაც შემდეგ გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

"ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაახლოება ევროპასთან ავტომატურად გამოიწვევს რუსული იმპერიის გავლენის შემცირებას, ამას კი კრემლი არ დაუშვებს. საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, რუსეთმა ის რეზერვები, რაც გააჩნდა, უკვე გამოიყენა - ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამით ცდილობს ზეწოლის მოხდენას.

"შემდგომი ნაბიჯი მას ძალიან ძვირად დაუჯდება, აქედან გამომდინარე, საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს არჩეულ გზას და მჭიდრო თანამშრომლობას უნდა მიაღწიოს ევროკავშირთან. ევრაზიული კავშირის გაფრთოება თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ძალით. მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთს, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიურად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კიკიანი.

მისივე თქმით, რუსეთი მოქმედებს შესაძლებლობების შესაბამისად, რომელიც ახლა ძალიან შემცირებულია.

"რუსეთს კავკასიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. აქედან გამომდინარე, ცდილობს, გააკონტროლოს ენერგომატარებლის ტრანსპორტირების გზები, რომ ეს შემდეგ დასავლეთზე ზეწოლისთვის გამოიყენოს. თუკი დასავლეთს ექნება ენერგორესურსების ალტერნატიული გზები, ბუნებრივია, რუსეთი ამ კონკურენციაში იქნება სრულიად უსუსური.

"რუსეთის ეკონომიკა ნავთობზეა აგებული, აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონის გაკონტროლება, ისევე როგორც უკრაინის. შესაბამისად, ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ პარალელურად ზეწოლა გრძელდება რუსეთის მიმართ და ამიტომ კრემლი შეზღუდულია.

"რუსეთი მოქმედებს შესაძლებლობების შესაბამისად, რადგან დასავლეთმა სანქციები გაუმკაცრა, მისი შესაძლებლობა შეზღუდულია. ნავთობზე ფასის დაცემა მძიმე დარტყმაა რუსეთისთვის და ამას ემატება სანქციები და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. ამიტომ მისი აგრესია ცოტა შენელებული და შეზღუდულია", - გვითხრა კიკიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის აზრით კი, რუსეთი საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ამიტომ ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"რუსეთი იზამს ყველაფერს, რომ შევაჩეროთ ევროინტეგრაცია და გადავუხვიოთ ამ კურსს - ამისთვის მას ბევრი ინსტრუმენტი აქვს. მათ შორის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან არის და მოლდოვაშიც არსებობს - არაფორმალური მმართველობის ელემენტებს ვგულისხმობ.

"მას შეუძლია ოფიციალური პირების გვერდის ავლით მოახერხოს ადამიანებზე ზეწოლა. მეორე - ანექსიის მუქარა, ანუ შეიერთოს ჩვენი ტერიტორიები პლუს მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტები. ასევე შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული ინსტრუმენტები, თუნდაც "გაზპრომი". სწორედ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ არანაიარად არ მოეხდინა ჩვენზე ზეწოლა. ახლა კი უფრო მეტი შანსი აქვს, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

"მოლდოვაში და საქართველოში საკმაოდ ძლიერი პროპაგანდა აქვს რუსეთს - ამისთვის საკმაოდ ბევრ რესურსს ხარჯავს. ასე რომ, ბერკეტები აქვს - ამას გამოიყენებს თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენზე. რუსეთს ამის საშუალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ", - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×