"საფინანსო სექტორში არასახარბიელო ვითარებაა და პრობლემას უნდა ველოდოთ მომავალშიც"
მარი ჩიტაია
19.01.2017

 პირამიდული ბიზნესის ჩამოშლამ საშიში ფორმა მიიღო. გამორიცხული არ არის, საფინანსო ბაზარზე უამრთავი პროცესები დაიწყოს. კომპანია "საქართველოს" შემდეგ, მეანაბრეები თანხების მითვისებაში ქაჩ იკწლუკ პუწკპშფ-ს ადანაშაულებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, პროცესი ამით არ შეჩერდება და აღნიშნულ კომპანიებს სხვებიც მიჰყვებიან.

უახლოეს მომავალში კიდევ გამოჩნდებიან ფირმები, რომლებიც საკუთარი კლიენტების მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. დიდი ალბათობით, პირამიდული ბიზნესის ხვედრს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ზოგიერთი ბანკიც გაიზიარებს, რაზეც ფინანსურ წრეებში აქტიურად საუბრობენ.

სპეციალისტების აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის პირამიდა ბიზნესის კრიმინალიზება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რათა მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.

ქაჩ იკწლუკ პუწკპშფ-ს მიერ დაზარალებულები ამბობენ, რომ კვე 2 თვეა კომპანია კუთვნილ თანხებს არ უხდის. ორგანიზაციის ერთ-ერთი მეანაბრის მამუკა კაპანაძის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში კომპანიაში თანხის გადაუხდელობის რამდენიმე მიზეზს ასახელებდნენ.

"ჯერ გვითხრეს, რომ კომპანიას ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს, მერე გვითხრეს, რომ აუდიტის სამსახური, შემდეგ მიზეზად მფლობელის შეცვლა დაასახელეს, მაგრამ ეს მიზეზები იყო გამოგონილი და ამით დროს აჭიანურებდნენ. რეალურად, კომპანიას აღარ უნდოდა ფულის გადახდა, ახლა გავიგეთ, რომ კომპანიის დირექტორმა საქართველო უკვე დატოვა. ჩვენ მივმართეთ უკვე პროკურატურას და დაველოდებით მათგან რეაგირებას", - განაცხადა მამუკა კაპანაძემ "კომერსანტთან" საუბრისას.

მისი განცხადებით, ქაჩ იკწლუკ პუწკპშფ-ს 300-ზე მეტი მეანაბრე ჰყავს, შეტანილი თანხის მოცულობა კი 5 000 დოლარიდან 100 000 დოლარამდეა.

პარალელურად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საფინანსო კომპანიას "საქართველოს" მეანაბრეების პროტესტი. მათი საქმე იმდენად გახმაურდა, რომ დაზარალებულებს პერიოდულად ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ხვდებიან. ამჯერად პარლამენტარების ჯერი იყო. საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობის აქციის პარალელურად გუშინ მეანაბრეები უმრავლესობის დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ და გედევან ფოფხაძემ მიიღეს. ისინი პირობას იძლევიან, რომ კონტროლი გაძლიერდება და იმავდროულად ზიანის ანაზღაურებასაც შეეცდებიან.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრა მეანაბრეებთან იყო საკმაოდ დეტალური და მოხდა გარკვეული შედეგის მიღწევა. კერძოდ, გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი, რათა, საბოლოო ჯამში, გამოძიებამ თავისი სიტყვა თქვას.

"დღეს თითოეული ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შორის გაიმართა საგნობრივი საუბარი. მეანაბრეებს ჰქონდათ მყარი არგუმენტი, ბუნებრივია, ისინი დაზარალებულები არიან და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამნაშავის გამოვლენის მიზნით და მაქსიმალურად შეეცადოს ზარალის ანაზღაურებას. ჩვენ ავუხსენით, რომ საპარლამენტო კონტროლი ამ მიმართულებით გაძლიერდება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა მდინარაძემ.

ფინანსური პირამიდის პრინციპით მომუშავე კომპანიები ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გააქტიურდნენ. "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მათ საშიშ ორგანიზაციებს უწოდებს და განმარტავს, რომ საქართველოს ბაზარი, ამ ტიპის "ბიზნესისთვის" პატარა და უპერსპექტივოა.

"ქვეყანაში ძალიან გააქტიურებულია ე.წ. პირამიდული ბიზნესის მიმდევარი სხვადასხვა კომპანიები. ამის ნიშნები აშკარაა და თვალნათელია, რადგან აქტიურად მიდის მათი მარკეტინგული რეკლამა. ისინი მსურველებს სთავაზობენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.

ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი არ ნიშნავს გამართულ ბიზნესს. ეს ყველაფერი არის მაღალი რისკის შემცველი", - აცხადებს კეპულაძე და დასძენს, რომ მთავრობა მუშაობს კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც, მსგავსი კომპანიების არსებობა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და მათი საქმიანობა საბოლოოდ აიკრძალება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ასეთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, კეპულაძე ვერ ასახელებს. ნაწილი ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობს, ზოგი საბროკერო და საშუამავლო ფირმების საფარქვეშ და ა.შ.

თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ჭარაია ადასტურებს, რომ საფინანსო სექტორში პრობლემაა, რის გამოც ჩამოშლის გზას, პირამიდული ბიზნესის კვალდაკვალ, სხვა ფინანსური ორგანიზაციებიც გაუყვებიან.

"რთული სიტუაციაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. წინ გველოდება რამდენიმე "აფეთქება", რაც მხოლოდ ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე ორგანიზაციებით არ შემოიფარგლება. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასაც აქვს პრობლემა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკსაც კი, რაზეც საუბარი კულუარებში ხშირად მიდის.

ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ საფინანსო სფეროში სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე და პრობლემას უნდა ველოდოთ მომავალშიც. საკმაოდ რთული პერიოდი შეიძლება დაგვიდგეს, ფინანსურ წრეებში ამის შესახებ მეტ-ნაკლებად ცნობილია", - განუცხადა "რეზონანსს" ვახტანგ ჭარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×