საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. ძირითადი ცვლილება თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, სახელმწიფო პროგრამის რეფორმა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
"სამი მთავარი საყრდენი არის ფასი, ხელმისაწვდომობა და ხარისხი. პირველი ეტაპი, ანუ ხელმისაწვდომობა ძალიან წარმატებით შესრულდა. თუ დანარჩენ ორზეც არ ვიმოქმედებთ, რეფორმა აღმოჩნდება ცალმხრივი. ეს ყველაზე რთულად გასატარებელი რეფორმაა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა მის მომზადებას. წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა იქნება, მცირე ზომის კლინიკები", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მონაცემები კლინიკებთან დაკავშირებით საჯარო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მათ თავად ექნებათ ამის სურვილი.
ჯანდაცვის სამინისტროში კარგა ხანია აცხადებდნენ, რომ კლინიკები, რომლებსაც არ ექნებოდათ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს ე.წ. სელექტიურ კონტრაქტირებაზე.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მოხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, იქნება სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. მოგეხსენებათ, ბაზარზე არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მოქალაქეებს სერვისებს ან ფრაგმენტულად აწვდიან, ან შეუსაბამო მომსახურება აქვთ. პრობლემაა ისიც, რომ პაციენტის რეფერირებისას მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯი. ასეთი ტიპის დაწესებულებები გამოეთიშებიან და აღარ იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულნი", - განაცხადა ბერძულმა.
კიდევ უფრო მკაცრ შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. იგი კლინიკების ნაწილს საამქროებს უწოდებს.
"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ცვლილება იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ზოგიერთ დაწესებულებას კლინიკებს ვერც დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ - ესენი არიან საამქროები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოდან მიღებული ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ. სახელმწიფო ინტერესი კი ამ შემთხვევაში სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ ზოგიერთმა კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯა მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართა მედპერსონალსა და პაციენტებზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.
"რიგ კლინიკებს შეექმნათ მცდარი მოლოდინი. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში.
იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის, მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი სერვისის მიმწოდებლებთან ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას. სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, მაგრამ იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას - სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა რომ გვქონოდა", - აღნიშნა სერგეენკომ.