მთავრობა შიდა ვალის ზრდის მანკიერ ტენდენციას არ ცვლის. უკვე ორ კვირაში ფინანსთა სამინისტრომ მთელი წლის გეგმის 10%-ზე მეტი სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას სერიოზული პრობლემა აქვს ბიუჯეტის შევსების მხრივ, რაც "რეზონანსთან" საუბრისას სპეციალისტებმა დაადასტურეს კიდევაც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შიდა ვალის ზრდამ უარყოფითად იმოქმედოს კურსის სტაბილურობაზე, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა რეალურ შემოსავალზე მეტ ფულს ხარჯავს.
იანვრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციული ბანკებისგან სახაზინო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ობლიგაციების სახით 140 მლნ ლარი ისესხა. კერძოდ, 4 იანვარს - 40 მლნ ლარი, 11 იანვარს - ჯამურად 60 მლნ ლარი, ხოლო 18 იანვარს კი დამატებით 40 მლნ ლარის სესხი აიღო.
ბიუჯეტის შევსების მხრივ პრობლემა მოსალოდნელი იყო კიდევაც, რადგან ჯერ კიდევ დეკემბერში იმპორტიორებმა საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქცია მოიმარაგეს. შესაბამისად, იანვარში ბიუჯეტში შენატანები მცირე იქნება და ბალანსის შესანარჩუნებლად მთავრობამ ნაცად ხერხს მიმართა.
ეკონომისტი აკაკი ცომაია შიდა ვალის აღებას ბიუჯეტში არსებულ პრობლემას უკავშირებს. "ვალის ზრდის ტენდენცია წელსაც ნარჩუნდება, რაც მიგვანიშნებს, რომ ბიუჯეტის შევსების მიმართულებით პირველივე თვეში პრობლემაა. ამიტომ სახაზინო ნაშთიდან ხარჯვას ურჩევნიათ შიდა ვალის აღება. როგორც ჩანს, არჩევანი ამაზე შეაჩერეს. ბოლო დროს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, ცდილობს საფონდო ბაზრის, კერძოდ, კაპიტალის ბაზრის განვითარებას და აქედან გამომდინარე, აქტიურობს, რომ ფასიანი ქაღალდების ემისიის მეშვეობით შექმნას გარკვეული სტიმული", - აცხადებს ცომაია და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ შედეგზე, რაც შეიძლება შიდა ვალის ზრდას მოჰყვეს.
"შიდა ვალის აღება საერთაშორისო პრაქტიკაა. ერთი შეხედვით, მთავრობა არაფერს აშავებს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ვალდებულებების ზრდა ლარის სტაბილურობაზე დადებითად არ იმოქმედებს. ბანკებისგან ნასესხები თანხის ოდენობა იზრდება და საერთო ჯამში, როგორც ეს ეროვნულ ბანკსა და მთავრობაში მიაჩნიათ, გამოიწვევს გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის განვითარებას. სამაგიეროდ, მთავრობის ასეთი ნაბიჯები ლარის გამყარებაზე მოკლევადიან პერიოდში უარყოფითად იმოქმედებს.
ვფიქრობ, ბიუჯეტის შევსების მხრივ არის პრობლემა და იმისათვის, რათა ხაზინის ნაშთიდან არ დახარჯონ ფული, ვალს იღებენ. ამას ამართლებენ იმით, რომ სურთ კაპიტალის ბაზრის განვითარება. საბოლოოდ კი, ეკონომიკაში რეალურ შემოსავალზე მეტი ფული იხარჯება. ეს, თავის მხრივ, იწვევს მიმოქცევაში დამატებითი ფულის მასის გასვლას, რაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება", - განმარტავს აკაკი ცომაია.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შიდა ვალი, როგორც ძვირი რესურსი, მთავრობისთვის მიუღებელი უნდა იყოს. როგორც ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი განმარტავს, ქვეყნის მთავრობა არასწორ პრაქტიკას ირჩევს, რაც ცუდია სახელმწიფოსთვის და საბანკო სექტორის "გაზარმაცებასაც" განაპირობებს.
"შიდა ვალის აღების პრაქტიკა არ არის სწორი, რამდენადაც იგი ძვირი რესურსია. მეორე მხრივ, მისი აღებით "ზარმაცდება" საბანკო სექტორი, რომლისთვისაც სახელმწიფოზე საიმედო და სტაბილური მსესხებელი არავინაა. აქედან გამომდინარე, შიდა ვალის აღება სწორი გადაწყვეტილება არ არის. გაცილებით სჯობს, საგარეო ვალი გავზარდოთ.
დღეის მდგომარეობით, მშპ-სთან მიმართებით გვაქვს 41% საგარეო ვალი, რაც საგანგაშოდ არ მიმაჩნია, ლიმიტი გაცილებით მეტია. ამიტომ ვერ ვხედავ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც მთავრობა საგარეო ვალის ნაცვლად, შიდა ვალს იღებს. ძვირი სესხის აღება რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი, ეს ჩემთვის გაუგებარია. მთავარია, შიდა ვალის მთლიანი მოცულობა არ იყოს იმაზე მეტი, რაც წლიური გეგმით არის გათვალისწინებული", - აცხადებს გვიდიანი.
გეგმის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ 2017 წელს სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების სახით უნდა გამოუშვას სულ 1,332 მლრდ ლარი, საიდანაც ძველი ვალის დაფარვას 932 მლნ მოხმარდება. დღევანდელი ვალის ოდენობა კი წლის ბოლომდე მინიმუმ 400 მლნ ლარით გაიზრდება. ბოლო დროს მთავრობა ვეღარც ამ ლიმიტს იცავს. მაგალითად, შარშან სულ გამოუშვეს 633 მლნ-ის სახაზინო ვალდებულებები და 521,9 მლნ-ის სახაზინო ობლიგაციები. წინა წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 200-მილიონიანი მატება, მაგრამ დაახლოებით ორჯერ გადააჭარბეს. საბოლოო მონაცემები სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.