"ეს თემა შეგვიძლია იმ საერთო დაპირისპირების გაგრძელებად განვიხილოთ, რაც ამ დროის მანძილზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაიწყო. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი თემას გარკვეული რეზონანსი მოჰყვა და თუკი ოპოზიციამ ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენა", - ასე აფასებს ანალიტიკოსთა ნაწილი პრეზიდენტ მარგველაშვილსა და მმართველ ძალას შორის წამოჭრილ მორიგ უთანხმოებას, რომელიც "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების შემდგომ მხარეებს შორის წამოიჭრა.
ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი ამ თემაზე შექმნილ უთანხმოებას საზოგადოებასა და ოპოზიციურ ძალებში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პრეზიდენტმა "თავისი ძალა აჩვენოს და გააცხადოს, რომ მის ირგვლივ რაღაც ნაწილი ტრიალებს."
ცნობისთვის, მორიგი დაპირისპირება პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ახლა უკვე "გაზპრომის" თემით დაიწყო, როცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით ქვეყნის ენერგოსექტორი გაუარესდა, ასევე დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. ქვეყანამ კი სხვადასხვა მიმართულებით უარესი ვითარება მიიღო.
მარგველაშვილის ეს პოზიცია ჟურნალისტებსა და საზოგადოებას გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
"გაზპრომთან" დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე პრეზიდენტი ყურადღებას ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა", - განაცხადა მიშველაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ასევე საუბრობდა, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებშიც, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო, რაც მიშველაძის განცხადებით, ასევე არ განხორციელდა.
"2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
"მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ "გაზპრომის" თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა და იქვე დაუმატა, რომ პრეზიდენტის აზრით, "გაზპრომთან" მიმართებაში ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რაც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის 29 დეკემბრის რეზოლუციაში იყო აღნიშნული.
პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია "გაზპრომთან" მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით, შესაძლოა ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი პოლიტიკური რისკები მივიღოთ, ისევე როგორც ეკონომიკური დანაკარგები.
პრეზინდეტის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილიც. მმართველ გუნდში მარგველაშვილის განცხადებას დაუფიქრებელი უწოდეს და ისიც აღნიშნეს, რომ მას ენერგეტიკის მინისტრთან, კახი კალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მარგველაშვილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
"ჩვენ ყველა, ყოველ შემთხვევაში პარლამენტარები, ჩვენი გუნდი ვცდილობთ, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ, თუმცა პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. დაუფიქრებელი განცხადება არის გაკეთებული და სულ მცირე, ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტსა და მმართველ ძალას გარკევეულ საკითხებზე უთანხმოება აქვთ. მათი შეფასებით, უკანასკნელი წლების მანძილზე დროდადრო ჩნდებოდა კერა, როცა პრეზიდენტი აქტიურობდა და მმართველ ძალას წინააღმდეგობას უწევდა, რაც პოლიტიკურ აქტივობას რაღაც დროის მანძილზე იწვევდა კიდეც.
"როგორც ჩანს, პრეზიდენტი ყოველთვის ზომავდა მოცემულობას, ახლა კი როცა საჭირო მომენტი გაჩნდა, მარგველაშვილი კვლავ გააქტიურდა. მოცემულ შემთხვევას ერთ-ერთ ასეთ მომენტად განვიხილავდი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი და საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.
მისი აზრით, პრეზიდენტმა იცის, რომ ისეთ თემებში, სადაც რუსეთი ჩნდება, ეს ხელისუფლების გარკვეულ სუსტ წერტილად აღიქმება და შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით მან მომენტით ისარგებლა. მისი შეფასებით, ასეთ მომენტებს მარილს თავად ოპოზიცია აყრის-ხოლმე, რადგან რიგითი ადამიანისთვის მოცემულობა ნაკლებადაა ახსნილი იმისთვის, რომ გაზომოს - მოიქცა თუ არა სწორად ხელისუფლება.
"მსგავს შემთხვევას უფრო რადიკალი ოპოზიციონერები იყენებენ-ხოლმე და როცა ხელისუფლებისთვის დარტყმის მიყენება სურთ, რუსეთისა და ლარის თემაზე საუბრობენ. შესაძლოა ასეთ მომენტში პრეზიდენტმა ოპოზიციასთან უფრო ითანამშრომლოს, ვიდრე მმართველ ძალასთან", - ფიქრობს გამზარდია.
მისივე თქმით, რთულია პროგნოზირება, მოჰყვება თუ არა ამ თემას აზრის ფორმირების კუთხით საზოგადოებაში რამე გამოხმაურება, რადგან ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" მიმართებაში უმეტესობამ გაიგო, რომ ამ ეტაპზე უფრო ტექნიკურ ნაწილზეა საუბარი.
"რამდენად მოახდენს პრეზიდენტი ამ თემით მმართველი ძალის დაზარალებას, ეს ისევ მასზეა დამოკიდებული, რადგან ეს გახლავთ თემა, რომელზეც საზოგადოებრივი აზრი უფრო ლოზუნგებისა და პათოსის დონეზე ყალიბდება", - გვითხრა არჩილ გამზარდიამ.