ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდება. გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა უკვე მიიღო. 2017 წელს ახალი "პრეზიდენტის" არჩევის გარდა გაიმართება თუ არა არაერთგზის დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე, ეს ჯერ ისევ გაურკვეველია.
არადა, ბოლო წლებია ოკუპირებულ ცხინვალში ეს თემა პერიოდულად ძალიან აქტიურდება ხოლმე ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან. გასულ წელს კი დე ფაქტო ხელისუფლებამ "რეფერენდუმის" ჩატარება "ოფიციალურად" 2017 წლისთვის გადადო.
საგანგებო დოკუმენტში ჩაიწერა, რომ "რეფერენდუმი" უნდა გაიმართოს 2017 წლის "საპრეზიდენტო" არჩევნების ჩატარების შემდეგ, რასაც ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერეს კიდეც.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ადგილობრივი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დიდი ალბათობით ე.წ რეფერენდუმის გამართვა კიდევ გადაიდება, რადგან მოსკოვის ოფიციალური პირების მხრიდან ამ მიერთებას მხარს არ უჭერენ. თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ ამ "არჩევნებზე" ეს თემა კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.
მითუფრო, რომ "პრეზიდენტობის" ერთ-ერთ კანდიდატს, ე.წ. პარლამენტის სპიკერ ანატოლი ბიბილოვს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ მისი მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის შემადგენლობაში "რესპუბლიკის" შეყვანაა და გამარჯვების შემთხვევაში ამ მიზნის განხორციელების პირობას დებს.
"ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება. ჩვენ მაშინვე ვნახეთ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადება, არაფერს ვამბობ რუს პოლიტოლოგებზე, რომლებიც ხშირად ოფიციალური მოსკოვის პოზიციას ახმოვანებენ, რომ რუსეთს ახლა ეს საჭიროება არ უდგას. ამიტომაც, ჩემი აზრით ეს საკითხი ისევ გადაიდება. "ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ "საპრეზიდენტო" არჩევნებისას "რესპუბლიკის" სახელის გადარქმევაზეც ყოფილიყო ხმის მიცემა და დაემატებინათ სახელის გადარქმევის შესაძლო ვარიანტებიც. ესეც ამოვარდა", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ამ ეტაპისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ცხინვალის რეგიონის ლიდერობისთვის ბრძოლას 3 კანდიდატი გეგმავს - მოქმედი და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტები, ლეონიდ თიბილოვი და ედუარდ კოკოითი და ასევე ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი.
განსხვავებულია კანდიდატების მიზნები. როგორც "სპუტნიკ ოსეტიაში" იწერება, ანატოლი ბიბილოვი აპირებს ე.წ. არჩევნებზე იგივე პროგრამით წარდგეს, რომლითაც მისმა პარტიამ "ერთიანმა ოსეთმა" გაიმარჯვა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც მთავარ მიზნად დაყენებული იყო "რესპუბლიკის" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება რუსეთის ინტერესებში, ამ ეტაპზე მაინც, არ შედის.
ამავე გამოცემის ცნობით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოსახლეობას ჰპირდება, არჩევნებში მოგების შემდეგ გადაარქვას "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას" სახელი და მას ეწოდოს - ალანია.
რა გეგმები და ლოზუნგები აქვს ედუარდ კოკოითს, ამაზე მედიაში ჯერ ყურადღება ნაკლებად მახვილდება, რადგან ამ ეტაპზე კოკოითის ნომერ პირველი საზრუნავია კანდიდატურის დარეგისტრირებას მიაღწიოს.
საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა კოკოითის რეგისტრაციაზე უარი უთხრან, რადგან ის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა. ადგილობრივ მედიაში იწერება, თუკი "ექსპრეზიდენტს" უარს ეტყვიან, დიდი დაპირისპირება და დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს. ამავეს ამბობს ადგილობრივი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც, რომელიც "რეზონანსთან" საუბრობს იმაზე, თუ რა განწყობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.
მისი თქმით, დღეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყველა "საპრეზიდენტო" არჩევნებზე საუბრობს. მაგალითად ახალგორის რაიონში რთულია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერების პოვნა და იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციას ედუარდ კოკოითი გაივლის, კონკურენცია მასა და ანატოლი ბიბილოვს შორის გაიმართება.
მისივე აზრით, მოქმედ "პრეზიდენტს" დიდი მხარდაჭერა არც თავად ცხინვალში აქვს. თუმცა დიდი პოპულარობით "რესპუბლიკის" ცენტრში არც მეორე კანდიდატი - პარლამენტის ე.წ. სპიკერი სარგებლობს და ორივე კანდიდატის არაპოპულარობის ფონზე ვარაუდობს, რომ კოკოითის გამოთიშვის შემთხვევაში ბიბილოვი-თიბილოვიდან შანსი მოქმედ "პრეზიდენტს" უფრო ექნება.
"ახალგორში ხშირად ჩამოდიოდა "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, ქართულადაც საუბრობდა, მაგრამ მის მიერ დანიშნულმა ორმა გამგებელმა ადგილობრივებს თავი მხოლოდ უზომო კორუფციით დაამახსოვრა, ამიტომაც მოქმედი "ხელისუფლება" უნდობლობას იწვევს.
"გარდა ამისა, თიბილოვი ახალგორის ქართულ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა მიიღებდა პასპორტებს და ამით ყველას სრულფასოვან მოქალაქეებად აღიარებდა, თუმცა არც ეს შესრულდა", - აღნიშნავს მეარაყიშვილი.
მისი თქმით, 2014 წლის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 32 ათასი ამომრჩეველი დაფიქსირდა, მათგან ახალგორის ქართული მოსახლეობიდან იყო 2 ათასზე მეტი ამომრჩეველი, ვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი აქვს.
ამდენად, ახალგორის ხმებს არჩევნებში გადამწყვეტი როლი არ ეკისრება და გადამწყვეტი იქნება, ცხინვალში ვის დაუჭერენ მხარს.
ის ამბობს, რომ ცხინვალში ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა და მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ "რესპუბლიკა" სტაბილურ ჭაობშია, ამიტომაც მოსახლეობაში მესამე ძალას ელიან, ისეთს, რომელიც დღეს "ხელისუფლებაში" არ არის და აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ თუკი კოკოითი რეგისტრაციას შეძლებს, მას არც თუ ცოტა მხარდამჭერი ეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ კოკოითის "პრეზიდენტობისასაც" იყო ბრალდებები მის მიერ რამდენიმე მილიარდი რუბლის გაქრობაზე.
"ცხინვალში იხსენებენ იმასაც, რომ კოკოითის წასვლა მთლად კანონიერად არ მოხდა და რომ მაშინ მოსახლეობა ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდა", - ამბობს მეარაყიშვილი და დასძენს, რომ კოკოითის ლოზუნგია "დამოუკიდებლობის განმტკიცება", თუმცა ოკუპირებულ რეგიონში არსებული დიდი კორუფციისა და "სტაბილური ჭაობის" გამო მას მხარს ის ნაწილიც კი დაუჭერს, ვინც რუსეთთან შეერთების მომხრეა. რუსეთთან შეერთება კი, მისივე მტკიცებით, ცხინვალის რეგიონში ძალიან ბევრ ადგილობრივს სურს.
"რუსეთთან შეერთებას ქართველებიც კი უჭერენ მხარს. ისინი კერძო საუბარში ამბობენ, რუსეთთან შეერთება ავტომატურად ნიშავს რუსულ პენსიებს, მაღალ ხელფასებს და ა.შ. ვინც თბილისში უპრობლემოდ დადის, ალბათ მათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ ამ შეერთებით სხვა პრობლემები შეექმნათ და მინიმუმ, ასე თავისუფლად ვერც იარონ თბილისში", - ამბობს მეარაყიშვილი.