"თუ ოპოზიციონერების სამთავრობო სექტორში დასაქმებამ სისტემური სახე მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ცალკეულ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებზე და მათ მომხიბვლელი შეპირებებით იბირებდა, რამაც შედეგი გამოიღო," - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე საუბრობს.
მანვე შეაფასა ხელისუფლების პოზიცია "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასიდუმლოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი ვალდებულნი არიან შეთანხმება გაასაჯაროონ.
ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ენერგომატარებლები და გაზი არა ეკონომიკური რესურსი, არამედ სტრატეგიული იარაღია, მისი იმპერიული გეოპოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებას?
შალვა შავგულიძე: პირველ ყოვლისა, ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამ ხელშეკრულების პირობებს ასაიდუმლოებს. ეს მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არ არის მისაღები და მომგებიანი საქართველოსთვის და მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
ის მოგონილი მიზეზები, რომლითაც ხელშეკრულებას არ ასაჯაროებენ, კანონით გამყარებული არ არის, რადგან, როდესაც საქმე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, ასეთ სტრატეგიულ საკითხს ეხება, ხელშეკრულება საჯარო უნდა იყოს.
დოკუმენტს ხელს სახელმწიფო აწერს და არა რომელიმე კერძო კომპანია, ამის გასაიდუმლოება სამართლებრივადაც არასწორია და არც კარგზე მიგვანიშნებს.
ხელისუფლება ვალდებულია ხელშეკრულება გაასაჯაროოს, რათა საზოგადოებას მიეცეს მისი შეფასების საშუალება. აქ ვალდებულება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ პარლამენტსაც აქვს, რომელიც მთავრობის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
არსებითად, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ ენერგომატარებლები და გაზი რუსეთის ხელში არა ეკონომიკური რესურსი, არამედ სტრატეგიული იარაღია მისი იმპერიული გეოპოლიტიკური ზრახვების განსახორციელებლად.
ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ, როგორ გამოიყენა რუსეთმა ეს იარაღი ჩვენ წინააღმდეგ. გვახსოვს 90-იანებში გაყინული და ჩაბნელებული საქართველო. შემდეგ სხვა ქვეყნებისა და მეზობლების დახმარებით გავუძელით ამ ყველაფერს და შევამცირეთ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება.
აქ მთავარი მოთამაშეა "გაზპრომი", რომელიც სახელმწიფო კომპანიაა და სწორედ ის არის აღნიშნული სტრატეგიის განმახორციელებელი ორგანო.
ახლა კი ისეთი პირობების გაფორმება, რომელიც ქართულ მხარესთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში "გაზპრომს" ჩააყენებს, მიუღებელია. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ და საკუთარის ინტერესების წინააღმდეგ არის დადებული. ამას კი სამშობლოს ღალატი ეწოდება.
ხოლო თუ არ უნდა ხელისუფლებას, ეს იარლიყი ჰქონდეს, მან უნდა გაასაჯაროოს ეს ხელშეკრულება. სხვა შემთხვევაში, როცა ასე უპასუხისმგებლოდ მალავენ პირობებს და ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ამას ვიჯერებთ, ეს არის ძალიან მიუღებელი საქციელი ხელისუფლების მხრიდან.
"რ": როგორ ფიქრობთ, დღეს ვინ შეიძლება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩაითვალოს?
შ.შ: დღეს რომ ვთქვათ რომელიმე ძალაზე, რომ ძირითადია, სხვა მეორეა და მესამე, ვფიქრობ არ იქნება სერიოზული მიდგომა. მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ისინი არიან ერთადერთი და ძირითადი ოპოზიციონერები, მაგრამ ეს არ არის საკითხის სწორად დაყენება. რადგან არავინ იცის, რომელი ძალა რა რესურსს შეიძენს და როგორ შეძლებს ხელისუფლებისთვის ოპოზიციონირების გაწევას.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევხედოთ რა მიმართულების ძალები არსებობს ქვეყანაში. როგორც ოპოზიციურ, ისე სახელმწიფო ძალებში. ამ მხრივ ორ მიმართულებას გამოვყოფდი: ერთია ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის და მისი გაზრდის პირობებში ჩვენი ქვეყნის მომავალი უფრო ნათელი იქნება.
მეორე - დასავლური ორიენტაციის ძალებია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა.
"რ": როგორ შეაფასებდით თქვენი ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილებას, უმრავლესობაში დაბრუნებასა და გარკვეულ თანამდებობებზე ყოფნას. რამდენად მისაღებია თქვენთვის ასეთი ნაბიჯები?
შ.შ: მე გეტყვით, რომ ისინი, როგორც ყოფილი ოპოზიციონერები, ისევე ჩვენი ყოფილი თანაპარტიელები არიან, რომლებმაც დაგვტოვეს და დღეს დამოუკიდებელი ადამიანები და საკუთარი თავის განმკარგველები არიან. მათ აირჩიეს ასეთი გზა და ეს მათი გადასაწყვეტია.
არ მაქვს მათი შეფასების სურვილი, თუმცა ჩემთვის ეს არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან თუ რაღაც პრინციპებისა და ღირებულებების გამო დავტოვე "ქართული ოცნება" და საზოგადოებას ვუთხარი, რომ ამ ძალის ოპოზიციონერი ვარ.
ასე უცებ ისევ "ქართული ოცნების" სტრუქტურებში სამსახურის დაწყება აჩენს ეჭვს, რომ ან მათი ოპოზიციონერობა იყო ხელოვნური ან შემდგომ დაუშვეს შეცდომა, როდესაც თქვეს, რომ აღარ არიან ოპოზიციონერები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და ამიტომაც მე არ მოვიქეცი ასე, ისევე, როგორც სხვა ჩემი თანაგუნდელები დარჩნენ "თავისუფალ დემოკრატებში" და ფიქრობენ, როგორ გავაძლიეროთ პარტია და როგორ ვთქვათ ჩვენი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში.
"რ": ელოდებით თუ არა, რომ სამთავრობო უწყებებში სხვა ყოფილ "თავდემის" წევრებსაც ვიხილავთ?
შ.შ.: არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ეს უინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის. თუ პოლიტიკურად შევაფასებთ, ეს არაჯანმრთელი ტენდენციაა.
თუ სისტემური სახე მიიღო ოპოზიციონერების სამთავრობო სექტორში დასაქმებამ, ეს იმას ნიშნავს რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ცალკეულ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებზე, მათ მომხიბვლელი შეპირებებით იბირებდა და ამან თავისი შედეგი გამოიღო.
ეს არის არაჯანმრთელი საზოგადოებისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრისთვის, თუ ამან ტენდენციის სახე მიიღო, გამოდის აქ "ქართულ ოცებას" აქვს სერიოზულად ნამუშევარი, ოღონდ ძალიან ცუდად, რადგან ძალიან ცუდ ღირებულებებს ახალისებს.