პოლიტოლოგი, უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება და ენერგეტიკის მინისტრი, მისი აზრით, იძულებული გახდნენ წამგებიან შემოთავაზებას დათანხმებულიყვნენ.
მაისაია ამბობს, რომ შესაძლო მიზეზთა ჩამონათვალი ბევრია, ვინაიდან "გაზპრომსა" და მის უკან მდგომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის უამრავის საშუალება აქვთ.
ვახტანგ მაისაია: "გაზპრომს" წმინდა ენერგოუსაფრთხოების კონტექსტშიც შეეძლო საქართველოზე ზეწოლის განხორციელება. მოგეხსენებათ, მან აზერბაიჯანის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. ანუ, აზერბაიჯანული გაზის მარაგებს ის ყიდულობს.
ასე რომ, არაა გამორიცხული უარის შემთხვევაში საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მარაგი გადაკეტილიყო. ამ პირობებში კი "გაზპრომი" საქართველოსთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელი აღმოჩნდებოდა.
გარდა ამისა, სომხეთს გაზის მოხმარების გაზრდა უნდა და, შესაბამისად, საქართველოსთვის 100%-ით ნატურით, ანუ გაზით გადახდა, მისთვის დანაკარგი იქნებოდა. ანუ, იგი გაზს საჭირო რაოდენობით ვეღარ მიიღებდა.
კითხვებიც ბევრია. მოგეხსენებათ, ჩვენ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდანაც ნატურით ვიღებთ გაზის გარკვეულ მოცულობას. საკითხავია, თუკი აქედან შეგვიძლია საფასურის ნატურით მიღება, "გაზპრომის" შემთხვევაში რატო არ შეგვეძლო იგივე გაგვეკეთებინა? ეს გასარკვევია.
"რ": გეოპოლიტიკურ ფაქტორს თუ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე გარკვეული გავლენა ჰქონოდა?
ვ.მ: როგორც ჩანს, ესეც გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, რომ აქ საუბარია რუსეთის გააქტიურებაზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რუსეთს შეეძლო საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის კიდევ დამატებითი, გეოპოლიტიკური ბერკეტებიც გამოეყენებინა.
გეოპოლიტიკური სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ამერიკაში ტრამპის მოსვლამ საკითხი ისე დააყენა, რომ ამერიკას საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნაკლებად შეუძლია. ტრამპი ცდილობს ნეოიზოლაციური საგარეო პოლიტიკური კურსი გაატაროს, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს იმ ვალდებულებებისა და ამოცანების შესრულებას, რომელსაც ობამა, ან ბუში ასრულებდნენ. რეგიონში მის გააქტიურებასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაზრდას ვგულისხმობ.
ევროპაშიც, მოგეხსენებათ, რთული სიტუაციაა. მოლდოვას ფაქტორმაც შეიძლება იმოქმედა. მოლდოვას პრეზიდენტი დოდონი მოსკოვში ჩავიდა და სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ფაქტობრივად ევროკავშირის საწინააღმდეგოდ შემობრუნება დაიწყო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაც კი მოითხოვა.
ფაქტია, რომ რუსულმა "რბილმა ძალამ" მოლდოვაში მისთვის სასურველი შედეგი მოიტანა. ამ დროს, მოლდოვა, საქართველოზეც და უკრაინაზეც ბევრად წინ იყო ევროკავშირთან ურთიერთობაში. მითუმეტეს, რომ მას საკმაოდ მძლავრი ლობისტი ჰყავს რუმინეთის სახით.
შემთხვევითი არ იყო ის, რომ მოლდოვამ ვიზალიბერალიზაციაც პირველმა მიიღო და ასოცირების ხელშეკრულებასაც პირველმა მოაწერა ხელი. ევროკავშირში შესვლაც ბევრად ადრე შეეძლო, ვიდრე საქართველოსა და უკრაინას შეუძლიათ. ამ ფონზე, მათ პროდასავლურ პოლიტიკას საერთოდ გადაუხვიეს. ცხადია, რომ რუსულმა მხარემ კარგად იმუშავა.
ტრამპმაც კი აღიარა, რომ რუსეთმა შეძლო და ამერიკული არჩევნების ბედი მისთვის სასურველი მიმართულებით გადახარა. ასე რომ, ეს ყველაფერიც საქართველოზე ზეწოლის არა პირდაპირი, არამედ ირიბი ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო.
"გაზპრომი", როგორც მოგეხსენებათ, თითქმის მთლიანად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადია - 92% სახელმწიფოს წილია და მხოლოდ 8 %-ს ფლობენ კერძო მესაკუთრეები.
ასე რომ, იგი სახელმწიფოს ნების გამტარებელი მეგა კორპორაციაა, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ჰოლდინგი გააჩნია, საკუთარი სპეცსამსახურები და ა.შ. ასე რომ, გეოპოლიტიკურ როლს ნამდვილად არ გამოვრიცხავ.
"რ": რადენად წაგებული რჩება საქართველო ახალი ხელშეკრულებით?
ვ.მ: ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლოა თანხით გადახდის გამო ბევრი რამ დავკარგოთ.
ნატურით მიღებული სარგებელი ბევრად უფრო მომგებიანი იყო. ამით საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ერთგვარად გარანტირებული იქნებოდა. ორი ენერგომიმწოდებლისაგან გაზის მიღებით ბევრად მშვიდად ვიქნებოდით.
დღეს კი გამოდის, რომ მივიღებთ თანხას, რომლითაც ისევ გაზი უნდა შევისყიდოთ და ეს შეიძლება ბევრად პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან გაზის ფასები, ნავთობის ფასებისაგან განსხვავებით, იმატებს.
ნავთობთან შედარებით მასზე მოთხოვნა მეტადაა გაზრდილი. საქართველოც გაზს უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე სხვა ენერგორესურსებს. ასე რომ არ ყოფილიყო, გამოწვევაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა გაზის მოხმარებაზე ასე ვართ დამოკიდებული, მეტად მტკივნეულია.