რატომ დათანხმდა საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას, რაზეც აქამდე, წლების განმავლობაში უარს ამბობდა? რითი აიძულა იგი რუსეთმა, წამგებიანი ნაბიჯი გადაედგა? - ეს ბოლო კვირების ყველაზე აქტუალურ კითხვებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების ცვლამ ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია.
ოპოზიცია და სპეციალისტები მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ. საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტშიც დაიბარა განმარტების მოსასმენად.
როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულებით კმაყოფილი არც პრეზიდენტია. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით უარესი ვითარება მიიღო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ხელისუფლების მხრიდან ამგვარი საჩოთირო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რა ბერკეტები გააჩნია რუსეთს მასზე ზეწოლისათვის ისეთი, რომ ამ ყველაფერზე დაეყოლიებინა.
კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, შეიძლება პირდაპირ ბერკეტზე საუბარი არც იყოს. მისი თქმით, შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო მუქარა, რომ პირობებზე არდათანხმების შემთხვევაში რუსეთი საქართველოს მეორე დღესვე "რამეს უზამდა".
კომპრომისზე წასვლის ძირითადი მოტივაცია, მისი აზრით, ის იყო, რომ ქართულ მხარეს სურს ის "გადატვირთვის" პოლიტიკა შეინარჩუნოს, რომელსაც ბოლო წლებია რუსეთთან მიმართებაში აწარმოებს.
"ამ პოლიტიკას ხელისუფლებაცა და საზოგადოების დიდი ნაწილიც ალბათ წარმატებულად მიიჩნევს. ალბათ არ უნდოდათ, რომ ამას პრობლემები შექმნოდა. თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ, რუსეთისაგან გარკვეული მიმართულებებით პრობლემები შეიქმნებოდა. ვფიქრობ ამ ძირითადი ფაქტორით იყო ქართული მხარის კომპრომისი განპირობებული", - აღნიშნავს კანაშვილი.
გარდა ამისა, მისი თქმით, მხოლოდ რუსეთის მხრიდან იძულებაზე არ უნდა ვიფიქროთ და სომხეთის ფაქტორიც გავითვალისწინოთ. ამბობს, რომ ქართული მხარისათვის სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია და შესაძლოა მისი მხრიდან დათმობისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი ესეც ყოფილიყო.
ყველაზე პრობლემური კი, კანაშვილის აზრით, ის კი არაა, რომ ქვეყანა ამაზე წავიდა, არამედ ის, რომ საზოგადოებას სახელმწიფო მაინცადამაინც კარგად ვერ უხსნის თუ რატომ გააკეთა ეს. ამბობს, რომ თემაზე ხალხთან კომუნიკაცია მინიმალური იყო.
"გარდა ამისა, არც ის ვიცით, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ, რადგან მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულება ორწლიანია. თუ ეს პირობები დღეს მისაღებია და ისეთი კარგია, როგორც ამას ხელისუფლება აღწერს, მაშინ უფრო გძელვადიანი ხელშეკრულება რატომ არ დაიდო? ორი წლის შემდეგ იგივე პრობლემა რა უნდა დადგეს? რა იქნება მაშინდელ მოლაპარაკებაში ჩვენი არგუმენტები? ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო ხომ არ შესუსტდება? ეს უფრო პრობლემური საკითხები მგონია", - დასძენს იგი.
უსაფრთხოების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია კი ყურადღებას ენერგოუსაფრთხოებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ "გაზპრომს" ამ კონტექსტშიც შეეძლო საქართველოზე ზეწოლის განხორციელება.
"მოგეხსენებათ, მან აზერბაიჯანის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. ანუ, აზერბაიჯანული გაზის მარაგებს ის ყიდულობს. ასე რომ, არაა გამორიცხული, უარის შემთხვევაში საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მარაგი გადაკეტილიყო. ამ პირობებში კი "გაზპრომი" საქართველოსთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელი აღმოჩნდებოდა", - აცხადებს იგი.
ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯი პროფესორ იგორ კვესელავას არ აკვირვებს. ამბობს, რომ ასეთი რამ ხდება ისეთ დროს, როდესაც ურთიერთობა გიგანტურ სახელმწიფოსთან გაქვს, რომელსაც უამრავი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ საკუთარ პირობებზე დაგიყოლიოს, ხოლო შენ არაფერი გაგაჩნია, რათა შენი წესები შესთავაზო.
"როცა კალაძეს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება სწორი არაა, რომ იგი საქართველოსთვის მავნებელია, გასაგებია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რაღაცები ხდება. რა უნდა ექნა ხელისუფლებას?
"თუკი ამის ხელმოწერაზე უარს ვიტყოდით, ჩემი ინფორმაციით, არსებობდა ალტერნატიული გზაც - რუსეთს შეეძლო სომხეთისათვის გაზი ირანის მეშვეობით მიეწოდებინა. ეს ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ შეძლებდნენ. ასე რომ, ლანძღვა ადვილია, მაგრამ რეალობა შეიძლება ბევრად რთული იყოს.
"ამ ყველაფერში აუცილებლად იქნება საიდუმლოებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, ამიტომ ხელაღებით რამეს თქმა მეძნელება.
მართალია, ფული შეიძლება დაგვეკარგოს, მაგრამ თუკი ეს გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, თუნდაც შორს მიმავალს, მაშინ გამართლებულია. ყველაფერი მალე გამოჩნდება და თუკი რამე არასწორად გაკეთდა, ეს ამ ხელისუფლებას წინ დახვდება. მუდმივი არაფერია", - აცხადებს კვესელავა.