ქუთაისში, დიაკვან გიორგი ჯახუას სახლიდან პოლიციამ ორი ძირი მარიხუანა ამოიღო. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის" ინფორმაციით, სამართალდამცველები მის დაპატიმრებას გეგმავენ.ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „batumelebi.ge"ავრცელებს.
გიორგი ჯახუა ორი წელია მძიმედ არის ავად და როგორც თავად ამბობს, მარიხუანას ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა.
როგორც დიაკვანმა მომხდარის შესახებ „გირჩის" ოფისში განაცხადა, სამართალდამცველები მის სახლში გუშინ გვიან ღამით მივიდნენ და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე დაიწყეს.
როგორც ჯახუა აცხადებს, მარიხუანის აღმოჩენის შემდეგ, პოლიცია მას დამცინავად ეპყრობოდა: „ქილიკით ლაპარაკი, გარდერობის ნივთების მორგება, მცენარეებთან სურათების გადაღება დაიწყეს. ხელი გადამხვიეს კანაფის ფონზე და „სელფები" გადაიღეს".
„გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, დიაკვანს იურიდიულ დახმარებას პარტია გაუწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.