რეზონანსი
19.01.2017

 ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მთავარ მიღწევებზე და მომავალი მემკვიდრისთვის არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ საუკეთესო რჩევა, რაც ტრამპისთვის მიუცია, არის ის, რომ უსმინოს ყველას მის ირგვლივ.

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ საკუთარი თავის და ამერიკელი მოქალაქეების მიმართ რწმენა განუმტკიცდა. „უბრალოდ ვაპირებ, რომ ვიყო კარგად. უნდა ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ და მე ვიცი, რომ თქვენ ამაში დამეხმარებით".

მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ-სა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები განიხილა. მისი თქმით რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ამერიკის და მსოფლიოს ინტერესია. ობამა აღნიშნავს, რომ  პრეზიდენტობის დროს ხელს უწყობდა პოლიტიკის დათბობას, თუმცა ურთიერთობა ჩიხში პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკამ და მისმა შეჯიბრობითობის სურვილმა შეიყვანა. ობამას თქმით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, რუსეთში ანტიამერიკული განწყობა გაძლიერდა. ამან კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ესკალაცია გამოიწვია.

„რუსეთთან კარგი ურთიერთობა პასუხობს აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს. ეს ჩემი პრეზიდენტობის მიდგომა იყო. ჩვენი დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ რუსეთი მსოფლიო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი გამხდარიყო".

ობამამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა სტაბილური გახდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდი ურთიერთობა დამყარდება, ისინი ისტორიულად და სოციალურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები, მაგრამ უკრაინა - ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა".

ბარაკ ობამა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტია 2009 წლის 20 იანვრიდან. ის ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის 2009 წლის ლაურეატია. ბარაკ ობამა პირველი შავკანიანი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში. ის პრეზიდენტად მეორე ვადით, 2012 წელს აირჩიეს. ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 20 იანვარს, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×