"მრეწველი" სიმონ ნოზაძე თვლის, რომ ინიციატივები ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტატებისგან უნდა მოდიოდეს
ნინო ქეთელაური
20.01.2017

 "მინისტრთა კაბინეტი თავის ზომებს იღებს, მაგრამ ინიციატივები ადგილობრივი ხელისუფლების, თუ ცალკეული დეპუტატებისგან უნდა მოდიოდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ რამეს გადაწყვეტს", - აცხადებს პარლამენტში პარტია "მრეწველების" ერთადერთი დეპუტატი სიმონ ნოზაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

"გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება, ხელისუფლების ეკომონიკური პოლიტიკა, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები - ეს ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" დეპუტატს ესაუბრა.

სიმონ ნოზაძე: გასათვალისწინებელია ის, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ორივე მხარის სურვილია საჭირო, რომლებიც მათთვის ხელსაყრელ პირობებს თანხმდებიან. ამასთანავე, თანამედროვე მსოფლიოში ანგარიშსწორების ძირიათადი ფორმა ფულია და ნატურალური ფორმით აღარ ხდება.

ჩვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ იმ მხარის პოზიციაც, რომელიც მომწოდებელია. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულება ამ ფორმით დაიდო. ეს ერთი, და მეორე, მე არ მგონია, იმდენად დიდი სხვაობა იყოს, რომ ასეთი ხმაურის ატეხვა ღირდეს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფების მოქმედება სწორი მგონია.

"რეზონანსი": აღნიშნული ხელშეკრულების დადებით, ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავთ?

ს.ნ: რა საფრთხე უნდა იყოს?! პირიქით, გარანტირებულად რაღაც თანხას მოგვაწვდიან. მანდ ის საფრთხე უფრო არსებობდა, რომ სოხეთისთვის გაზი ირანული მხარიდან მიეწოდებინათ და საქართველოზე საერთოდაც აღარ გამოეტარებინათ.

ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენ რამე ვიზარალეთ, გაუმართლებლად მიმაჩნია. თანაც, ერთგვარად ნდობის ხარისხიც გაიზრდება ხელშეკულების მონაწილე ორ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, ქართულ და რუსულ მხარეს შორის. მე საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის მომხრე ნამდვილად ვარ.

"რ": როგორ შეაფასებთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამ მხრივ საქართევლოში არსებულ მდგომარეობას?

ს.ნ: დასაწყისში ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღვნიშნავ, სულ რამდენიმე დღეა, რაც ლარიზაციაზე გადასვლა დაიწყო და ამან ლარის კურსზე უკვე რეაგირება მოახდინა. აქ სხვა ფაქტორებიც არის, მაგრამ მე ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი შემადგენელი იყო.

რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკას, ამაზე ალბათ, უკეთეს პასუხს დარგობრივი ეკონომიკის, ან თვითონ სამინისტროს წარმომადგენლები უფრო გაგცემდნენ, მაგრამ მე როგორც დეპუატატი, ჩემს მაგალითს მოვიყვან.

17-ში დიდი პროექტის პრეზენტაცია გვქონდა ხაშურში, სადაც ვაპირებთ 120 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების დაყენებას. ამ ყველაფერს გერმანული მხარე აფინანსებს და ხაშურისა და ნაწილობრივ ხარაგაულის ტერიტორიაზე დაახლოებით, 180 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ დეპუტატიც, ხელისუფლებაც და დამფინანსებელი კომპანიაც მოწადინებულები არიან, რომ ეს გაკეთდეს და ივნისში დაიწყება ამის მშენებლობა.

ასევე, პირადად მე წასული ვიყავი ყაზახეთში რათა ინვესტორები მომეძიებინა. ხაშურში მინის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება გვინდა. თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო მინის ბოთლების მოხმარებაზე გადადის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მცდელობა შედეგს გამოიღებს, რადგან დარგობრივი ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტების ხელმძღვანელებს უკვე ვესაუბრე და მათი მხარდაჭერაც მექნება.

და კიდევ ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, ჩემს ნაცნობ ებრაელ ბიზნესმენს ვთხოვე ჩამოსულიყო, ვაჩვენე ტერიტორია, სადაც წელს უკვე დაიწყებს ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც სრულიად აითვისებს ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ხილს, ქლიავს, ვაშლს, დაამზადებს ჩირს და კანადაში გასაყიდად წაიღებს.

აი ეს არის ის გზები, რაც ეკონომიკის გამტკიცებას უწყობს ხელს. ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტი თავის ზომებს მიიღებს, მაგრამ ინიციატივები ადგილობრივი ხელისუფლების თუ ცალკეული დეპუტატებისგან უნდა მოდიოდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ რამეს გადაწვეტს.

საერთო ჯამში, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სირთულე, რაც მსოფლიოს გამოძახილია, საქართველოშიც არის, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.

"რ": როდესაც დეპუტატი გახდით, "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადეთ, რომ თქვენს საკანონმდებლო უფლებას აუცილებლად გამოიყნებდით და პარლამენტში ინიციატივებს წარადგენდით. რამე კანონპროექტი უკვე მზად ხომ არ გაქვთ?

ს.ნ: სიმართლე გითხრათ, ამ პერიოდში მე უკიდურესად აქტიურად ვარ ჩაბმული ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობაში. ახლაც ჩემი ხარჯით გახლდით უზბეკეთში, რომ ქართველი და უზბეკი მეცნიერების გაცვლა მოხდეს, რათა ერთმანეთის არქივებში ვიმუშაოთ და ისტორიულ კვალს მივაგნოთ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, ამას რა თქმა უნდა გავაკეთებთ, მონახაზიც გვაქვს, რომელსაც წინასწარ განსახილველად ფრაქციებსაც შევთავაზებთ და კონკრეტულ ცვლილებაზე მუშაობას, ამის შემდეგ დავიწყებთ. ჯერ 4 წელიწადი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი აქტივობა კანონშემოქმედებითი კუთხითაც გამოვავლინოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×