ინფორმაციული კულტურის სპეციალისტი თვლის, რომ "მედიასივრცე ამოვსებულია მოსახლეობისათვის საშიში ანტისანიტარიით"
ია აბულაშვილი
20.01.2017

 "საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურება. კონკრეტულ პოლიტიკურ "აქტორებზე" მიბმული და ყოველგვარი შემოქმედებითი მუხტის გარეშე დარჩენილი.

"ჩვენს მედიასივრცეში თითქოს ახალი და ორიგინალური აღარაფერი იბადება. იგი თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ტირაჟირება გაუწიოს სადღაც დაბადებულ იდეებს და განწყობებს" - აცხადებს ინფორმაციული კულტურის სპეციალისტი ლელა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

"რ": დღეს თქვენი კოლეგები ძალიან ბევრს საუბრობენ მედიის როლზე, მის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ ტელევიზიები ერთსა და იმავე თემებს, პოლიტიკურ "აქტორებს" თუ ე.წ. "ბომონდურ" პერსონაჟებს ატრიალებენ. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

ლელა ფირალიშვილი: "მედიის როლის გადაჭარბებულად შეფასება მართლაც ძალზე ძნელია. იგი დღეს სრულიად ასტრუქტურირებს არა მხოლოდ ცნობიერებას, არამედ ყოფას. უკვე მესამე საუკუნეა მედიალური სივრცე ტოტალურად განსაზღვრავს მთელი დედამიწის სააზროვნო ველს, გემოვნებას.

განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც უკანასკნელ საუკუნეებში თავისი პასიური ისტორიული როლის გამო იდეათა მომხმარებლად ჩამოყალიბდა.

ეს დაღი ჩვენც განსაკუთრებულად გვეტყობა. ჩვენს მედია-სივრცეში თითქოს ახალი და ორიგინალური აღარაფერი იბადება. იგი თითქოს მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ტირაჟირება გაუწიოს სადღაც დაბადებულ იდეებსა და განწყობებს.

ქართული საეთერო სივრცე დღეს არ სუნთქავს, მიუხედავად იმისა რომ საეთერო ჰქვია. იგი ამოვსებულია მოსახლეობისათვის საშიში ანტისანიტარიით.

მედიასივრცე მოვლენებს კი არ აშუქებს, თავად ადგენს ინფორმაციულ მენიუს. მენიუ კი საოცრად მწირია. ფსევდოპოლიტიკა, მდარე ხარისხის სერიალები და ე.წ. "შოუები" მედიაზე მიბმული მოსახლეობისათვის იგი არავითარ შანსს არ იძლევა არც რეფლექსისათვის, არც თვითრეფლექსისათვის.

სწორედ რომ პირიქით - "პავლოვის რეფლექსით" რეაგირებს ყველა შოუზე, ყველა საინფორმაციო გადაცემაზე, ყველა სერიალზე. ახალი არაფერია, არც ძველი... არც იდეა, არც პერსონაჟი, არც სახელი, არც გვარი, ერთი და იგივე პოლიტიკური თემები, ერთი და იგივე პერსონაჟები. თავად პოლიტიკა პოლიტიკის გარეშეა დარჩენილი, ეკონომიკა ეკონომიკის გარეშე, კულტურაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურება. კონკრეტულ პოლიტიკურ "აქტორებზე" მიბმული და ყოველგვარი შემოქმედებითი მუხტის გარეშე დარჩენილი.

ინფორმაცია და შოუ ერთი და იმავე "პოლიტიკით" იქმნება - მხოლოდ მდარე პროპაგანდისტული ხერხებით. ჩვენც სატელევიზიო ბადის რიტმს მიბმულები, ველოდებით ახალ ინფორმაციულ ულუფას იმ "ცოდნით", რომ ეს უკვე ვინ იცის მერამდენედ ნანახი გვაქვს, მაგრამ "პავლოვის რეფლექსი" ხელახლა "გვაიძულებს"...

"რ": დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებმა, ახალი ხელმძღვანელობა ახალ ხედვასა და მაღალ რეიტინგს გვპირდება. როგორია თქვენი მოლოდინი?

ლ.ფ: ვფიქრობ, მართლაც სერიოზული ტვირთის აწევა მოუწევს საზოგადოებრივ მაუწყებელს. საზოგადოებრივი არხის მიმართ გაცილებით მეტი მოლოდინი არსებობს, ვიდრე რომელიმე რიგითი ტელევიზიის მიმართ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ყურადღებაა კონცენტრირებული და მათგან მოითხოვს არ ჩამოსცილდეს მაღალ ღირებულებებზე ორიენტირებულ ნიშნულებს.

საზოგადოებრივი დაკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაცილებით მეტია, ვიდრე რიგით ტელევიზიაზე, თუნდაც იმ რიგითის ყურების სიხშირის მიხედვით უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს. საზოგადოება მოელის ტელევიზიის კონცეფცია ერთიან ეროვნულ თუ გნებავთ სახელმწიფოებრივ ღირებულებით საზრისზე აიგოს. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს დაკვეთა მდარე ხარისხის სერიალებსა და ხმაურიან ეპატაჟურ-ბრუტალური ვნებებით სავსე გადაცემებსა და ნიუსებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი კულტურის იდენტობებს უნდა "აგნებდეს" და მას ტრანსლირებდეს. ვფიქრობ ეს უნდა იყოს მისი მისია. ახლა მთავარია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააცნობიეროს ის მისია, რომელიც მას ათწლეულების წინ ისტორიულად დაეკისრა და ღირსეულად გაუსწოროს თვალი იმ მოლოდინს, რომელიც მის მიმართ არსებობს.

"რ": რა ბედი ელის "რუსთავი 2"-ს და რას შეცვლის მედიაბაზარზე სამი ტელევიზიის - "მაესტროს" "იმედისა" და "ჯიდიესის" გაერთიანება?

ლ.ფ: რაც შეეხება "რუსათვი 2"-ს, მას, დიდი თავსატეხი ელის. იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური რუპორი იყო და არა მხოლოდ რომელიმე ერთი ლიდერის საკუთრება. ძალზე ძნელი იქნება მან ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიის ნიშა შეავსოს. მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, ახლა უკვე რომელიმე "პატრონის" სასარგებლოდ და ამდენი ხნის "ბრძოლა" - ვინ უნდა იყოს ან ვინ არის "რუსთავი 2"-ის ფასადური მფლობელი, სრულიად ნათელს გახდის და "გაამჟღავნებს" რეალურ მფლობელს.

დანარჩენი ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ვერც პოლიტიკურ ველს ცვლიან და ვერც საინფორმაციო კლიმატს (ამაზე, ვფიქრობ, არც "რუსთავი 2"-ს ჰქონდა ან უნდა ჰქონოდა პრეტენზია). ამიტომ არავის გაუკვირდება მათი არც გაერთიანება და არც დაშლა. არც საინფორმაციო გადაცემების ხარისხი შეიცვლება. არც "შოუები" გაქრება და, არც თურქული თუ ინდური სერიალები წავა სადმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×