"დიდი ხანია, საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, მაგრამ თითქმის არაფერი იცვლება"
მარი ჩიტაია
20.01.2017

 დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი წელსაც გადაჭარბებულია. რეალური შედეგი, რაც შეიძლება წლების განმავლობაში ქართულ მხარეს ფორუმში მონაწილეობით მიეღო, სპეციალისტებს ნაკლებად ახსენდებათ. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საქართველოსთვის ეკონომიკური შედეგის მომტანი, დავოსის ფორუმი არც იმდენად უპერსპექტივოა, რომ მასში მონაწილეობა ზედმეტად ჩაითვალოს.

დავოსის სახელით ცნობილი საერთაშორისო ფორუმი ჩვენი ქვეყნისათვის კონტაქტების გაჩენის ახალი შესაძლებლობაა, გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოვლენა. ამჟამად შვეიცარიული კურორტი რიგით 47-ე ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ქართულ მხარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. გიორგი კვირიკაშვილი გუშინ აბრეშუმის გზის პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, იგი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიმართ მოლოდინს გადაჭარბებულად მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებითაც, ელიტური შეკრება დავოსში საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა ვერ გახდება, მასთან დაკავშირებული ყველა მოლოდინი უსაფუძვლოა.

"განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. პრაქტიკული საკითხები ასეთ შეხვედრებზე არ წყდება. შეიძლება გაცნობითი შეხვედრები ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, რასაც დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. რეალურად ეს არის ელიტური შეკრება, სადაც, ერთი შეხედვით, ყველა შედეგზეა ორიენტირებული, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ფორუმის მონაწილეები ცდილობენ წარმოაჩინონ თავი და დაიკმაყოფილონ პატივმოყვარეობა.

თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამით ქვეყანაში ინვესტიციებს მოვიზიდავთ. დიდი ხანია, საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, მაგრამ თითქმის არაფერი იცვლება. უბრალოდ, კონტაქტების გაჩენის ახალი შესაძლებლობაა, გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოვლენა", - აცხადებს ხუხაშვილი.

ფაქტი, რომ დავოსის ფორუმში მონაწილეობას კონკრეტული შედეგი გამოეღო, აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ჯანიაშვილს არც ახსენდება. მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველო არ უნდა გამოაკლდეს.

"ეკონომიკური ფორუმისგან განსაკუთრებულ შედეგს არ ველოდები, მაგრამ მასში მონაწილეობა საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვნია. საქართველოს წარმომადგენლობა ამ ტიპის შეხვედრებს უნდა სტუმრობდეს, რათა უცხოელ ინვესტორებს და საერთაშორისო ბიზნესმენებს უკეთ გააცნონ ჩვენი ქვეყანა. საშუალება გვაქვს, რომ დელეგაციის წევრები სხვა ქვეყნების ხელისუფალთ მოელაპარაკონ, მეტი ქვეყანა დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით. როგორც წესი, ორგანიზატორები ეკონომიკურ კვლევებს წარადგენენ, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ქვეყნისთვის.

კონკრეტულ შედეგზე ვერაფერს ვიტყვი. ფაქტი, რომ რომელიმე ბიზნესმენს დალაპარაკებოდნენ და შემდეგ მას ქვეყანაში კაპიტალდაბანდება განეხორციელებინა, არ მახსენდება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. შესაძლოა, მატერიალური სარგებელი ვერ მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავოსის ფორუმში მონაწილეობაზე უარი ვთქვათ", - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმის მთვარი თემებია: მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, საბაზრო კაპიტალიზმის პრობლემები, ეკონომიკური ზრდის აღდგენა, მასობრივი მიგრაცია და ტერორიზმი.

ფორუმს ესწრება მონაწილეების რეკორდული რაოდენობა. ეს, დაახლოებით, 3000 ადამიანზე მეტია, 70 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის ოცდაათამდე სახელმწიფო ლიდერი და დიდი კორპორაციების მმართველი პირია.

დავოსის ფორუმის ბევრი მონაწილის აზრით, ისეთი მოვლენები, როგორებიცაა - ტრამპის გამარჯვება, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, ევროპაში მემარჯვენე პოპულისტური ძალების მოძლიერება - რეალური საფრთხის შემცველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×