ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა "გირჩის" ოფისიდან 84 ძირი მარიხუანა გაიტანეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წევრებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პოლიცია პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დაკავებას არ აპირებს, თუმცა ამბობს, ამგვარი გადაწვეტილების შემთხვევაში, ის ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი იქნება. შსს-ში კი აღნიშნულ საქმეზე ახალს არაფერს ამბობენ. აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და სიახლის შემთხვევაში, მედიასა და საზოგადოებას ინფორმაციას ამცნობენ.
ცნობისთვის, 11 იანვარს სამართალდამცველებმა ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ოფისიდან 84 ძირი მარიხუანა გაიტანეს და ამ ფაქტზე გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვასა და კულტივირებას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან 5 წლამდე.
სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ და ამბობენ, რომ სიახლის შემთხვევაში, მედიასა და საზოგადოებას ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდიან.
"როგორც უკვე ცნობილია, გამოძიება 265-ე მუხლით მიმდინარეობს, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ", - განუცხადეს "რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერისა და ცენტრის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, მას შემდეგ, რაც "გირჩის" ოფისიდან მარიხუანა გაიტანეს, პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, ისევე როგორც უწყებას მათთან.
"მოგეხსენებათ, რომ სამართალდამცველებმა ჩვენს ოფისში რამდენიმე დღის წინ 84 ძირი მარიხუანა შეფუთეს და წაიღეს, თუმცა მათ ჩვენთვის არ უთქვამთ რას აპირებენ. ერთადერთი რაც გვითხრეს, ისაა, რომ მარიხუანა ექსპერტიზაზე მიჰქონდათ, სხვა არაფერი დაუმატებიათ.
"მიუხედავად ჩვენი და მედიის მცდელობისა, სამართალდამცველ ორგანოს და მის წარმომადგენლებს კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებიათ და მას შემდეგ არც ჩვენთან გამოსულან კონტაქტზე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ ჯაფარიძე და უმატებს, რომ ამ ეტაპზე "გირჩში" სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
მისივე თქმით, აღნიშნული მუხლი ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას ითვალისწინებს, დაკავების შემთხვევაში კი ისიც ყველამ იცის, რომ "გირჩის" ოფისში მარიხუანა 84-მა ადამიანმა დათესა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მათი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, რადგან პირდაპირი ეთერი იყო და ეს რთული არ იქნება.
"ვფიქრობ, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ნათელია, რომ შსს ამ გადაწყვეტილებას, ვგულისხმობ ჩვენ დაკავებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, რადგან ეს მათზე არაა დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება მთავარმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯი.
"იდეაში ეს მანამდეც შეეძლოთ გაეკეთებინათ, როცა კანონი პირდაპირ ეთერში დავარღვიეთ და ყველაფერს საჯაროდ ვაკეთებდით. შესაბამისად, მათ ჩვენი დაკავება მომდევნო დღესაც შეეძლოთ, მათ შორის, როცა ჩვენს ოფისში სამართალდამცველები შემოვიდნენ, თუმცა ეს არ მოხდა", - აღნიშნავს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი და დასძენს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუკი ხელისფლება ამ გადაწყვეტილებამდე მივა, ის პოლიტიკურად იქნება მოტივირებული.
"თუმცა, ჩანს, რომ ჯერ ამაზე არ უმსჯელიათ. რაც შეეხება გიორგი ჯახუას, რომელიც ჩვენთან ქუთაისის ოფისში იყო მისული, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი იქ პირველად იყო, ჩაატარა ბრიფინგი, მოჰყვა ამბავი, მანამდე ჩვენ მასთან არანაირი გადაკვეთა არ გვქონია", - გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.