მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული, ექსპერტებს მთავარი ოპოზიციური ძალის დასახელება უჭირთ. მათი შეფასებით, პოლიტიკური ოპოზიცია მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს. რამდენად სწორია აღნიშნული ვითარება, ამის შეფასება, ექსპერტების აზრით, კვლევის საგანია, თუმცა ქვეყანაში რეალურად გამოკვეთილი ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად არ არსებობს.
როგორც "რეზონანსთან" სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ისაუბრა, ოპოზიციის როლს, დღესღეობით არასამთავრობო ორგანიზაციები ითავსებენ. რაც შეეხება პარტიებს, აქ რომელიმე სუბიექტის გამოყოფა ჭირს, თუმცა რეიტინგის მიხედვით და ინერციით, აღნიშნულ სტატუსს ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" ინარჩუნებს.
"პირველ რიგში მთავარი ოპოზიციური ძალის დეფინიცია უნდა განვსაზღვროთ. თუ რეიტინგის მიხედვით ვისმჯელებთ და "ენდიაი"-ს კვლევებს დავუჯერებთ, დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" 10% აქვს, არადა არჩევნებზე გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენა, რომელიც ახლანდელზე თითქმის სამჯერ მეტი იყო.
"დღესღეობით ვინ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ამის თქმა ძალიან გაგვიჭირდება. ჯერჯერობით ძველი ინერციით "ნაციონალური მოძრაობა" თითქოს ინარჩუნებს ამ სტატუსს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის ნარჩენები უფროა.
"რეალურად კი პოლიტიკური ოპოზიცია არასამთავრობოებმა ჩაანაცვლეს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. მათ აიღეს ის ფუნქციები, რაც ოპოზიციურ ძალას უნდა აეღო. რამდენად სწორია, გამართლებული თუ გაუმართლებელი, ამის თქმას კარგი ანალიზი სჭირდება, მაგრამ დღეს მე კარგად გამოკვეთილ ოპოზიციურ ძალას ვერ ვხედავ", - განაცხადა ბიგვავამ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 200-ზე მეტი ოპოზიციური პარტიაა დარეგისტრირებული, თუმცა მათ მოსახლეობის მხარდაჭერა თითქმის არ გააჩნიათ.
"რუსთავი 2" რომ გამოვრიცხოთ, როგორც პარტიული მაუწყებელი, არც დასახლებულ მთავარ ოპოზიციურ ძალას ექნებოდა თავისი წონა ასე ნათლად და ამ სტატუსის მიკუთვნება, რომელიმე პარტიისთვის ძნელი იქნებოდა, რადგან ასეთი ძალა არ ჩანს.
"საქართველოში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ ის, რომ ისინი გავლენას ვერ ახდენენ, არ აქვთ რეიტინგი და მხარდაჭერა, ცალკე პრობლემაა.
"დღესდღეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ რესურსიც და მედიამხარდაჭერაც. თვითონ მედიაც გამოკვეთილად ოპოზიციურია. ზოგადად კი, რა მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა, მაინცდამაინც ოპოზიციური პარტია. ქვეყანაში არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც იმ ფუნქციას იკისრებენ, რომელიც რეალურად ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შეასრულონ," - განაცხადა ზურა ბიგვავამ.
ოპოზიციური პარტიების ფორმალობაზე საუბრობს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, საქართველოში დღეს, ოპოზიციური ფუნქციის მატარებელი ძალა არ გვყავს.
"ოპოზიციური ძალა ჩვენ მხოლოდ სტატუსის და არა ფუნქციის მიხედვით გვყავს. ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც არასახელისუფლებოა, ფორმალურად ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ თუ მათ შეფასებით სტატუსს მივცემთ, ის რაც ოპოზიციას უნდა ჰქონდეს, ამგვარი ფუნქციის მქონე ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია.
"თუ მაინცდამაინც მთავარ ოპოზიციურ ძალას დავუწყებთ ძებნას, აქაც გვინდა - არ გვინდა, მივაკვლევთ არა შინაარსობრივ მახასიათებელს, არამედ ისევ ფორმალურ სტატუსს.
"მაგალითად, როგორც მთავარი, საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, შეიძლება დავასახელოთ ე.წ. ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ევროპული საქართველოსათვის", რადგან მათ ყველაზე დიდი საპარლამენტო მოცულობა აქვთ.
"რაც შეეხება ინსტიტუციურად განვითარებულ აქტიურ ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, ასეთი ძველი "ნაციონალური მოძრაობაა". აქტიურობის კუთხით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვაშაძის პარტიაზე "ახალ საქართველოზე" და "პატრიოტთა ალიანსზე", სხვაზე ლაპარაკი ალბათ გაგვიჭირდება," - აცხადებს გამზარდია.
მისივე შეფასებით, პოლიტიკურმა სპექტრმა დღემდე ვერ დაიმკვიდრა თავი საზოგადოებაში. როგორც გამზარდია ამბობს, ძირითადად გვყავს პარტიები, რომლებიც პოლიტიკური დემაგოგიით არიან განმსჭვალულნი და რომელთაც საზოგადოების ნდობა და პასტივისცემა არ გააჩნიათ.