მამუკა არეშიძე ხელისუფლებას გაზსაცავის მშენებლობისკენ მოუწოდებს
ელზა პაპოშვილი
20.01.2017

 კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ "გაზპრომი" საქართველოსთან გეოპოლიტიკური ფაქტორით აუცილებლად ივაჭრებდა. მისი თქმით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას იმის ნახევარი გაზიც არ მოსდის, რასაც რუსეთი აქამდე ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით გვიხდიდა.

თუმცა, არეშიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად ზარალისა, ამაში დადებითი ის არის, რომ ეს თემა პოლიტიკური თამაშისთვის ერთხელ და სამუდამოდ დახურული იქნება.

"რეზონანსი": შესაძლებელია თუ არა, რომ "გაზპრომს" საქართველოსთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით, წმინდა ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში ევაჭრა და ზეწოლა ამით მოეხდინა?

მამუკა არეშიძე: რა თქმა უნდა, "გაზპრომს" საქართველოსთან ვაჭრობა უკვე დიდი ხანია, რაც გაჩაღებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ანალოგები არსებობს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, ტრანზიტულ ქვეყნებს სწორედაც რომ იმ პირობებს სთავაზობენ, რაც ახლა "გაზპრომმა" ჩვენს ქვეყანას წამოუყენა.

ამაში ვგულისხმობ საფასურის არა ნატურით, არამედ ფულით გადახდას. ჩვენ ჩვენსას მაინც ყოველთვის ვცდილობდით და ფაქტია, რომ უკეთეს პირობებში ვიმყოფებოდით.

ამ მსჯელობის დროს ცხადია, საქართველოს დაემუქრებოდნენ, რომ ალტერნატიულ წყაროდ ირანი იქნებოდა გამოყენებული. თუმცა, ვერც ეს ხრიკი გაჭრიდა, რადგანაც ირანიდან სომხეთისთვის გაზის მიწოდება ცოტა უფრო სამომავლო გეგმაა და ამას ასე სწრაფად ვერ შეძლებდნენ. ირანიდან მოწოდებული გაზის რეზერვუარები შეზღუდულია.

"რ": შეიძლება, ამ ვაჭრობის პერიოდში გეოპოლიტიკურ ფაქტორსაც გავლენა ჰქონოდა?

მ.ა.: გეოპოლიტიკური ფაქტორის გარეშე, "გაზპრომი" არავისთან არ ვაჭრობს. ფაქტია, რომ გარკვეული სახის ბერკეტები გამოიყენა და ქვეყანას რაღაცით დაემუქრნენ. ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. სანამ შეთანხმების დეტალებს თავად ხელისუფლება არ გვეტყვის.

ახალი ხელშეკრულებით, ქვეყანას საკმაოდ დიდი თანხობრივი დანაკარგი აქვს.

ტრანზიტის საფასურად ვიცით "გაზპრომი" რასაც გვიხდიდა და ეს რაოდენობა გაწერილი იყო, მაგრამ ახლა რა თანხასაც გადაგვიხდის, იმ რაოდენობის გაზის მხოლოდ ნახევარი მოგვდის.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რასაც უკრაინას აძლევს, იმავეს ჩვენ მოგვცემენ. მართალია იქ სამი სხვადასხვა გაზსადენია და ფასებიც სხვადასხვაა, მაგრამ რაღაც დასკვნის გამოტანა მაინც შეგვიძლია. მაქსიმუმიც რომ ვიანგარიშოთ, მაინც წაგებულები ვრჩებით. სამაგიეროდ ეს პოლიტიკური თემა დასრულდება.

"რ": გამოითქვა მოსაზრება, რომ "გაზპრომმა" შესაძლოა საქართველოს ძველი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ, ქართული ბაზრის დათმობა მოსთხოვა და "სოკართან" კონკურენციის პირობებში შესვლა მოინდომა. ეს მოსაზრება თქვენთვის რამდენად მისაღებია?

მ.ა: ასეთი რამ გამორიცხულია. რომც მოეთხოვა, საქართველოს აზერბაიჯანთან საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე შეთანხმება აქვს და მას ვერ დაარღვევს. ამას რუსეთი ვერც მოითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგს ვხედავ, უფრო მშვიდად ვარ, რადგანაც ეს თემა რუსეთის მხრიდან ზეწოლის იარაღი აღარ იქნება. ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ყველა მოწინააღმდეგეს პირი ამოუკეროს, გაზსაცავის მშენებლობის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აზერბაიჯანიდან ზაფხულში ჭარბ გაზს მივიღებთ და ბოლოს და ბოლოს ზამთრისთვის შევინახავთ. თავსაც დავიზღვევთ და სახვეწიც არაფერი გვექნება.

ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ჩვენს ხელში ნამდვილად არის. რეგიონალურ ენერგოპოლიტიკაზე გარკვეული სახის გავლენები ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს. ენგურის საკითხი უფრო რთულად მიმაჩნია, ვიდრე ამ გაზსაცავის მშენებლობაა.

"რ": კეთდება განცხადებები, რომ ენერგეტიკის მინიტრმა საზოგადოებას აუხსნას, მოლაპარაკებების დროს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა რა სახის ბერკეტი გამოიყენა...

მ.ა: მესმის ხელისუფლებას თავისი მიდგომები აქვს, მაგრამ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგანაც ეს სახელმწიფო ინტერესია.

კი ბატონო, თუ არის ისეთი საიდუმლო ელემენტები რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება, ნუ იტყვიან, მაგრამ რისიც შეიძლება, ის მაინც გვითხრან. შემდეგ ეს სპეკულაციების თემა ხდება და საზოგადოებაც იჯერებს. ხელისუფლებას თავისი მოქალაქეები უნდა ენდობოდნენ. სხვაგვარად ასეთი ეჭვების ქონა, თავად მთავრობის საწინააღმდეგოდ შეტრიალდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×