"ხაჯიმბა გამოიყენებს ყველა რესურსს, რომ თავის მდგომარეობა ე.წ პარლამენტში გაიმყაროს"
თიკო ოსმანოვა
20.01.2017

 აფხაზეთში ე.წ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის - დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, "საპარლამენტო არჩევნები" 12 მარტს გაიმართება. შესაბამისად, ახლა კონფლიქტურ რეგიონში ე.წ ოპოზიციის რიტორიკაც ამისკენაა მიმართული. "ხელისუფლებაც და "ოპოზიციაც" 19 დეკემბერს "საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის" შესახებ დადებულ ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ. ექსპერტები ვითარების დაძაბვას უახლოეს მომავალშიც არ პროგნოზირებენ.

"აფხაზეთში ახლა ყველა ე.წ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისად მათი რიტიროკაც ამისკენაა მიმართული. რამე დაძაბულობა და მკვეთრი გამოხტომები ამ ეტაპისთვის არ შეიმჩნევა. რომ მოახლოვდები არჩევნები ალბათ მერე გაკეთდება უფრო მკვეთრი განცხადებები, თუმცა რამე განსაკუთრებულ სიტუაციას არ ველოდები ამასთან დაკავშირებით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, დეკემბერში "ოპოციის" აქციები, ძალიან წამგებიანი იყო, ამიტომ მას ეეჭვება, ხალხის კონსოლიდაცია ოპოზიციამ კიდევ შეძლოს.

"ბოლო შეკრება, რომელიც ოპოზიციამ ჩაატარა, იყო ძალიან წამგებიანი თავად ოპოზიცისთვის. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, ამიტომ, თუ მოინდომეს სიტუაციის გამწვავება, ხალხი მას აღარ გაჰყვება.

"რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, რთულია იმის თქმა, უმრავლესობა-უმცირესობა ვის ექნება. საქმე პერსონალიებს უფრო ეხება, თუმცა პარტიული თვალსაზრისით, ალბათ, ხაჯიმბას ჯგუფი უფრო მეტ ხმას დააგროვებს, მაგრამ, ზოგადად, აფხაზები ყოველთვის ყურადღებას აქცევენ პერსონალიებს - ვინ იქნება სიაში წარდგენილი.

"ვინაიდან ჯერჯერობით არ ვიცით სიები, ვის წარადგენენ, შესაბამისად ძნელია, რამე პროგნოზი. მაგრამ ხაჯიმბა გამოიყენებს ყველა ადმინისტრაციულ რესურსს, რომ თავის მდგომარეობა ე.წ პარლამენტში გაიმყაროს", - გვითხრა ცქიტიშვილმა.

აფხაზეთში ვითარების დაძაბვას, უახლოეს მომავალში, არც "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი პროგნოზირებს. მისი თქმით, შესაძლოა ვითარება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიძაბოს, თუმცა არა ძალისმიერ პროცესებით.

"აფხაზეთში დეკემბერში დაძაბული სიტუაცია იყო. ახლა შედარებით მშვიდია, იქიდან გამომიდინარე, რომ ოპოზიციის გარკვეული წევრები დათანხმდნენ მთავრობაში გარკვეულ პოსტებს. თუმცა სავარაუდოა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ვითარება ოდნავ დაიძაბოს. ძალისმიერი პროცესები ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს.

"რაც შეეხება არჩევნების პროგნოზს, როგორც ცნობილია იქ ძირითადად ინდივიდებს ირჩევენ, მნიშვნელოვანია რა ძალები დგანან მის უკან. კლანებს იქ დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომ წინასწარ რამეს თქმა რთულია", - გვითხრა კანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურორად ზურაბ აჩბა დაინიშნა. მის კანდიდატურას "პარლამენტის" 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სამმა თავი შეიკავა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის შესახებ "ოპოზიციურმა და სახელისუფლებო ძალებმა" 2016 წლის 19 დეკემბერს მიაღწიეს. მაშინ ხელი მოეწერა დოკუმენტს "საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის" შესახებ.

1958 წელს დაბადებული ზურაბ აჩბა, 2011 წელს გაგრის რაიონის პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. 2014 მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×