აფხაზები ე.წ. საზღვრის "უკანონოდ" გადაკვეთისთვის გალელებს 60 ლარის ნაცვლად 211 ლარიანი ჯარიმას და პატიმრობას უწესებს
ეკატერინე ბასილაია
20.01.2017

 აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გალელებისთვის ენგურს გამოღმა საქართველოსთან "საზღვრებს" უფრო და უფრო კეტავს. ჯერ იყო, დეკემბრის ბოლოს დახურა მოქმედი 3 გადასასვლელიდან ორი, ახლა კი უკვე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმებს მინიმუმ ასამმაგებს და 60 ლარის ნაცვლად ჯარიმა მინიმუმ 200 ლარი ხდება, განმეორებითი დარღვევისთვის კი 15-დღიანი პატიმრობაც ემატება.

თუკი წლებია აფხაზეთში მცხოვრებ ქართველები "საზღვრის უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით 1 500 რუბლით (60-64 ლარით) ჯარიმდებოდნენ, სულ მალე ეს თანხა საგრძნობლად გაიზრდება და ამ ბრალდებით დაკავებისას ყველა გალელს მინიმუმ 4 800 რუბლის (დაახლოებით 206 ლარის) და მაქსიმუმ 6 000 რუბლის (დაახლოებით 258 ლარის) გადახდა მოუწევს.

ეს კი, გალელების ისედაც მძიმე ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს და ენგურს გამოღმა საქართველოსთან მიმოსვლასაც მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

"ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, დე ფაქტო პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა იმ პათოსით მოვიდა, რომ ქართველებს ყველანაირად შეზღუდავდა და ამ დანაპირებს ასრულებს, რის გამოც ქართველების აპარტეიდი უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს.

მისი თქმით, აფხაზები ამ ე.წ. ახალ კანონს ქართველებისთვის სრული სისასტიკით გამოიყენებენ, "ჯარიმების ე.წ. კანონი ძირითადად ქართველებისთვის მკაცრდება, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება ყველას მიმართ ლოიალური იქნება, გარდა ქართველებისა.

"აფხაზები გალის ქართულ მოსახლეობას რეალურად აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევენ. მათ დანარჩენ საქართველოსთან ადვილად მიმოსვლის საშუალება აღარ ექნებათ. ეს ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ გალელები დანარჩენ საქართველოს აბსოლუტურად მოწყვიტონ", - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად 1500 ადამიანი კვეთს, მათგან დაახლოებით 100 ქართველს აკავებენ ამ ე.წ. საზღვრის "უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით და აიძულებენ ჯარიმის სახით 1500 რუბლი გადაიხადონ.

გალელების თქმით, თუ თანხა გასამმაგდება, მათ ძალიან გაუჭირდებათ, 200 ლარის გადახდას ისინი ვერ შეძლებენ და ვერც წარმოუდგენიათ რა უნდა ქნან.

"გალელები თითქმის ყოველდღე დავდივართ ზუგდიდში, უმეტესად სავაჭროდ, პროდუქტებს ჩვენ ზუგდიდში ვყიდულობთ. თუ გვჭირდება ექიმთანაც ან ზუგდიდში მივდივართ, ან თბილისში. ხდება ისე, რომ ერთი ადამიანი შეიძლება თვეში 2-3-ჯერაც დაიჭირონ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სოფელ ოტობაიას მკვიდრი.

მისი თქმით, თავისუფლად, ე.წ. ოფიციალურ გადასასვლელებიდან ვერ დადიან, რადგან უმეტესობას საბუთი არ აქვს. ადრე გაცემული "აფხაზური პასპორტების" უმეტესობა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ დოკუმენტი (მესტა ჟიწელსტვა) აფხაზებმა გააუქმეს, ახალი საბუთის გაცემა კი არ ხდება.

"მე თხილზე ვვაჭრობ და ამის გამოც ლამის ყოველ მეორე დღეს მიწევდა ზუგდიდში წასვლა, საბუთი კი არ მქონდა და მალულად გადავდიოდი. ხშირადაც მიჭერდნენ და ჯარიმას, 1 500 რუბლს მახდევინებდნენ.

"ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა საბუთი, თუმცა დიდი წვალება დამჭირდა. უამრავი პროცედურით, ნაცნობობით და თან ქრთამით, ასე არალეგალურად შევძელი საბუთის მიღება, რაც 2 000 ლარზე მეტი დამიჯდა. დღეს გალში მცხოვრები ქართველების 20%-ს თუ ექნება ეს საბუთი.

"ახლა ძალიან რომ მოინდომო, ამ დოკუმენტს ქრთამითაც ვერ მიიღებ. ამიტომაც უწევს მოსახლეობას ჩუმად გადმოსვლა, რაც მათ დაჯარიმებას იწვევს. თუ თანხა გაიზარდა, რა უნდა ვქნათ? საიდან უნდა მოვიტანოთ ჩვენ ყოველი დაჭერისას 200 ლარი?!" - კითხულობს შეწუხებით ოტობაიას მკვიდრი.

ცნობისათვის, დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რის მიხედვითაც "რესპუბლიკის საზღვრის უკანონოდ" გადაკვეთისთვის, სახმელეთო იქნება ის, თუ საზღვაო, სანქციის ოდენობა იზრდება.

რიგით მოქალაქეებს ჯარიმის სახით 80-დან 100 მინიმალური ხელფასის გადახდა მოუწევთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯარიმა იქნება 4 800-რუბლიდან (დაახლოებით 206 ლარი) 6 000-რუბლამდე (დაახლოებით 258 ლარი).

ხოლო თანამდებობის პირები 100-დან 120 მინიმალური ხელფასით დაჯარიმდებიან და სანქცია 6 000 ათასი რუბლიდან 7 200-რუბლამდე (დაახლოებით 309 ლარი) მიაღწევს. ამასთან, მოხდება მათი ნივთების კონფისკაციაც. ერთი წლის განმავლობაში ე.წ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირებს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდაც მოუწევთ.

ინფორმაციას "აფსნი პრესი" ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დღეს მოქმედი სანქციით "საზღვრის უკანონოდ" გადაკვეთა 600 რუბლს (დაახლოებით 26 ლარს) შეადგენს, თუმცა "რეზონანსთან საუბრისას გალში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ მათ ასე მცირე თანხა არასდროს გადაუხდიათ, მათ 1500 რუბლით აჯარიმებენ, რაც დაახლოებით 60-64 ლარია.

საგულისხმოა ის, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გალელებისთვის ენგურს გამოღმა საქართველოსთან ურთიერთობის შეზღუდვას გასული წლის დეკემბრიდან შეუდგა, როდესაც 27 დეკემბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ დახურავდა სამი მოქმედი "სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან" ორს - ნაბაკევსა და ოტობაიას, რის შემდეგაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლისთვის ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი გზა - ენგურის ხიდი.

ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში ქართველების მიმართ აპარტეიდული კანონმდებლობა მოქმედებს და დღითი დღე ის უფრო მძიმე ფორმებს იღებს.

"რაულ ხაჯიმბამ, პირველ რიგში რაც გააკეთა ის იყო, რომ ქართველებს ე.წ. აფხაზური პასპორტები ჩამოართვა და დღეს გალელები აფხაზეთში საერთოდ უუფლებონი არიან. მათ სტატუსი არ გააჩნიათ. ხაჯიმბამ ასევე არაერთხელ თქვა, რომ შეზღუდავდა ასევე ენგურთან არსებულ ე.წ. საზღვრებს და დეკემბერში გააუქმა 2 გადასასვლელი. ახლა, ახალი კანონით იზრდება "საზღვრის დარღვევაზე" ჯარიმის ოდენობა, რასაც გალელები ვერ გაწვდებიან.

"გეგმაა, რომ ქართველები დანარჩენ საქართველოს მოწყვიტონ, რადგან ჯარიმის გაზრდა მოიტანს იმას, რომ გაცილებით ნაკლები ქართველი შეეცდება მალულად გადმოსვლას. აფხაზები ამ ე.წ. ახალ კანონს ქართველებისთვის სრული სისასტიკით გამოიყენებენ," - აცხადებს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×