თაკო მათეშვილი
20.01.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენები უძღოდა, დღეს იმართება. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ იგი ხალხმრავალი, საქმიანი და ემოციური იქნება. არც ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს ბუნებრივიცაა.

ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.

ზოგიერთი დეტალი უკვე ცნობილია. მაგალითად ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე - ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება. დღესვე დაკომპლექტდება პარტიის პოლიტსაბჭო, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს.

ცნობილია ისიც, რომ ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. დელეგატებისა და მხარდამჭერების გარდა პარტიამ უცხოელი სტუმრებიც მოიწვია.

მიუხედავად თანაგუნდელების მოწოდებებისა ვანო მერაბიშვილის მიმართ, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება 20 იანვრამდე საჯაროდ დაეფიქსირებინა, მერაბიშვილმა მაინც არ გაახმაურა, თუ ვისკენ იხრება იგი. "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი ოთარ კახიძისაგან ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ მერაბიშვილი პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტზე მერაბიშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხს, კახიძის თქმით, ამას სწორედ დღევანდელი ყრილობა გადაწყვეტს.

"მისი ჩართვა ამ პოლიტიკურ ბატალიებში, კომენტარის გაკეთება, პოზიციის დაფიქსირება, სრულფასოვნად შეუძლებელია.

მან რომ განცხადება გააკეთოს, უნდა უპასუხონ, მერე მან უპასუხოს - შეუძლებელია, ამ ადამიანს ხელ-ფეხი შეკრული აქვს, სამარტოო საკანშია იზოლირებული", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარტიაში პოზიტიური და ოპტიმისტური მოლოდინებია. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, დღევანდელი ყრილობა ახალი ათვლის წერტილი იქნება, პარტიის განახლების პროცესისა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებისა. მისი თქმით, ყრილობა მაქსიმალური გახსნილობით, თითოეული დელეგატისა და თანამონაწილის ჩართულობით ჩაივლის.

იგი დარწმუნეულია, რომ ყრილობას არა 7 ათასი ადამიანი დაესწრება, როგორც ამას აანონსებდნენ, არამედ უფრო მეტიც. ამბობს, რომ გუშინდელი მდგომარეობით 7 100 დელეგატი უკვე დარეგისტრირებული იყო, დაახლოებით 2 500 ადამიანი კი ღონისძიებას მოსწავევებით შეუერთდება. რაც შეეხება გამომსვლელებს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ მათ შორის იქნებიან: ნიკა მელია, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, სამირა ისმაილოვა, ზაზა ბიბილაშვილი და ა.შ. ადასტურებს, რომ სპეციალური ჩართვით ისარგებლებს მიხეილ სააკაშვილიც.

დღის წესრიგით შემდეგი საკითხებია გათვალისწინებული: წესდებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება, მისი წევრების რაოდენობისა და განსაზღვრის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.

"დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია. ვფიქრობთ, რომ ყველა პროცედურის გავლას 2 საათნახევარზე მეტი დასჭირდება", - ამბობს იგი. ბეჟაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ემოციური გამოსვლებიც მოვისმინოთ. ამბობს, რომ პარტიულ ცხოვრებასა და ყრილობებს ეს ყოველთვის ახასიათებთ. ამაში იგი ახალსა და გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

"ბუნებრივია იქნება გამოსვლები, რომლის მთავარი მიზანიც განვლილი პერიოდის ანალიზია - რა გავიარეთ, რატომ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რომელთაც მივაღწიეთ, რა უნდა გავაკეთოთ მთავარი მიზნისათვის - გამარჯვებისათვის, როგორ უნდა დაირაზმოს საზოგადოება და ა.შ. ბუნებრივია, ამას თავისი მუხტი სჭირდება და ეს პოლიტიკური აქციებისათვის დამახასიათებელია", - ამბობს ბეჟაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა დოზით უნდა ველოდოთ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას, იგი გვპასუხობს, რომ კრიტიკასაც აქვს თავისი საფუძველი იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ყრილობას წინ უძღოდა.

"ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ საიდან იყო ატეხილი ეს აჟიოტაჟი. რითი იყო განპირობებული და საზოგადოებამაც თავისი დასკვნები გამოიტანა. სიტუაციის დაძაბვაც და გამოყოფაც ამითი იყო განპირობებული. ვისურვებდი და ჩვენ ყოფილ კოლეგებს შევთავაზებდი, რომ კონცენტრირება მთავარ მიზანსა და ამოცანაზე მოგვეხდინა და არა ერთმანეთის კრიტიკასა და ლანძღვაზე", - აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი.

საბოლოო ჯამში კი, მისი თქმით, ყრილობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში აუცილებლად დატოვებს იმის განცდას, რომ სირთულეების მიუხედავად პარტია პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას სტაბილურად აპირებს. ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანაა ხალხს აჩვენონ - გაყოფის მიუხედავად პარტია ფუნქციონირებადია და რომ იგი ცალკეულ ინდივიდებზე დამოკიდებული არაა.

"ესაა ერთიანი პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომლებიც უკეთესი მომავლისათვის იბრძვიან. სწორედ ეს ყრილობა უნდა იყოს ამის ნათელი მაგალითი და ათვლის წერტილი", - დასძენს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×