პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას უმნიშვნელოვანესს უწოდებს და ამბობს, რომ მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ის, საბოლოოდ ჩატყდება პარტიაში დარჩენილებსა და გამოყოფილებს შორის ხიდი, თუ მომავალში გარკვეული თანამშრომლობის შანსი შენარჩუნდება.
ეს, ცინცაძის აზრით, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი პათოსით ჩაივლის ყრილობა. რამდენად აგრესიული ტექსტები ექნებათ გამომსვლელებს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ და გაჟღერდება თუ არა სიტყვა "მოაღალატეები".
სოსო ცინცაძე: "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რომ ყრილობა შედგეს, რადგან სხვანაირად ეს მათი ფიასკო იქნება. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაივლის იგი.
ვინ იქნება მთავარი გამომსვლელი, რამდენი მომხსენებელი ეყოლებათ, როგორი შეფასებები გაკეთდება და საერთოდ, როგორი ტონი იქნება შერჩეული - ცივილიზებული და დავარცხნილი, თუ ბრლადებებით გაჯერებული.
დღეს შეიძლება საბოლოოდ ჩატყდეს ხიდი ამ ორ ფრთას შორის, ან შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს ისეთ გარემოს, რაც მათ შემდგომ კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, თუნდაც პარლამენტის კედლებში.
დროის გასვლის შემდეგ კი, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ორი ფრთა არჩევნებში ბლოკის სახითაც კი ვიხილოთ. ნაკლები ალბათობით, შეიძლება ეს ადგილობრივ არჩევნებშიც მოხდეს, მეტი ალბათობით კი - მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყრილობა არაკონფრონტაციულ სტილში წარიმართოს. არ შეიძლება მომხსენებლებმა ერთნაირი ენთუზუაზმით აკრიტიკონ ივანიშვილი და ბოკერია-უგულავას ჯგუფი.
თავის დროზე, 1979 წელს ხომეინისთვის ორი მტერი არსებობდა - საბჭოთა კავშირი და ამერიკა. მაშინ მათ ძალიან მოხდენილი ფორმულა მოუძებნა - "დიდი სატანა" და "პატარა სატანა". "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხვალ უნდა გადაწყვიტოს ვინაა მისთვის "დიდი სატანა" - ივანიშვილი თუ ბოკერია-უგულავა.
"რ": თქვენი აზრით, მოახერხებენ ემოციური გამოსვლებისა და პოპულისტური განცხადებებისაგან თავის შეკავებას? გამოყოფამდე უგულავა-ბოკერიას ჯგუფი გამოთქვამდა მოლოდინს, რომ ყრილობა ძირითადად ამ ფორმატში ჩაივლიდა და ამიტომაც ემიჯნებოდნენ მას...
ს.ც: შეიძლება ასეთი გამოსვლებიც იყოს. რომ ვაკვირდები, ინტელექტუალური ბირთვი აქეთკენაა - ბოკერია-უგულავასკენ. ამიტომაც ვთქვი, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნებიან მომხსენებლები.
თუ მთავარი მომხსენებელი რომან გოცირიძე იყო, რომლისთვისაც კონფრონტაციული სტილი დამახასიათებელი არაა, მაშინ ყველაფერი სხვა ტონალობაში წავა. ასე რომ, ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული თუ ვის შეარჩევენ გამომსვლელებად.
სიმართლე გითხრათ, დარჩენილებს შორის ცივილიზებულ პოლემისტს ნაკლებად ვხედავ. შეიძლება ყრილობაზე სულ უცნობი გამომსვლელებიც ვიხილოთ რეგიონებიდან, რომლებმაც უცებ თავის გამოჩენა მოინდომონ - შეეცადონ რაც შეიძლება გულმხურვალედ შეეფიცონ სააკაშვილს და წყევლა-კრულვით მოიხსენიონ "მოღალატეები", როგორც ამას თავად უწოდებენ.
მათთვის დღეს ლიდერებში გამოჩენის პერსპექტივა იხსნება. არ გამოვრიცხავ მათთვის " დიდი სატანა" ბოკერია-უგულავას ჯგუფი იყოს, და არა "ქართული ოცნება".
თუ რომელიმე გამომსვლელის მხრიდან ტერმინი - "მოღალატე" გაჟღერდა, ეს თავად მათთვის იქნება ცუდი სიგნალი, რადგან სამომავლოდ ყველანაირ ხიდს ჩატეხავს. მეორე მხარესაც ქართველები არიან - ემოციურები და თავმოყვარეები, რომლებიც წყენას ადვილად არ ივიწყებენ. ეს ხომ ჩვენი მენტალობაა.
"რ": ბოლოდროინდელმა მათმა განცხადებებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვეს - შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და მინიმალურ დონეზე მაინც თანამშრომლობას?
ს.ც: მათი ნამდვილი სახე დღეს გამოჩნდება - მართლაც ცივილიზებულები არიან თუ არა. ორივე ჯგუფი ხომ ამტკიცებს, რომ დასავლური, ცივილიზებული პარტიაა, მაგრამ მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ცივილიზებული უთანხმოების ფორმების სუნიც კი არ იდგა.
"ნაღდი" ქართული ჩხუბი იყო - მზად იყვნენ ხელკეტებსა და კომბლებზე გადასულიყვნენ. ეს ძალიან ცუდია. დღევანდელი ყრილობა, იმის მიხედვით, თუ რა ტონალობაში ჩაივლის იგი, შეიძლება საჩუქრად იქცეს "ქართული ოცნებისათვის".