ფარმაცევტის ცნობით, 2-მა ქალბატონმა გამყიდველს ყურადღება გადაატანინა, 3-მა კი ამ დროს 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია წაიღო
ელზა პაპოშვილი
21.01.2017

 რუსთავში, "იმპექსის" ფირმის აფთიაქში უჩვეულო ქურდობა მოხდა. აფთიაქის ფარმაცევტის ინფორმაციით, ქურდობაში 5 ქალი მონაწილეობდა და მათ 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს. ფაქტი კი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

შსს-ში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ. მათი ცნობით, ქურდობა მართლაც მოხდა, თუმცა მასში მხოლოდ 1 ქალბატონი მონაწილეობდა.

თავად აფთიაქის ფარმაცევტის ცნობით, ქალბატონები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდეა.

ქალების ნაწილმა ფარმაცევტს საუბრით და კითხვებით ყურადღება გადაატანინა, დანარჩენმა სამმა კი აფთიაქიდან ჰიგიენური საშულებები მოიპარა.

მათ მოპარული პროდუქცია ჩანთებით გაიტანეს. დანაკარგი აფთიაქში კი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საღამოს მენეჯერმა კამერის ჩანაწერები ნახა.

"იმპექსის" აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ლეჟავა ამბობს, რომ კომპანიის ზარალის დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა წაღებულია საკმაოდ ძვირადღირებული პარფიუმერია.

"საკმაოდ ოპერატიულად მუშაობდნენ. ჯგუფური შემოსვლა ჰქონდათ და მოხდა პარა ფარმაციის და ჰიგიენის გატანა, ჩანთაში ჩაიდეს. სულ ხუთნი იყვნენ, ორი ფარმაცევტს კითხვებს უსვამდა, ხოლო დანარჩენი სამი კი ჰიგიენურ საშუალებებს ჩანთაში ილაგებდა.

"კამერების მიერ ეს ყველაფერი დაფიქსირებულია. 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქციაა მოპარული. ზარალის დათვლას ერთი დღე მოვუნდით", - ამბობს ლეჟავა.

ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. თუმცა, უწყების იმფორმაციით, აფთიაქის ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ძარცვა 5-მა ქალბატონმა ჩაიდინა, მცდარია.

შსს-ს თქმით, ფაქტში მხოლოდ ერთი ქალი მონაწილეობდა და მცირე რაოდენობის პროდუქციაა წაღებული, კერძოდ აფთიაქის ზარალი მხოლოდ ერთი შამპუნი და პარფიუმერიული კრემია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. პიროვნების ვინაობა დადგენილია.

"2017 წლის 12 იანვარს, რუსთავში, "იმპექსის" აფთიაქი გაქურდეს. შეტყობინება ქურდობის შესახებ აფთიაქის თანამშრომლებისგან რუსთავის პოლიციის საქალაქო სამმართველოში მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიმდინარე წლის 19 იანვარს შემოვიდა.

"შეტყობინების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

"აფთიაქის თანამშრომლების მიერ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინების თანახმად, დაახლოებით, 240 ლარის ღირებულების კრემი და დეზოდორანტია მოპარული.

"ვიდეოკამერების ჩანაწერიდან დგინდება, რომ აფთიაქში ორი ქალი შევიდა, რომელთაგან ერთმა ქურდობის ფაქტი ჩაიდინა. ამ ეტაპზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×