ნათია ლომიძე
21.01.2017

 ზამთრის კურორტებზე სადღესასწაულო დღეების შემდეგ დამსვენებლების სიმრავლე აღარ შეინიშნება. საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებმა და კერძო გამქირავებლებმა დიდი უქმეების შემდეგ ტარიფები შეამცირეს, რათა შეძლონ როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი ტურისტების მოზიდვა. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა დიდ სასტუმროებში, მაგრამ ისინიც ფრთხილობენ და ფასდაკლების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა სეზონი არ ჩაუვარდეთ.

უცხოელი დამსვენებლების დიდი ნაწილი სასტუმროებს მიმართავს, რადგან "გესთჰაუსებისა" და კერძო კოტეჯების ღირებულება ხშირად დიდია და კეთილმოწყობილი სასტუმროების ფასს უტოლდება. ამის გამო საშუალო და დაბალ სეგმენტზე გათვლილი გასაქირავებელი ობიექტები ხალხის ნაკლებობას განიცდის.

ახალი წლის შემდეგ თავისუფალი ნომრები მრავლადაა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში. მისი მეპატრონე გელა თეთრაძე "რეზონანსთან" საუბრისას საახალწლო დღეებში არსებულ ვითარებას იხსენებს და დღევანდელ მდგომარეობას ადარებს.

"პატარა სასტუმრო მაქვს. ახალი წლის დღეებში ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავდა და მსურველები კიდევ რეკავდნენ, თუმცა უადგილობის გამო მათთვის უარის თქმა გვიწევდა. სეზონი გრძელდება, ახლა ადგილებიც გვაქვს, მაგრამ დამსვენებლების აღარ ჩანან.

ვინც გვირეკავს ყველას მიაჩნია, რომ იანვრის ბოლოს იაფია ყველაფერი, რადგან სადღესასწაულო ციებ-ცხელებამ გადაიარა. შეიძლება ასეც არის, მაგრამ არც ახალი წლის პერიოდში გვქონია საგანგაშოდ მაღალი ფასი, რომ მსურველს ვერ შეძლებოდა რამდენიმე დღით კურორტზე დასვენება", - განაცხადა თეთრაძემ.

მცირე ფინანსების გამო არასაახალწლო პერიოდში დასვენება გადაწყვიტა კეკელიების ოჯახმა. ნინო კეკელიამ "რეზონანსს" უთხრა, რომ რამდენიმე დღეში ბაკურიანში დასვენებას ოჯახთან ერთად აპირებს, რადგან კოტეჯის ფასი შედარებით იაფია.

"ახალი წლის დღეებში ზამთრის კურორტზე ადგილების რაოდენობა იმდენად შეზღუდული იყო, რომ ვერ მოვახერხე დაჯავშნა, თანაც იმ დღებში შედარებით ძვირი ღირდა ყველაფერი, ვიდრე დღეს. ამ დღეებში ვაპირებ წასვლას და დავრეკე როგორც საოჯახო ტიპის სასტუმროში, ასევე კოტეჯებშიც. არჩევანი ძალიან დიდია, რადგან იმდენი დამსვენებლები აღარ არიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღით დავისვენო ბაკურიანში სუფთა ჰაერზე და შედარებით წყნარ გარემოში", - აღნიშნა კეკელიამ.

გუდაურის სასტუმრო "ედელვაისის" მენეჯერი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მათი სასტუმრო სეზონის გახსნიდან დღემდე დატვირთული რეჟიმით მუშაობს. სასტუმროში დიდი უქმეების შემდეგაც კი შეინიშნება დამსვენებლების სიმრავლე. ამაში ფასდაკლებაც ეხმარება, რომლის მეშვეობითაც მსურველების მოზიდვას ახერხებენ.

"არ ვიცი, როგორი სიტუაციაა სხვაგან, მაგრამ ჩვენთან დამსვენებლების ისეთივე სიმრავლე შეინიშნება, როგორიც ახალი წლის დღეებში იყო. გარდა იმისა, რომ სასტუმროში დამსვენებლები მოდიან და პირდაპირ უკვეთავენ ნომრებს, სხვადასხვა ფასდაკლების გვერდზე განთავსებული გვაქვს ვაუჩერი, რომლის შეძენაც მსურველს 10 ლარად შეუძლია და 66%-მდე ფასდაკლებით ქირაობს სასურველ ნომერს საუზმით.

ამ სეზონით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კუთხით მძიმე მდგომარეობაა, ხალხი თანხის მობილიზებას მაინც ახერხებს და დასვენების რამდენიმე დღეს ზამთრის კურორტზე ატარებს", - განუცხადა "რეზონანსს" გუდაურის სასტუმრო "ედელვაისის" მენეჯერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×