საავიაციო საწვავის ფასი ტარიფზე გავლენას აუცილებლად მოახდეს
მარი ჩიტაია
21.01.2017

 გაზაფხულიდან ავიაბილეთების ფასი მოიმატებს. მასზე პირველ ეტაპზე მგზავრთა მოსაკრებლის გაძვირება იმოქმედებს. სამომავლოდ კი, როგორც ავიაკომპანიებში განმარტავენ, ტარიფს საწვავის კომპონენტიც დაემატება. ჯერჯერობით ავიაკომპანიებში ტარიფის გადახედვას არ ჩქარობენ, რასაც ხსნიან იმით, რომ ავიანავთის ძველი მარაგი აქვთ შემორჩენილი.

ჯერჯერობით უცნობია, სამომავლოდ ტარიფი ზუსტად რამდენი დოლარით მოიმატებს. რაც შეეხება აეროპორტის მგზავრთა მოსაკრებელს, იგი 2 დოლარით გაძვირდება.

გაძვირებული საწვავის კომპონენტი ბილეთის ფასში, ცხადია, საგრძნობ ცვლილებას შეიტანს. მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მკვეთრი გაძვირება მოსალოდნელი არ იქნება.

"ჯორჯიან ეარვეიზის" გენერალური დირექტორის გივი დავითაშვილის ინფორმაციით, მგზავრთა მოსაკრებლის ზრდის საფუძველი "ტავ ჯორჯიას" მხრიდან ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაა. სამომავლოდ ბილეთების გაძვირებას ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდაც გამოიწვევს.

"კომპანიისთვის ძალიან ძნელია გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. ამიტომ არის, რომ ავიაკომპანია ბოლო 10 წელია, თავის გადარჩენაზე მუშაობს. თუმცა, ვაპირებთ ახალი ავიარეისების, ახალი მიმართულების დამატებას, განვითარებას, რაშიც ხელისუფლებამ ხელი უნდა შეგვიწყოს", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" დავითაშვილმა.

"ჯორჯიან ეარვეიზში" განმარტავენ, რომ აქციზის გამოისობით გაძვირდება საავიაციო საწვავიც, რომლის კომპონენტი ავიაბილეთის ფასის 70%-ს შეადგენს, თუმცა ჯერჯერობით ამ ფაქტორის გავლენა ავიაბილეთის ფასზე არ იმოქმედებს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოსაკრებელი მატულობს, ტარიფიც იზრდება. შეგვიძლია თქმა, რომ ავიაბილეთები მარტიდან 2 დოლარით გაძვირდება.

რაც შეეხება საწვავის ფასის გავლენას, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამ ეტაპზე ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან გვაქვს გარკვეული მარაგი, რის გამოც ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ვახერხებთ. სამომავლოდ კი გარკვეული კორექტირება ფასზე მოსალოდნელია", - განმარტავენ კომპანიაში.

ავიაბილეთების გაძვირებაზე საუბრობს "ატლას გლობალის" ფინანსური დირექტორიც, თუმცა როგორც თამუნა თანდაშვილი აცხადებს, აეროპორტს ნამდვილად სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ამისათვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა საჭიროა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ავიაბილეთების მხრივ მკვეთრი ცვლილება არ იქნება მოსალოდნელი. ბიზნეს სამართლის ექსპერტის აკაკი ჩარგეიშვილის ინფორმაციით, ტარიფის ზრდაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, რაც ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობითაც გათვალისწინებული იყო.

"აეროპორტთან მიმართებაში გვაქვს ხელშეკრულება თურქულ მხარესთან, რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, აეროპორტის მშენებლობას და მის შემდგომ რეაბილიტაციას. საერთაშორისო დონის ორი ასაფრენი ბილიკი უნდა გაეკეთებინათ, რომელიც ტვირთბრუნვისა და მგზავრთა გადაყვანის მიზნით სატრანზიტო ტერმინალურ ფუნქციას უფრო მაღალ დონეზე შეასრულებდა. სამწუხაროდ, ეს პირობა არ გაითვალისწინეს.

იმ პერიოდშივე თურქული მხარე რეაბილიტაციის სანაცვლოდ ითხოვდა, რომ მისი დასადგენი ყოფილიყო ტარიფი, როგორც აეროპორტის მოსაკრებელი, რომლითაც კომპანია თავისი ხარჯის კომპენსირებას მოახდენდა.

ხელისუფლება ამას ვერ შეეწინააღმდეგა, ამიტომ წავიდა საუბარი რეგიონული აეროპორტების განვითარებასთან დაკავშირებით, რისი პირველი მაგალითიც ქუთაისია.

ამდენად, ტარიფის ზრდა უკავშირდება ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებას მომსახურებისა და ღირებულებების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ცხადია, ტარიფში გათვალისწინებულია მოსაკრებელიც, რომელსაც საბოლოოდ საწვავის ფასიც დაემატება. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ბილეთის ღირებულება გარკვეული დოზით მოიმატებს. სავარაუდოდ, ეს არ იქნება მკვეთრი ცვლილება, რომელმაც შეიძლება მგზავრებს პრობლემა შეუქმნას", - აცხადებს ჩარგეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×