პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდოს მხრივ
ნათია ლომიძე
21.01.2017

 საქართველო კიდევ უფრო მეტად გახდა იმპორტზე დამოკიდებული, რადგან საგარეო ვაჭრობა მხოლოდ იმპორტის ხარჯზე იზრდება. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საექსპორტო საქონელში სიახლე არ შეიმჩნევა, რაც უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანის შესაძლებლობას ამცირებს.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11966 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9852 მლნ აშშ დოლარს (27 პროცენტით მეტი).

"საქსტატის" ცნობით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 პროცენტით აღემატება. თუმცა აქაც მხოლოდ იმპორტის მატება შეინიშნება, რომელიც 3030 მლნ აშშ დოლარმდე გაიზარდა (20 პროცენტით მეტი). რაც შეეხება ექსპორტს, 571 მლნ დოლარამდე ჩამოვიდა (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო. როგორც ჩანს, იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაგრამ ექსპორტმა კი მკვეთრად დაიკლო.

ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას საგარეო ვაჭრობაში პრობლემა აქვს, მის მოსაგვარებლად საექსპორტო მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია. თუ ეს არ განხორციელდა, ამ მხრივ ვითარება კვლავ უცვლელი დარჩება.

"ის, რომ ჩვენ საგარეო ვაჭრობაში ქრონიკული პრობლემა გვაქვს, ახალი არ არის და ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა. სამწუხაროდ, არ იქმნება ახალი საექსპორტო პროდუქტები. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან თავდაპირველად მცირე ოდენობით ექსპორტი კი გაიზარდა, მაგრამ ვინაიდან სასაქონლო მრავალფეროვნება დიდი არ იყო, ამიტომაც ეს ტენდენცია ვერ შენარჩუნდა.

ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან იმპორტმა ჩაანაცვლა იმპორტი დსთ-დან, ანუ უფრო იაფად შემოვიდა ევრო პროდუქცია, რომელიც ადრე შემოდიოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ გვექნება ახალი საექსპორტო საქონელი, ექსპორტი არ მოიმატებს. ჩვენი პრობლემა არის არა ბაზრებში, არამედ მცირე რაოდენობით პროდუქტში. სწორედ ამიტომაა ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული, ეს ძალიან დიდი ხანია ასეა და სასიკეთოდ არაფერი არ იცვლება", - განუცხადა "რეზონანსს" ღაღანიძემ.

სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს დადებითი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ, ბოლო დროს საქართველო ექსპორტში უკუსვლის დაბალანსებას ტურიზმითა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით ცდილობს.

"როდესაც გლობალურად ვიხილავთ საკითხს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ქვეყანას ჰქონდეს დადებითი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი - ეკონომიკაში დიდ როლს ექსპორტი უნდა თამაშობდეს და არა იმპორტი. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს. თავს ვერ ვაღწევთ მოჯადოებულ წრეს. ექსპორტის უარყოფით მაჩვენებელს, გარკვეულწილად, ტურიზმი აბალანსებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს, თუმცა ეს ვერ ხსნის პრობლემას, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი გვიფიქსირდება უარყოფითი სავაჭრო სალდოს მხრივ.

აქ რეალური სექტორის სისუსტე და ადგილობრივი წარმოების მწირი შესაძლებლობები იკვეთება. ჩვენი ექსპორტი ისეა შემცირებული, იმპორტის მაჩვენებელი ძალიან თვალში საცემია და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×