თიკო ოსმანოვა
21.01.2017

 უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და განათლების ექს მინისტრი ხატია დეკანოიძე ამჟამად პოლიტიკური საქმიანობით აღარ არის დაკავებული, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ გულშემატკივრად რჩება და შესაძლოა, მომავალში მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პარტიის რიგებშიც ვიხილოთ. ამბობს, რომ მისთვის ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ყრილობის შეფასებაზე და მის სამომავლო გეგმებზე "რეზონანსი" ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.

ხატია დეკანოიძე: სტუმრის სტატუსით მომიწვიეს. არ ვარ უცხო ადამიანი. 2014 წელს ჩემი ინიციატივით მივედი პარტიაში და ჩავერთე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მანამდე არასდროს ვყოფილვარ პარტიის წევრი.

ყველა ადამიანისთვის ახლა მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ ქვეყნიდან იმ ადამიანის მოშორება, რომელმაც დემოკრატიული მმართველობის ყველა პრინციპი დაარღვია. ბიძინა ივანიშვილი რეალურად უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. აი, ამას ვხედავ საქართველოს განვითარების შეჩერების მთავარ საფრთხედ.

ჩემთვის სხვა საფრთხე ივანიშვილის გარდა არ არსებობს. იგი მუდმივად ექაჩება ქვეყანას რუსეთისკენ. იცით, რომ როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში როგორ მოხდება მოვლენების განვითარება. მნიშვნელობა აქვს პუტინის დამარცხებას, ამიტომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც ინვესტირება მქონდა ამ ქვეყნის განვითარებაში, ვფიქრობ, ჩემი ადგილი აქ იყო. მომიწვიეს ჩემმა მეგობრებმა და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ მაქვს უკრაინის პასპორტი. ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ძალიან მიყვარს. პარტიულ მენეჯმენტში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა და არც ვაპირებ. უბრალოდ, რიგითი ქართველი ვარ, რომელსაც ქვეყნის გადარჩენის ძალიან დიდი სურვილი ამოძრავებს.

"რეზონანსი": ანუ საქართველოში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას ჯერჯერობით არ აპირებთ?

ხ.დ.: არა. ამჟამად უკრაინაში ვცხოვრობ.

"რ": მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვეთ, რა საქმიანობას ეწევით და რა გეგმები გაქვთ?

ხ.დ.: ახლა პოლიტიკით არ ვარ დაკავებული.

"რ": გიხილავთ თუ არა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის რიგებში?

ხ.დ.: მომავალში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. თანამდებობა დავტოვე დაახლოებით 2 თვის წინ. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით პოლიტიკური საქმიანობით არ ვარ დაკავებული.

"რ": რას იტყვით "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე - პარტიიდან ლიდერების წასვლაზე?

ხ.დ.: რა უნდა ვთქვა, წარმატებას ვუსურვებ განურჩევლად ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ.

შეფასებები მრავლად იყო. იქ დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მე პატივს ვცემ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია, რომელიც პარტიაში არ გამიცვნია, მაგრამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"რ": რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მისი გადაწყვეტილების შესახებ თუ იცით რამე?

ხ.დ.: არაფერი ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×