2017 წლის 9 აპრილს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, "პრეზიდენტობისთვის" სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, "პარლამენტის სპიკერი" ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი "პრეზიდენტი" ედუარდ კოკოითი. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, "საპრეზიდენტო" მარათონს კოკოითი "ბინადრობის ცენზის" მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების გამო გამოეთიშება.
19 იანვარს დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ბინადრობის ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა, რასაც ედუარდ კოკოითის მომხრეების უკმაყოფილება მოჰყვა; ისინი მოითხოვენ საარჩევნო კანონის გადახედვას და ბინადრობის ცენზის საკითხში ცვლილებების შეტანას, თუმცა, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, კოკოითის მომხრეების მოთხოვნები დაგვიანებულია, ვინაიდან, მათ ეს საკითხი არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე უნდა დაეყენებინათ
19 იანვარს განცხადება გაავრცელა არაღიარებული რესპუბლიკის ცესკო-მ. ცესკო-ს ხელმძღვანელის ბელა პლიევას განცხადებით, "კანონი ერთია ყველა კანდიდატისთვის. საპრეზიდენტო კანდიდატები ვალდებული არიან აკმაყოფილებდნენ ბინადრობის ცენზის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო მათ რეგისტრაციაზე უარს ეტყვის. რაც შეეხება კოკოითის, ის ვერ აკმაყოფილებს ბინადრობის ცენზს, ამიტომაც ცესკო მას არ დაარეგისტრირებს საპრეზიდენტო კანდიდატად".
სეპარატისტთა კანონმდებლობით, "საპრეზიდენტო კანდიდატები" ვალდებული არიან მუდმივად ცხოვრობდნენ "რესპუბლიკის ტერიტორიაზე" მინიმუმ 10 წლის მანძილზე. რაც შეეხება ედუარდ კოკოითის, ის 2011 წლიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.
ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტად" 2001 წელს აირჩიეს. 2006 წელს ის ხელახლა გახდა "პრეზიდენტი". მისი "მმართველობის" პერიოდი საბიუჯეტო სახსრების მიტაცებით და ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევით გამოირჩეოდა.
კოკოითმა საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციის შესახებ 2016 წლის 7 ნოემბერს გამოაცხადა და საჯაროდ დაგმო ამჟამინდელი "პრეზიდენტის" ლეონიდ თიბილოვის პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხში. მან უკმაყოფილება გამოთქვა ოსურ სოფლებში რუსული საჯარისო დანაყოფების განლაგების გამო და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ხელს უშლიან სოფლის მცხოვრებლებს თავისუფალ გადაადგილებაში.
როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, კოკოითის არჩევნებში მონაწილეობის და მასში გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია, რაც შეეხება ლეონიდ თიბილოვსა და ანატოლი ბიბილოვს, ცხინვალში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც რუსულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა, მათი რეიტინგები ასე გადანაწილდა: ლეონიდ თიბილოვი - 35,6% და ანატოლი ბიბილოვი - 35,1%
რაც შეეხება რუსეთის პოზიციას ამ ორი კანდიდატის მიმართ, ჯერ გამოკვეთილი არ არის, ვის დაუჭერს კრემლი მხარს.
პოლიტოლოგთა ნაწილის აზრის, კრემლისთვის მთავარი პოლიტიკური სტაბილურობაა და რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, მოსკოვი მზადაა ორივე კანდიდატს თანაბრად დაუჭიროს მხარი.
თავის დროზე "მოქმედი პრეზიდენტი" ანატოლი თიბილოვი პუტინის ფავორიტად მიიჩნეოდა. მიზეზად მის წარსულს ასახელებდნენ, როგორც ცნობილია, თიბილოვი კგბ-ს რიგებში 1981 წლიდან ირიცხება, მან 90-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა კგბ-ს უმაღლესი კურსი მინსკში.
"პარლამენტის სპიკერი" ბიბილოვიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელია; ის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ირიცხებოდა სპეცსკოლა-ინტერნატში, რომელშიც გაძლიერებულ სამხედრო მომზადებასა და რუსულ ენას ეუფლებოდა. ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც და ქართველების წინააღმდეგ წარმოებული საომარი მოქმედებების დროს ორჯერ დაიჭრა.
"საპრეზიდენტო არჩევნებამდე" რამდენიმე თვით ადრე ურთიერთობა ორ "მოქმედ ჩინოსანს" შორის საკმაოდ დაიძაბა. "პარლამენტის სპიკერი" ღიად დაუპირისპირდა "პრეზიდენტს" და "მთავრობას" და 2017 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ორგზის ჩააგდო.
მედია გამოცემა "სპუტნიკ-სევერნაია ოსეტიას" ცნობით, "პრეზიდენტსა" და "პარლამენტს" შორის მწვავე ბატალიებია გამართული, რაც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
"პარლამენტმა მეორედ არ დაუჭირა მხარი 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას. დეპუტატებმა უარი განაცხადეს მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის განხილვაში, რადგან პრეზიდენტი აქამდე არ ასრულებს მოცემულ პირობას და მხარს არ უჭერს სასამართლო რეფორმის იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. რეფორმა ორი წელია ადგილიდან არ იძვრის. თუ უნდათ, რომ მხარი დავუჭიროთ 2017 წლის ბიუჯეტს, მაშინ მიიღონ პარლამენტის კანონპროექტი საარბიტრაჟო სასამართლოს რეფორმის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი", - აცხადებს გამოცემასთან ინტერვიუში "პარლამენტის სპიკერი" ანატოლი ბიბილოვი.
შესაძლოა შექმნილმა დაპირისპირებამ "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩაშლის საშიშროების წინაშე დააყენოს, ვინაიდან, დაუმტკიცებელი "ბიუჯეტის" პირობებში საარჩევნო კამპანიას დაფინანსების პრობლემა შეექმნება. "კანონის" თანახმად, ცესკო ვერ შეძლებს "ეროვნული ბანკიდან" სესხის აღებასაც.
"რეზონანსი" ესაუბრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს, რომელიც აცხადებს, რომ კოკოითი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩა და "მისმა მატარებელმა უკვე ჩაიარა".
"ანატოლი ბიბილოვს მოუწევს მთავარი ლოზუნგის გაუქმება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას ეხება, ვინაიდან რუსეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვისაც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არჩევნების მერე აზრი ეკარგება. რუსეთის ინტერესებში ამ ეტაპზე არ შედის ამ მიმართულებით სიახლეები, რუსეთის ინტერესში არ შედის ცხინვალის ოფიციალური ანექსია, ამიტომ არავინ დაუჭერს მხარს თიბილოვის ამ ინიციატივას, მას მოუწევს გააუქმოს ეს მთავარი საარჩევნო ლოზუნგი და უფრო რეალურ რამეებზე ისაუბროს. თუმცა ორივე ძირითადი კანდიდატის საარჩევნო პროგრამა ერთნაირად ბუნდოვანია, აქამდე არ არის ფორმულირებული და ისეთივე ფარსია, როგორც აქამდე ჩატარებული ყველა "არჩევნები".
"რუსეთისთვის კოკოითი უინტერესოა. მას არა აქვს მხარდაჭერა. კოკოითიმაც იცის ამის შესახებ. ისიც იცოდა, რომ ბინადრობის ცენზის გარეშე ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ესეც მისი თამაშის ნაწილი იყო, რაღაც დივიდენდების მოპოვებას ცდილობდა რუსული მხარიდან, მაგრამ სავარაუდოდ, არ გამოუვიდა.
"არც მისი მომხრეების მოთხოვნაა დროული, ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე კანონს არავინ არ შეცვლის, თანაც არც ისე ბევრი მომხრე ჰყავს.
"ამომრჩეველი გადანაწილდება ორ ძირითად კანდიდატზე - თიბლოვზე და ბიბილოვზე, რომლებისთვისაც მთავარ რესურსს საკუთარი ნომენკლატურული პოზიციები წარმოადგენს, ამიტომაც მათ აქვთ მაღალი რეიტინგი, თითქმის ერთნაირი. რუსეთს გამოკვეთილი ფავორიტი არ გააჩნია, ისინი თანაბრად მისაღებია კრემლისთვის, ვინაიდან ორივე კრემლის ინტერესებს ატარებს და დიდი ყურადღებით ისმენენ რუსეთიდან მიღებულ რჩევა-დარიგებებს", - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.