"ამ ვადაში სრულფასოვანი გენერალური პოლიტიკური ბრძოლის გამართვა, შესაძლოა, ვერ შედგეს, თუმცა მთელი ძალებით მოვემზადებით უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის"
გვანცა ღვედაშვილი
21.01.2017

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ დაანონსებული პარტიის შესახებ კონკრეტული დეტალები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯერჯერობით არც იმას ამბობს, ვის ვიხილავთ მის გუნდში, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში შემავალი წევრების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად იქნებიან ჩართული.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიაში მის მუშაობას, უსუფაშვილის თქმით, ის ჩართული იქნება, როგორც საკითხით დაინტერესებული მოქალაქე.

დავით უსუფაშვილი: კონსტიტუცია მოქალაქეებისთვის იწერება. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ სტატუსით დაინტრესებული ვარ მრავალ საკითხში, მათ შორის კონსტიტუციაშიც.

საკონსტიტუციოს კომისია და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არა მხოლოდ მე, არამედ ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მისცემს იმის საშუალებას, რომ კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმირებული იყოს.

"რეზონანსი": შეხვედრა გქონდათ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან. რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება?

დ.უ.: პირველ რიგში წამოვწიეთ საკითხი, რომელსაც დიდი ინტერესი ჰქონდა როგორც სტუმრებში, ისე მასპინძლებში. იმისთვის, რომ თავად საკონსტიტუციო პროცესში მეტი ჩართულობა მოხდეს, რათა კომისიის ნდობა გაიზარდოს, დავინახოთ, რომ ხელისუფლება შეთანხმებებს ასრულებს, ამისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა იმ ცვლილებებისთვის დაუყოვნებლივი კენჭისყრა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" ინიცირებით, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი კრიტიკული და საზოგადოებრივი კონსენსუსი.

საკითხი ეხება მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ყველა საჭირო დოკუმენტი მზად არის კენჭისყრისთვის და პოლიტიკური თვალსაზრისით გამოჩნდებოდა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს საკუთარ სიტყვასაც, შეთანხმებებსაც. ამ საკითხის კენჭისყრით, კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზევე გაჩნდებოდა დადებითი ენერგიები.

"რ": რაც შეეხება თქვენ მიერ დაანონსებული პარტიის შექმნას, როდის იგეგმება მისი პრეზენტაცია?

დ.უ.: ამ თემებზე უფრო დეტალურად თებერვლის ბოლოსკენ შემეძლება ლაპარაკი. მუშაობა მიმდინარეობს. აუცილებელია განსხვავებული ოპოზიციური ძალის შექმნა. ჩაფიქრებული გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა, ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტზე მიდის ფიქრი, თუმცა, ამაზე მხოლოდ მოგვიანებით, გაზაფხულისკენ მოგახსენებთ.

"რ": ვიხილავთ თუ არა პარტიაში ნაცნობ სახეებს, მაგალითად, ვახტან ხმალაძეს, ირაკლი ალასანიას ან კახა შარტავას?

დ.უ.: კონკრეტულად, ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც ვადასტურებ. საუბარია იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, ზოგს წინა, ზოგს ახალი და ა.შ.

"რ": მიიღებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?

დ.უ.: ბევრი ჩვენგანი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში, თუმცა თავად პოლიტიკური ძალა რამდენად იქნება სრულფასოვნად წარდგენისთვის მზად, ამაზე საუბარი ადრეა.

შემიძლია გითხრათ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც ემზადებიან ამ მიმართულებით, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და ბევრ ადგილზე სერიოზულ შედეგსაც ვგეგმავთ. ვიმეორებ, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი გენერალური პოლიტიკური ბრძოლის გამართვა შესაძლოა ვერ შედგეს, თუმცა მთელი ძალებით მოვემზადებით უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

"რ": თუ გეგმავთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, მაგალითად, "რესპუბლიკელებთან", "ქართულ ოცნებასთან" ან "ნაციონალურ მოძრაობასთან"?

დ.უ.: თანამშრომლობაში რა იგულისხმება?! - პოლიტიკოსმა უნდა ითანამშრომლოს ყველასთან. სხვა შემთხვევაში სჯობს, სხვა საქმეს მიხედოს.

პოლიტიკოსის პირდაპირი ვალდებულებაა ითანამშრომლოს ყველასთან ამ ქვეყანაში, თუმცა გააჩნია, დებატებიც თანამშრომლობის ფორმაა. როცა ვიღაცასთან კონკრეტულ საკითხს იხილავ, ეკამათები, კითხვას უსვამ ან აკრიტიკებ - პოლიტიკაში ეს თანამშრომლობაა. ამაზე უფრო დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×