"ხალხმა დაიბრუნა "ნაციონალური მოძრაობა" - ამ ლოზუგნით სპორტის სასახლეში პარტიამ რიგით მე-7 ყრილობა 7 ათასი დელეგატით ყოველგვარი ექსებების გარეშე ჩაატარა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი უცვლელია პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი ვაკანტური დარჩა. პოლიტსაბჭო კი განახლებულია.
სპორტის სასახლეში ყოფილი სახელისფებლო პარტიის ყრილობა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წამყვანის ფუნქციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ასრულებდა. ღონისძიებას პარტიის ლიდერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრები - მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა მისი დედამთილი გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილის ბებია. ამათგან სიტყვით, მხოლოდ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი როლზე ისაბრა. მისი გამოსვლას დარბაზში ტაში და ოვაციები მოჰყვა. 3 წუთიანი სიტყვის განმავლობაში რულოვსს ტაშით 9-ჯერ შეაწყვეტინეს.
"თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე, მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ყველაფერის ეშინიათ. რაც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ.
"თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება, იმიტომ, რომ მისი გული საქართველოსთვის სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან ან სახლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო. რაც არ უნდა წაართვან, გინდა თანამდებობა, გინდა თავმჯდომარეობა, ამასაც ამდენი მნიშვნელობა არ აქვს - სადაც მიშა არის, იქ ქმნის ამინდს, არის წამყვანი ძალა და ეს იქნება თქვენი დამსახურება", - განაცხადა სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი ლიდერები კი სამომავალო გეგმებზე საუბრობდნენ და ბრძოლაში მთავარ ოპონენტად ისევ ბიძინა ივანიშვილს ასახელებდნენ. ყრილობაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ქალთა მეტ ჩართულობაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ სიის ყოველ ათეულში 3 ქალბატონი იქნება. ასევე გარკვეული ცვლილებები შევიდა პარტიის წესდებაში. კერძოდ, გაუქმდა სამდივნო და პარტია პროქტების დაფინანსების პრაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტასბჭო გადაწყვეტს დააფინანსოს თუ არა კონკრეტული პროექტი.
ამასთან, პარტიაში არ იარსებებს მუდმივი თანამდებობები.
ამის შემდეგ დარბაზში მყოფ თანაპარტიელებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მან რამდენიმე სიტყვით ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელებზე და აღნიშნა - "ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და ძველის და უვარგისის მოშორება".
ყრილობაზე სააკაშვილი ჩართვა ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობდა, თუმცა, თანაგუნდელებმა მას გამოსვლა ტაშით მაინც რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
"ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი. ეს არ შეიძლება იყოს პატარა ჯგუფის საკუთრება. "ნაციონალური მოძრაობა" არის ემოცია, რომელიც თავს ინახავს ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლო ფასეულობების ერთიანობა და იდეალების მუდმივობა. ამიტომ მგონი ყველამ დაინახა ბოლო კვირებში და თვეებში, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა "ნაციონალური მოძრაობა".
"როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება "ნაციონალური მოძრაობა". როგორც მუდმივია ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები, ასევეა მუდმივი ჩვენი ერთგულება ჩვენი იდეალების და შეხედულებების მიმართ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დელეგატთა ნაწილმა ღონისძიება დატოვა და უკვე ნახევრად ცარიელ დარბაზში მოხდა პარტიაში არსებული თანამდებობების გადანაწილება.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩა მანამდე, სანამ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება. გენერალური მდივნის პოსტზე კი ჯერჯერობით კვლავ ვანო მერაბიშვილი დატოვეს.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს მას პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა - "მოტორი", როგორც პეტრე ცისკარიშვილმა უწოდა - ნიკა მელია უხელმძღვანელებს.წევრები კი არიან: ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, ნიკოლოზ რურუა, გია ბარამიძე, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დათო ბობოხია, რამაზ კერეჭაშვილი, ზურა ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატო მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მაია ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე.
გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება წარმომადგენლები რეგიონებიდანაც, სადაც პარტია კონფერენციების გამართვას გეგმავს.
ყრილობა სააკაშვილის ჩართვით დასრულდა, რომელმაც ნიკა მელიას და მის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილს წარმატებები უსურვა.