გვანცა ღვედაშვილი
21.01.2017

 ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ვერ ხედავს არგუმენტს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის არჩევის წესის შეცვლა აუცილებელია. პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, საკონსტიტუციო კომისია არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობაზე ბოლო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული საუბრობენ.

"რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით ხდება. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კი პრეზიდენტს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს.

საკონსტიტუციო კომისიის ექსპერტები, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე წესი - როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი - მისაღებია და დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაშია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯონ ბუკიკიოს განცხადებას, მათი აზრით, ეს არ იყო კატეგორიული მიმართვა.

თუ საკონსტიტსუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხს დააყენებს, ამით ვენეციის კომისისს თვალში მათი მუშაობის ლეგიტიმაცია კითვის ნიშნის ქვეშ არ დადგება.

"გუშინ გვქონდა შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან და მან ცალსახად განაცხადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა დაბალანსების მიზნით, სასურველია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეს.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ჩემთვის უცნობია, თუმცა კობახიძისგან დაბეჯითებით არ გამიგია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ არაპირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ამის შესახებ იმსჯელებდნენ.

"უმრავლესობა ირიბად მიუთითებს, რომ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სხვაგვარად არის პრეზიდენტის არჩევნები. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ საკიტხთან დაკავშირებით მათი პოზიცია 27-ში გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე: "ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე შეაფასა, რომ პრეზიდენტის არჩევის ორივე წესი მიღებული და დემოკრატიულია.

"აქ პრობლემა ისაა, რომ ვენეციის კომისიის შეხედულება, როდესაც რაიმე საკითხზე ამბობს რომ არ არის დემოკრატიული, მაშინ უნდა გაითვალისწინო.

მაგრამ ბუკიკიოსთვის ალბათ არ აუხსნიათ რა ვითარებაა და როდესაც მხოლოდ ერთ ნაწილს ეუბნები, ის სიტუაციას იმ ნაწილიდან გამომდინარე აფასებს.

"ჯანი ბუკიკიო ამბობს, რომ არ იცის რატომ უნდა შეიცვალოს აღნიშნული წესი და მას, ვინც ამ საკითხზე ესაუბრებოდა, უნდა აეხსნა კიდეც რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი აღნიშნული მუხლის შეცვლა. თუ შესაბამისი არგუმენტი არ წარუდგინეს, რასაკვირველია ბუკიკიო იმ განცხადებას გააკეთებდა, რაც მედიაში გაჟღერდა.

"კომისამ უნდა თქვას, რატომ ცვლი არჩევის წესს, რატომ არის ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი. თუ აღნიშნული საკითხის ცვლილება დღის წესრიგში დადგება, ეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხარისხზე არ იმოქმედებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×