ყრილობის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც თავი ახლად დაბადებულად გამოაცხადა, "ქართულ ოცნებასა" და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად ქუჩის აქციების დაწყებას გეგმავს.
პარტიის პირველი აქციის თემაც უკვე დაანონსებულია - ეს "გაზპრომთან" დადებული "მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი" ხელშეკრულება და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნა იქნება.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, ისინი ივანიშვილთან საბრძოლველად გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის აქციებსაც.
"პარტია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა ლეგიტიმური ბრძოლის მეთოდს გამოიყენებს. პარლამენტში გვეყოლება ძალიან აქტიური ფრაქცია და გამოვიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას და ასევე, ისეთ საკითხებზე, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ადამიანებს სურთ, აქციების გზით დაანახონ ივანიშვილს პოზიცია, ამ მეთოდსაც აუცილებლად გამოვიყენებთ," - აღნიშნავს ბოკუჩავა, რომლის თქმითაც, პირველი აქცია სწორედ "გაზპრომზე" იგეგმება.
"თავს შევიკავებ და კონკრეტულ თარიღს არ დავაანონსებ. თუმცა, "გაზპრომის" თემაზე საზოგადოების პროტესტი იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ამ მავნებლური შეთანხმების წინააღმდეგ პროტესტს აქციითაც დავაფიქსირებთ," - უთხრა "რეზონანსს" ბოკუჩავამ.
დეტალური გეგმა ყოფილი "ზონელისაგან"
"ნაციონალური მოძრაობა" არა, მაგრამ აქციის კონკრეტულ რიცხვსა და სამომავლო არეულობასა თუ დაპირისპირების გამოწვევის გეგმაზე საუბრობს ამ პარტიის ახალგაზრდული ფრთის, "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალაძე.
ის ამბობს, რომ "ნაცმოძრაობაში" უკვე არსებობს დაწერილი სამოქმედო გეგმა, "გაზპრომთან" დაკავშირებით პირველი აქცია უნდა გაიმართოს 27 იანვარს თბილისში და შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აქცია.
პლუს, დაგეგმილია პროვოკაციები და არეულობებიც. მაგალითად, გეგმაშია, მოხდეს მანქანის აფეთქება. მისივე ცნობით, აქციებზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც იქნება გაჟღერებული და ეს ინფორმაცია მას "თავისუფალი ზონის" წევრისგან აქვს.
"27 იანვარს იგეგმება აქცია "გაზპრომის" წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან.
"30-31 იანვარს "გაზპრომთან" დაკავშირებით იგეგმება რეგიონული და თბილისის ორგანიზაციების ბრიფინგი აქციების დაწყების მოთხოვნით, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს "ნაცმოძრაობის" რეგიონულმა დეპარტამენტებმა.
"6 თებერვალს ნუგზარ წიკლაური ან აკო მინაშვილი გამართავს ბრიფინგს აქციის დაწყებასთან დაკავშირებით და დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს. თემა კვლავ "გაზპრომი" იქნება.
"7 თებერვალს იქნება ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც მითითებულია "თავისუფალი ზონა".
"ნაცმოძრაობას" ერთადერთ გზად კვლავ არეულობა და პროვოკაციები აქვს დარჩენილი. ეს სამოქმედო გეგმა არის რეალური და დევს "ნაცმოძრაობის" ლიდერების სამუშაო მაგიდაზე", - განაცხადა კალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს სათანადო რეაგირებისკენაც მოუწოდა.
ბესო კალაძემ "თავისუფალი ზონა" ზაფხულში, არჩევნებამდე დატოვა და მაშინაც საუბრობდა იმაზე, რომ "ნაცმოძრაობა" და პირადად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ხმების გაყალბების ლოზუნგით გადატრილების მოწყობას გეგმავდნენ.
ანალოგიურია კალაძის განცხადება ახლაც, თუმცა არის თუ არა რეალური მისი ბრალდებები, ამის მტკიცება რთულია.
ყოფილი "ნაციონალის", "ევროპული საქართველოს" წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი ყოფილი პარტია "გაზპრომის" თემაზე აქციებს გამართავს, ხოლო არეულობის დაგეგმვაზე "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის განცხადების არ სჯერა.
"ამგვარი გეგმების არსებობის მე არ მჯერა. თუ "გაზპრომის" თემას გააპროტესტებენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ აპირებენ თუ არა საერთოდ აქციების მოწყობას, მათი გეგმები არ ვიცი," - ამბობს დარჩიაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ თინათინ ბოკუჩავას თქმით, მისთვის "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის განცხადება უცნობია, თუმცა ივანიშვილი მუდმივად პედალირებს თემას, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც არეულობას გეგმავს, ეს კი სრული აბსურდია. ხოლო აქციების გამართვა კანონით დაშვებულია და პარტია კანონით დაშვებული ყველა ხერხით ეცდება ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრებას.
"თქვენ გახსოვთ, რომ ივანიშვილსა და მის გუნდს არანაირი საარჩევნო პროგრამა არ ჰქონდათ, მათი კამპანიის ერთადერთი ნარატივი იყო ის, რომ მუდმივად აპელირებდნენ არარსებული არეულობის სცენარზე, რაც ბუნებრივია არ გამართლდა.
"ნაციონალური მოძრაობა" არის კონსტრუქციული და დასავლური ტიპის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში იმისთვის მონაწილეობს, რომ ხელისუფლება გადაირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მოიპარეს, ჩვენ მეორე ტურშიც მივიღეთ მონაწილეობა და შემდგომ პარლამენტშიც შევედით. ასე რომ, მუდმივ არეულობის სცენარზე საუბარი - ეს ივანიშვილის იმ გეგმის ნაწილია, რომ მოსახლეობა ამ ვითომ შესაძლო სცენარით დააშინოს.
"ჩვენ ძალიან ლეგიტიმური, დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებით ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრებას. ამაში რომ საზოგადოებრივი შეკრებებიც შევა, ეს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური გაერთიანების უფლებაა. არ გამიკვირდება, რომ ასეთ აქციებში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნავს ბოკუჩავა.
რას შეცვლის აქციები
პოლიტოლოგების თქმით, "ნაცმოძრაობას" რომ პროვოკაციებზე წასვლა ახასიათებს, ეს ცნობილია, თუმცა ნაწილისთვის არეულობის დაგეგმვა მაინც დაუჯერებელია.
პოლიტოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეძლებს იმ საპროტესტო მუხტის აგორებას, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში რაიმე ძვრები გამოიწვიოს და საფრთხე შექმნას.
გია ხუხაშვილის მტკიცებით, პრაქტიკულად გამორიცხულია და არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ "ნაცმოძრაობამ" რაიმე საფრთხე შექმნას. გარდა ამისა, არადამაჯერებელია და საეჭვოა ის, რომ ახალგაზრდა, რომელიც პარტიიდან ნახევარი წლის წინ წამოვიდა და პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული, ყველაზე ინფორმირებულია.
"ნაცმოძრაობა" ნეგატივზეა ორიენტირებული და მათ რა თქმა უნდა აქვთ სურვილი პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ დღეს ფართომასშტაბიანი გართულებების შესაძლებლობები არ აქვთ. როგორც ჩანს, ეს ადამიანი თავის დროზე რომელიღაც ოპერატიულმა მუშაკმა "დაითრია" და ახლა დროგამოშვებით რაღაცებს ათქმევინებენ. რა მიზნით - არ ვიცი, შეიძლება გადაფარვის მიზნით.
"ეტყობა ვიღაცას შეეშინდა იმის, რომ დღეს "ნაციონალებმა" სპორტის სასახლეში ბევრი იხმაურეს და ამიტომაც ალაპარაკეს ეს პატარა ბიჭი. თუმცა დიდი სისულელეა, ეს გამარგინალიზებული "ნაციონალური მოძრაობა" ვის დაკარგვია?
"კი, ვიცით, რომ "ნაცმოძრაობის" ერთ ნაწილს სურდა არჩევნების არაღიარებისა და რევოლუციურ რეჟიმში გადასვლა, მაგრამ იმ სიტუაციაშიც კი ამ პარტიას რევოლუციური განვითარების რესურსი არ აქვს. საზოგადოებაში ამგვარი განწყობა არ არის, საფუძვლის გარეშე კი ასეთი რაღაცები არ ხდება. ერთადერთი ტერორიზმი რჩება და ეს არასერიოზულია," - აღნიშნავს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის პროგნოზით, "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს ხანებში შეეცდება რაღაც "საპროტესტო შარიშური" მოაწყოს, იხმაურონ, რომ საზოგადოებას გაახსენონ, რომ ცოცხლები არიან. ამდენად, რამდენიმე აქციასაც ვიხილავთ, მაგრამ ქვეყანაში კრიზისის შექმნის არც მიზანი ექნებათ და ვერც შეძლებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ნაციონალები "გაზპრომის" თემის გაპროტესტებასაც ხელიდან არ გაუშვებენ. ვარაუდობს, რომ ამ აქციაზე (თუ აქციებზე) დიდი საპროტესტო მუხტი ვერ აიწევა, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ პარტიამ დესტაბილიზაციის სურვილით რაღაც პროვოკაციების მოწყობა სცადოს.
"მცირერიცხოვან ძალებსაც შეუძლიათ არეულობა მოაწყონ, მაგრამ დიდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად "ნაცმოძრაობა" ხალხს ვერ აიყოლიებს. ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ გავრცელებული იყო ვერსია, "ნაციონალები" არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავენო და ამიტომაც იყო, რომ ამომრჩეველმა მთელი მობილიზაცია გააკეთა და "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა.
"ხალხის მხარდაჭერა არა, მაგრამ დესტაბილიზაციისთვის საჭირო ადამიანების რაოდენობა ეყოლებათ და ამიტომ იქნება მიტინგები, აქციები, შეძახილები, რასაც შეიძლება ისეთი თემებიც მოჰყვეს, რომელიც გამოხმაურებას ჩვენშიც იპოვის. მაგალითად, ფასების გაზრდა საწვავზე და პროდუქტებზე.
"თუმცა ისიცაა, როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ პროტესტის ინიციატორი "ნაციონალები" არიან, ეს ბარიერი იქნება იმისთვის, რომ ამ საპროტესტო ტალღამ მასშტაბები გაზარდოს", - მიიჩნევს საყვარელიძე.
მისი თვალსაზრისით, "ნაციონალების" ეთიკიდან და წარსულიდან გამომდინარე, რეალურია, ამ პარტიას დესტაბილიზაციის გეგმა ჰქონდეს.
თვლის, რომ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს ის, თუ როგორ მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს სწორედ მიტინგებით და რევოლუციით მოხდა. ამას პლუს ისიც, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას ითქვა, რომ ეს პარტია გეგმავდა აქციებსა და პროვოკაციებს და ამაზე არაერთი ჩანაწერიც გავრცელდა იგივე ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზეც.
ამ ყველაფერს ასევე ემატება ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოების და შემდეგ საბოლოო გაყოფის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციებს გეგმავდა, მეორე ნაწილი კი ამას ეწინააღმდეგებოდა.
"სააკაშვილის ეს მოთხოვნა აქციებზე ხომ ღია იყო და ვარაუდი არ არის? მეორე მხრივ, ასევე ვნახეთ გაუგებარი წარმოშობის ჩანაწერები უკრაინიდან, რომელშიც არეულობაზეა ლაპარაკი. როცა ეს ყველაფერი ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს, იქ შთაბეჭდილება გრჩება, რომ არეულობის გეგმაზე საუბარს რეალური საფუძველი ჰქონდა.
"სააკაშვილი ღიად მოუწოდებდა პარტიას ქუჩაში გამოსულიყვნენ, რაც ნიშნავს საპროტესტო აქციებს და ამით გამოწვეულ დესტაბილიზაციას. დესტაბილიზაციის ვერსიას თავად სააკაშვილი ამყარებს. თანაც, რადგანაც პარტიის გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი ქუჩის აქციებზე მეორე ნაწილის უთანხმოება იყო, "ნაციონალებში" დარჩენილი გუნდი აქციების მეთოდებზე აუცილებლად გადავა," - ამბობს საყვარელიძე.