ია აბულაშვილი
21.01.2017

 "ეს არის პირველი ინაუგურაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ასეთი სკანდალებით ეწყობა. როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოების დიდი ნაწილი არც ინაუგურაციის შემდეგ მისცემს დონალდ ტრამპს საშუალებას სრულად დატკბეს ოვალური კაბინეტის ეშხით", - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და მის პირველ ნაბიჯებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ვაშინგტონისკენ, სადაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. როგორც ამერიკელი მომომხილველები წერდნენ, ამერიკა მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინის რეჟიმში გადადის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

სოსო ცინცაძე: ეს არის პირველი ინაუგურაცია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ასეთი სკანდალებით ეწყობა. ამერიკული ტრადიციით მიპატიჟებულ სტუმართა სია განსაზღვრავს არა მხოლოდ ინაუგურაციის კულტურულ დონეს, არამედ ახალი პრეზიდენტის კულტურულ მახასიათებლად იქცევა; ამიტომ ყველა პრეზიდენტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცნობილი სახეები და ცნობილი პიროვნებები ესწრებოდნენ ინაუგურაციას.

მაგალითად, ბარაკ ობამას ინაგურაციაზე იყო ცნობილი კინორეჟისორი სპილბერგი, ლეგენდარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი. ტრამპის შტაბის მოწვევაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ ინაუგურაციაში, ცნობილ ხელოვანთა უმრავლესობამ უარი თქვა; იგივე რობერტ დენიროთი დაწყებული და ცნობილი ინგლისელი მომღერლის ელტონ ჯონით დამთავრებული. ამერიკულმა პრესამ ტრამპის ამ ინაუგურაციას არაკულტურული ინაუგურაცია უწოდა, რადგან კულტურული მაჩვენებელი დაბალი იყო.

ინაუგურაციის წინა დღეს, ცნობილმა კინომსახიობმა ალექ ბოლდუინმა რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრიბა ვაშინგტონში "ტრამპთაუერის" წინ და საპროტეტსო მიტინგი მოაწყო, სადაც მიტინგის მონაწილეებმა სიმბოლური ფიცი დადეს, რომ ტრამპს არ მისცემენ საშუალებას კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით იყოს პრეზიდენტი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტრამპის ეს კონფლიქტი ხელოვანებთან და ჟურნალისტებთან დღეს არ დაწყებულა და არც ინაუგურაციის წინა პერიოდში, იგი თან ახლდა მთელ წინა საარჩევნო კამპანიას და ამერიკის ზოგიერთი მიმომხილველი ვარაუდობდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩაცხრებოდა საპროტესტო მოძრაობა და კონფრონტაცია, მაგრამ ინაგურაციამდე მოაღწია. როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოების დიდი ნაწილი არც ინაუნურაციის შემდეგ მისცემს ტრამპს საშუალებას სრულად დატკბეს ოვალური კაბინეტის ეშხით.

"რ": ტრამპის ინაგურაცია უკვე ისტორიის საკუთრებაა და დღეს არა მხოლოდ ამერიკის საზოგადოებას, არამედ მთელ პოლიტიკურ სამყაროს აინტერესებს როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ს.ც.: პროგრამა ძალიან ვრცელი აქვს ტრამპს. ზოგადად რომ ვთქვა, იგი აპირებს ობამას მმართველობის მთლიანად "წაშლას" და ალბათ პირველ რიგში დაიწყებს საშინაო პოლიტიკით; ხოლო მისი პირველი სამიზნე ობამას პირმშო - საყოველთაო დაზღვევის კანონი, ანუ "ობამაქეა" იქნება.

საქმე ის არის, რომ თანახმად ამერიკაში დამკვიდრებული წესისა, პრეზიდენტს როდესაც იმედი არ აქვს, რომ მის კანონპროექტს დაამტკიცებს კონგრესი, მაშინ ის კონგრესის გვერდის ავლით, პრეზიდენტის საკანონმდებლო აქტით, ანუ იგივე განკარგულებით ამკვიდრებს მას. პრეზიდენტის ასეთი საკანონმდებლო პრაქტიკის უარყოფითი მხარე ის არის, რომ პრეზიდენტის განკარგულებით მიღებული კანონის გაუქმება უპრობლემოდ შეუძლია ახალ პრეზიდენტს. ასეთი კი დაახლოებით 30 კანონი აქვს მიღებული ბარაკ ობამას, რომელთა უმრავლესობის გაუქმებას ტრამპი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ პირველსავე დღეებში აპირებს.

"რ": რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მთელ მსოფლიოს აინტერესებს მისი ურთიერთობა მოსკოვთან...

ს.ც.: აქ სიახლესთან გვაქვს საქმე. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ტრამპი ჰპირდებოდა ამერიკელებს, რომ ის ადვილად დაარეგულირებდა ურთიერთობას მოსკოვთან. სიახლე კი ისაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა უკვე გააჟღერა თავისი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში. მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ის აპირებს ბირთვული შეიარღების შემცირებაზე ახალი შეთანხმებით.

ამან ცივი შხაპის ეფექტი იქონია მოსკოვსა და კრემლში. საქმე ის არის, რომ რაც მოსკოვის გადასახედიდან გამორიცხულია, ეს არის ბირთვული შეიარაღების შემდგომი შემცირება. ეს არის წინადადება, რომელსაც კრემლი არ მიღებს. ამიტომ უკანასკნელ დღეებში რუსულ პრესაში ეიფორია იმედგაცრუებამ შეცვალა. ასე რომ, მოლოდინი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ტრამპის პრორუსული კურსის თაობაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა.

პირველი 100 დღე ალბათ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტების ჭრილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×