ნინო ქეთელაური
21.01.2017

 მართლმსაჯულების "მესამე ტალღის" კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, 25 იანვრამდე გახდება ცნობილი. აღნიშნული მოთხონით მას იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეს ცვლილებები ძალაში შევა, სასამართლოს "მურუსიზაცია" მოხდება და "ქვეყნის სამართლებრივი განვითარების 1%-იანი შანსიც აღარ დაგვრჩება".

იმაზე ის, რომ სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღის" პაკეტში ბევრი საკითხი დასაკონკრეტებელია, იურისტები ერთხმად თანხმდებიან.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მსგავსი "საშინელება" ძნელად წარმოსადგენია და მისთვის მიუღებელ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩემი შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური გარიგების საფუძველზე, პარლამენტმა უარი თქვა მესამე ტალღის იმ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნოვაციაზე, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევითობას. შესაბამისად, ამ ნაწილში სრულად იქნა შენარჩუნებული თავმჯდომარეების დანიშვნის მანკიერი მექანიზმი."დღეისათვის არ არსებობს თავმჯდომარის შერჩევის რაიმე კრიტერიუმები ან პროცედურები და საბჭო სრული დისკრეციით სარგებლობს. კანონპროექტის თანახმად, არ არის მითითებული, სასამართლოს თავმჯდომარე რამდენჯერ შეიძლება იყოს არჩეული თანამდებობაზე, რაც მიუთითებს, რომ "მურუსიძეებს" მივიღებთ სასამართლოს თავმჯდომარეებად მთელი სიცოცხლის მანძილზე", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და აღნიშნავს, რომ მოქმედი ცვლილებებით, "ყველაზე დიდი საშინელება, რაც პარლამენტმა ჩაიდინა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლოს თავმჯდომარეებით დაკომპლექტდება".

"კერძოდ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან ნახევარი შეიძლება იყოს კოლეგიის, პალატის ან სასამართლოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე. აქ უკვე ჩანს კანონმდებლის მიზანი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც იქნენ წარმოდგენილი.

"სასამართლო რეფორმის პირველი ტალღით, სასამართლოს თავმჯდომარეებს აეკრძალათ ჰქონდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა და ეს მიჩნეული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ჩემი შეფასებით, პოლიტიკური გარიგების შემდეგ, ვინაიდან მოქმედი თავმჯდომარეები პოლიტიკურად უფრო მისაღები გახდნენ, ხელისუფლებამ მიიღო მათი თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება.

"მაშასადამე, ვიღებთ ასეთ სისტემას: იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისკრეციულად ნიშნავს თავმჯდომარეებს, ხოლო ისინი შემდეგ აკომპლექტებენ საბჭოს ნახევარს: ამის შემდეგ რომელ თვითმმართველობაზე შეიძლება იყოს საუბარი?", - აცხადებს ხატიაშვილი და ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების ხარვეზებზეც მიუთითებს.

"მოქმედი კანონპროექტის თანახმად ლევან მურუსიძეს და მის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევენ უფლებას, კონკურსის საფუძველზე აირჩიონ დამოუკიდებელი ინსპექტორი. ისმის უბრალო კითხვა, ლევან მურუსიძის და ამ იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული დამოუკიდებელი ინსპექტორი რანაირად იქნება დამოუკიდებელი? სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე "პატარა მურუსიძეს" შეარჩევს, რომელიც "მურუსიძეების" გავლენის ქვეშ იქნება", - აცხადებს ხატიაშვილი და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

როგორც "რეზონანსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გიორგი მარგველაშვილს აღნიშულ კანონპროექტზე ხელის მოწერის ვადა 25 იანვრამდე აქვს, თუმცა მანამადე მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კონსულტაციებს მართავს და პრეზიდენტის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ანა დოლიძე უკვე შეხვდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. გუშინ ასევე შეხვედრა ჰქონდა კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრებთან, სადაც სწორად ეს კანონპროექტი განიხილეს.

"აღნიშნულთან დაკავშირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციებს განაგრძობს და პრეზიდენტის პოზიცია 25 იანვრამდე გახდება ცნობილი", - განუცხადეს "რეზონანსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იურისტების შეფასებით, სასამართლო რეფორმის "მესამე ტალღა" უფრო მეტ სიცხადეს და კონკრეტიკას რომ საჭიროებს, აშკარაა.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოსთვის და კარგია, რომ ყველა პროფესიულ წრეში ამ საკითხით არიან დაინტერესებულები, მაგრამ პრეზიდენტისადმი მიმართვას შესაბამისი არგუმენტაცია უნდა ჰქონდეს.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც ვალდებულია ვეტო დაადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქვს კარგი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიღებული ესა თუ ის კანონი. კარგია, რომ ეს საკითხი წამოიჭრა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. იმიტომ, რომ "მესამე ტალღა" არ არის ერთი და ორი საკითხის გადაწყვეტის მცდელობა, ეს არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელთაგან, ძალიან ბევრი აქტუალური და მნიშვნელოვანია, ზოგიერთი კი არცთუ ისე. ამის გადაწყვეტა პრეზიდენტის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სათანადოდ მოეკიდება", - ამბობს ლია მუხაშავრია.

კითხვაზე, აღნიშნულ კანონპროექტში, რომელი ნაწილია მისთვის გაუგებარი, პასუხობს, რომ საკითხები ზოგადად მისაღებია, თუმცა ინსპექტორის პერსონა გარკვეულ კითხვებს აჩენს.

"ინსპექტორი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, პერსონალურად ვინ იქნება, როგორი პროფესიონალი და რამდენად შეძლებს იყოს მიუკერძოებელი და მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებით იმოქმედოს", - აცხადებს მუხაშავრია და აღნიშნულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს ორივე მხარის მხრიდან სათანადო დასაბუთებაში ხედავს.

"ეს უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი არა მარტო პარლამენტისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ხელისუფლებაშია და სასამართლოს ამა თუ იმ საკითხს როგორც უნდა ისე გადააწყვეტინებს, ეს უვარგისი მიდგომაა. საჭიროა, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ კარგი სასამართლოს გარეშე სახელმწიფო და საზოგადოებაში პროგრესი არ არსებობს", - ამბობს ლია მუხაშავრია.

იურისტ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არის იმდენად, რამდენადაც იქ ბევრი ზოგადი საკითხია.

"თორემ ის, რომ მთლიანად უგულებელყოფილი იყოს, ამას არ ვეთანხმები. უბრალოდ, რიგი საკითხების დაზუსტება თუ მოხდება, უკეთესია.

"იგივე ინსპექტორის შესახებ გადაწყვეტილება რომ ავიღოთ, მან უნდა გააკონტროლოს მოსამართლის ესა თუ ის ქმედება, რამდენად დაიცვა მან კანონი (ეს იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შევა). საერთოდ, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეყოლება ინსპექტორი, რომელსაც წარადგენს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაინც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს.

"სახალხო დამცველიც, თავად არაფერს წყვეტს, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებს წარუდგენს თავის პოზიციას. თუ სახალხო დამცველს აქვს ავტორიტეტი, ამას ითვალისწინებენ სახელმწიფო ორგანოებიც. ასე რომ, თვითონ ეს ინსპექტორი უნდა იყოს ავტორიტეტი და დამოუკიდებელი. ახლა, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ არ ჩანს, ის იქნება თუ არა დამოუკიდებელი, ეს, რა თქმა უნდა, თვითონ პიროვნებაზეა დამოკიდეული, ვის აირჩევენ", - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი და აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ბუნდოვანი საკითხები არ უნდა დარჩეს.

"რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, რა თქმა უნდა, უვადოდ არ უნდა იყოს და ეს საკითხი ბუნდოვანი არ უნდა დარჩეს. აუცილებელია მოინიშნოს რა ვადით მოხდება მისი არჩევა.

"მთლიანობაში, თითოეული საკითხის დაზუსტებაა საჭირო, რომ ყველაფერი ნათელი იყოს", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×