ამერიკის შეერთებული შტატები სოფელ წებელდაში, რუსული შეიარაღებული ძალების მიერ, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას გმობს.შეერთებული შტატების მისიამ, ამის შესახებ განცხადება „ეუთოში"გაავრცელა.
„აშშ გმობს სოფელ წებელდაში მომხდარ ფაქტს,რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დაუშვებელია რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება. რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს მოვუწოდებთ, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აკისრია"-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც „www.osce.usmission.gov" ავრცელებს.
აფხაზეთში,გულრიფშის რეგიონში VIII-IX საუკუნეების ეკლესია და XX საუკუნის სასაფლაო, რუსმა სამხედროებმა, პოლიგონის მოსაწყობად გაანადგურეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხზე იუნესკოს გენერალურ მდივანს უკვე მიმართეს და კონფლიქტის რეგიონებში, ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით, სპეციალური სადამკვირვებლო მისის გამოგზავნა თხოვეს.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა პოლონეთის დელეგაციამაც. პოლონურმა მხარემ აღნიშნა, რომ სოფელ წებელდასთან მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება აუცილებელია.
ამ საკითხზე განცხადებები გააკეთეს "ეუთო"-ში ევროკავშირის, აშშ-ს და კანადის დელეგაციებმაც. მათ რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე ისაუბრეს.