20 იანვარს, სოხუმში, აფხაზეთის სომეხთა სათვისტომოს ახალ ხელმძღვანელად, სისასტიკით გამორჩეული ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპზონიანი აირჩიეს. აფხაზური მედიის ცნობით, "აფხაზეთის ომის გმირის" გალუსტ ტრაპზონიანის არჩევა 3 წლის ვადით მოხდა და მან ხაჩიკ მინოსიანი ჩაანაცვლა.
სომეხთა ახალი სათვისტომოს ხელძღვანელის არჩევას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა აფხაზურ სოციალურ ქსელებში და მედიაში. ონლაინ გამოცემა "აბხაზ ავტოში" აფხაზები ტრაპზონიანს აფხაზეთში უძრავი ქონების სომხებსა და რუსებზე გასხვისებაში ადანაშაულებენ და წერენ, რომ ტრაპზონიანმა, "დეპუტატობის" პერიოდში, მთელი გაგრის ხელში ჩაგდება მოახერხა და ახლა ახალ "პარლამენტში" მოხვედრას ცდილობს.
გალუსტ ტრაპზონიანის სახელი 1992-93 წლებში მიმდინარე აფხაზეთის ომს უკავშირდება. ის ხელმძღვანელობდა ბაგრამიანის ბატალიონის სახელით ცნობილ შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქართველი მოსახლეობის მიმართ.
ტრაბზონიანის სახელს ასევე უკავშირდება სომხური ორგანიზაცია "კრუნკის" საქმიანობა აფხაზეთში, რომელიც აფხაზეთში "სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის" შექმნის მოთხოვნით გამოდის.
გასულ წელს, ონლაინ გამოცემა "კავკაზ პლუსში" ორგანიზაცია "კრუნკის" მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი დაიბეჭდა:
"აფხაზეთი პატარა, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა. ჩვენ, სომხები, ამ ქვეყნის ძირძველი მცხოვრებლები ვართ. უძველესი დროიდან სომხური მოსახლეობა აფხაზეთის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
"სომხური მოსახლეობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ ახალი, აფხაზური ფაშიზმის წინაშე აღმოვჩნდით.
"მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა კვლავ განიცდის თავდასხმებს აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან, ქვეყნის მეთაურები მიზანმიმართულად ამცირებენ სომხური მოსახლეობის რიცხვს აფხაზეთის რესპუბლიკაში, არ გვაძლევენ ეკლესიების, სკოლების, თეატრის, კულტურული ცენტრების გახსნის საშუალებას.
"აფხაზეთში სომხები იმიტომ არ იბრძოდნენ, რომ მათი უფლებები შელახულიყო.
"კულტურულ-ეროვნული ავტონომიის შექმნის ძირითადი მიზანია საგარეო და საშინაო ვაჭრობის საკითხებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ხელშეკრულებების დამოუკიდებელი დადება, ენის განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ სომხური მოსახლეობა აფხაზეთში ნაციონალურ უმცირესობას არ წარმოადგენს, ამ ეტაპზე სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნითაც კმაყოფილი იქნება", - ეწერა "კრუნკის" განცხადებაში.
აქვე დაკონკრეტებული იყო, რომ სომხები ავტონომიისთვის გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს ითხოვენ:
"ამ რაიონებიდან ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხური მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს. ამიტომაც მოვითხოვთ შეიქმნას ამ რაიონებში ნაციონალურ-კულტურული ავტონომია. აღნიშნული დოკუმენტი გაგზავნილია აფხაზეთის პარლამენტში სომეხი ეროვნების დეპუტატებისთვის, რომლებმაც ის პარლამენტში უნდა წარადგინონ".
2016 წელს უკრაინელმა ჰაკერებმა, პუტინის მრჩეველის, ვლადისლავ სურკოვის ელექტრონული ფოსტა გატეხეს და მისი მიმოწერა გამოაქვეყნეს. მიმოწერაში ასევე საუბარია აფხაზეთში სომხური ავტონომიის შექმნის შესაძლებლობაზე.
"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე" ზაალ კასრელიშვილი ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში წერს:
"სურკოვის მიმოწერის გამოაშკარავება რუსულ-სომხური სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდა. თუ ოდესმე აფხაზები გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ რუსეთთან ურთიერთობა და გადახედონ თავიანთ პოლიტიკურ ვექტორს, მაშინ უკვე თითქმის უმრავლესობაში მყოფი ეთნიკური სომხები აუჯანყდებიან მათ".
"მთელი კვირა" დაუკავშირდა პოლიტოლოგს, ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს, რომელმაც გალუს ტრაპზონიანის სომხური დიასპორის ხელმძღვანელად დანიშვნა და სომხური ორგანიზაცია "კრუნკის" გააქტიურება რუსულ სპეცსამსახურებს დაუკავშირა.
პოლიტოლოგის განცხადებით, გალუსტ ტრაპზონიანს აქტიური კონტაქტები აქვს რუსეთის დუმაში დსთ-ს ქვეყნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან.
"გალუსტ ტრაპზონიანი არის აფხაზთის ომის ვეტერანი, ბაგრამიანის დაჯგუფების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მას კარგი კონტაქტები აქვს აფხაზეთში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობასთან, კრასნოდარის მხარეში მცხოვრებ სომხებთან, სომხური ეკლესიის იმ ნაწილთან, რომელიც კრასნოდარშია. კარგი კავშირები აქვს ერევანთან. მას აქვს ნაყოფიერი კონტაქტები რუსეთის დუმის დეპუტაციის იმ ნაწილთან, რომლებიც დსთ-ს საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობენ.
"ტრაპზონიანი აფხაზეთის "პარლამენტის" წევრი იყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. არის ქართველების მტერი. ტრაპზონიანის გუნდის ხელშია მცირე ბიზნესის ნაწილი აფხაზეთში. ამ ჯგუფს შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას აფხაზებს. მათ სოხუმში და გაგრაში სერიოზული გავლენები აქვთ. შეუძლიათ ერთგვარი ბლოკირება მოახდინონ აფხაზური პოზიციებისა რუსულ მხარესთან.
"დღეს აფხაზეთში სომხური დიასპორა უფრო დიდია, ვიდრე იყო ომამდე. სოხუმში, მაიაკის რაიონში, სადაც აქამდე პლანტაციები იყო, ახლა კრასნოდარის მხარიდან ჩამოსახლებული სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს.
"რაც შეეხება ორგანიზაცია "კრუნკს", ის შექმნილია სომეხი ბიზნესმენების, ძმების ჩატურიანების მიერ. ისინი აფხაზეთში ცხოვრობდენ, ძალიან მდიდრები იყვნენ, ომის დროს მათი სახლები განადგურდა. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა "კრუნკი", თუმცა 90-იანი წლებიდან მათ აქტიურობა შეაჩერეს და რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.
"როგორც ჩანს, "კრუნკის" ხელეხალი გააქტიურება და ამ ორგანიზაციის რეანიმირება გალუსტ ტრაპზონიანმა მოინდომა, რაშიც მას რუსეთის სპეცსამსახურები ეხმარებიან. ამ ორგანიზაციის მოთხოვნებიდან ჩანს, რომ თუ აფხაზები ჭკვიანად არ იქნებიან, სომხები მაშინათვე გააქტიურებენ საკუთარ მოთხოვნებს ავტონომიის შექმნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.