საერთაშორისო ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ დონალდ ტარამპა ინაუგურაციის დროს, სიტყვით გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკა და ქვეყნები, რომელთანაც ის ითანამშრომლებს ერთხელაც არ ახსენა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპი საქართველოს მიმართაც დიდ ინტერესს არ გამოიჩენს, რადგანაც ის არის მსხვილი ბიზნესმენი და ყველაფერს ეკონომიკის ჭრილში განიხილავს. ამიტომაც პატარა საქართველო ამ კუთხით მისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება.
რუხაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა გაანალიზოს ეს გარემოება და ტრამპს საკუთარი თავი უნდა შესთავაზოს. მან ვაშინგტონს უნდა დაუმტკიცოს, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშეა და მასთან პარტნიორობა აუცილებელია.
გიორგი რუხაძე: ტრამპის სიტყვით გამოსვლას თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მან საგარეო პოლიტიკას საკმაოდ ცოტა დრო დაუთმო. მან მხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოზე" ისაუბრა და სხვა არცერთი ქვეყანა მის მიერ ნახსენები არ ყოფილა.
მან განაცხადა, რომ იმ პარტნიორ ქვეყნებთან და ახალებთანაც, რომელსაც ის შეიძენს, მხოლოდ ერთი მიზნით ითანამშრომლებს - რომ იქიდან მიღებული სიკეთე ამერიკულ ოჯახებს მომხმარდეს.
ეს იყო ერთგვარი სიგნალი, რომ ამერიკა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ნაკლებად აქტიური იქნება. რასაც ვუყურე, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც ყველაფერს ბიზნესის პრიზმიდან უყურებს, ამიტომაც საგარეო პოლიტიკას მაინც ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოსთან მიმართებაშიც ნაკლებად აქტიური იქნება.
"მთელი კვირა": საქართველოს საკითხი ვაშინგტონის დღის წესრიგში რამდენად დარჩება, თავად ჩვენს ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული?
გ.რ.: რა თქმა უნდა. ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენი ხელისუფლების აქტიურობას მიენიჭება. საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში თავი თავადვე უნდა დააბრუნოს.
"მ.კ.": რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ მოექცეს?
გ.ხ.: ჩვენმა ხელისუფლებამ ამისთვის ორი მიმართულებით უნდა იმუშავოს. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის რეგიონში ნამდვილად ლიდერია, დაადგეს რეფორმების გზას და ყველას დაანახოს, რომ ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოა. აჩვენოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთადერთი გამონაკლისია.
მეორე საკითხი კი რუსეთთან ურთიერთობას შეეხება. საქართველომ კრემლთან საკმაოდ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს და პირდაპირ თქვას, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ჩვენი ქვეყნის მიმართულებით რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს რეგიონისთვის საკმაოდ წამგებიანი იქნება.
თუ საქართველომ ამერიკას ახლა თავისი ფასი არ დაანახა, მერწმუნეთ, ტრამპისთვის, რომელიც მსხვილი ბიზნესმენია და ყველაფერს ეკონომიკური კუთხით უყურებს, ჩვენი პატარა ქვეყანა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.
ტრამპი არ მოვა საქართველოსთან, ახლა მასთან ჩვენ უნდა მივიდეთ. მას ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც შესაძლებლობას ისე უნდა შეხედოს და მაშინ, დამიჯერეთ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება.
"მ.კ.": რას იტყვით ტრამპის საკადრო პოლიტიკაზე? როგორ ფიქრობთ, ადამიანები, რომლებიც მან უკვე თანამდებობებზე დანიშნა, რა სახის პოლიტიკას გაატარებენ და რუსეთთან მათი დამოკიდებულება როგორი იქნება?
გ.რ.: საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ორი თანამდებობის პირის ვინაობაა ცნობილი - თავდაცვის მდივანია ჯეიმს მატისი და უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე ჯონ კელი ინიშნება. შესაბამისად, შეფასება მხოლოდ ამ ორი პოსტიდან გამომდინარე შეგვიძლია.
მათი ბიოგრაფია პოლიტიკურ სიმპატიებს პირდაპირ მიანიშნებს. ეს სიმპატიები კი პუტინის და ასადის მხარეს გადახრილი ნამდვილად არ არის. თუმცა, დანიშვნების მეორე სერიას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ სახელმწიფო მდივანი ვინ გახდება.
თუ ეს ტილერსონი იქნება, მაშინ "ქორებისა" და "მტრედების" თანამშრომლობას მივიღებთ. ხოლო საგარეო ვექტორს ვინ რომელ მხარეს გადაწონის, ჩვენი ბედიც ამაზე იქნება დამოკიდებული.
საინტერესო ის არის, რომ ტრამპი კონკურენტებად ჩინეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, იაპონიას და სამხრეთ კორეას მიიჩნევს და არა რუსეთს. მან ამით მსოფლიოს პირდაპირ უთხრა, რომ ამერიკა სხვისი უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ფულს აღარ დახარჯავს. ტრამპი საგარეო პოლიტიკას ფინანსური ღერძიდან გამომდნარე შეხედავს.