გვანცა ღვედაშვილი
23.01.2017

 საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებებისა და სასამართლო რეფორმის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო დღემ, რომელიც 21 იანვარს ჩატარდა, გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების ფონზე ჩაიარა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ექსპერტები და არასმთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები სამუშაო გარემოს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სხდომაზე ყველას ჰქონდა მოსაზრების დაფიქსირების საშუალება.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი თემატური ჯგუფის მუშაობისას წევრებმა პრეამბულის პირველი და მეორე თავები განიხილიეს. მართალია, მათ 18 მუხლი გაარჩიეს, მაგრამ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა დარჩენილი საკითხების განხილვაც მოხდეს.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამიტომ გაურკვევლობა გამოიწვია კომისიის წევრთა ურთიერთსაპირისპირო განცხადებებმა, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას ეხებოდა.

"პატრიოტთაა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: "შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა".

უმრავლესობის წევრმა, სოფიო კილაძემ კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"შესაძლებელია იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია", - განაცხადა კილაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია "პატრიოტთა ალიანსის" წევრის ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით და ამ თემაზე დღეს არ უმსჯელიათ.

"მთელი კვირა" შეეცადა გაერკვია რატომ გავრცელდა მსგავსი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, მით უმეტეს, თუ კომისიის თავჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა.

როგორც კონსტიტუციონალისტმა და კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ გვითხრა, გარკვეული საუბრები იყო და განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა, თუმცა საკითხის ფუნდამენტური განხილვა არ მომხდაა.

"ასე პირდაპირ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ მეათე მუხლის გახილვისას, როცა დედაქალაქზე ვსაუბრობდით, მაშინ გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები.

"კომისიაში არის განსხვავებული შეხედულებები. ზოგი ფიქრობს, რომ ქუთაისში უნდა დარჩეს პარლამენტი, ზოგიერთის აზრით კი თბილისში უნდა გადმოვიდეს. თუმცა საკითხის ფუნდამენტური განხილვა არ მომხდარა და რა თქმა უნდა არც კონკრეტული გადაწყვეტილება მიგვიღია", - გვითხრა მენაბდემ.

კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, საია-ს თაჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა გვითხრა, რომ ჯგუფის კომპეტენციაში აღნიშნული საკითხის განხილვა საერთოდ არ შედის და ამ თემაზე სერიოზული საუბარი არ ყოფილა.

"მთელი დღე შეხვედრაზე ვიყავი და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან პარლამენტის თავს ეს ჯგუფი საერთოდ არ იხილავს. საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ერთადერთი ხუმრობით იყო საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლში წერია, რომ დედაქალაქი არის თბილისი და ვხუმრობდით, რამე ხომ არ ჩავწეროთო, თორემ ამ თემაზე საუბარი აბსოლუტურად არ ყოფილა. ჩვენი ჯგუფის მანდატის არც იყო ეს თემა", - გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებას, მისივე თქმით, დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო, მოხდა აზრთა გაცვლა და დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა, რომელზეც დარჩენილი საკითხების განხილვა მოხდება.

როგოც საია-ს თავჯდომარემ გვითხრა, იყო ინიციატივა, რომ კონსტიტუციის პირველ თავში გაჩნდეს სამი მუხლი, ეს არის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს იდეა, ამასთან მიაჩნით, რომ უნდა გაუმჯობესდეს თანასწორობის საკითხი.

"ვფიქრობ, სამუშაო ფორმატი და იმის სივრცე, რომ ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა, ნამდვილად იყო. პროცესი ნორმალურად წარიმართა. იყო საინტერესო იდეები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ მუშაობა გაგრძელდება და კონსტიტუციაშიც შევა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით ყველა იმ მანდატის განხილვა, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. შეხვდერაზე მოვიცავით 18 მუხლი. ამიტომ შევთანხმდით, რომ დანარჩენ მუხლების განსახილველად კიდევ გვჭირდება შეხვედრა.

"საინტერესო საკითხი იყო ის, რომ კონსტიტუციის პირველ თავში შევიდეს სამი მუხლი, რომელიც დღესაც არის, თუმცა არეულია. ანუ, იყო იდეა, რომ მკაფიოდ ჩავეწერა სამი პრინციპი, რომელიც მუხლებში გაიწერებოდა. ეს არის დემოკრატიული, სამართლიანი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები.

"ჩვენ ასევე გვქონდა ინიციატივა, რომ თანასწორობის უფლება, რომელიც მე-14 მუხლით არის დღეს განსაზღვრული, კიდევ უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯად გადაიქცეს და ფორმალური თანასწორობიდან რეალურ თანასწორობაზე გადავიდეთ. ჩვენ, გვინდა, რომ კონსტიტუცია მხოლოდ ფორმალურად კი არ იცავდეს ყველა ადამიანს, არამედ რეალურად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა დანიშნულია 23 იანვარს. საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 27 იანვარს გაიმართება, ხოლო 28 იანვარს - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×